ნატალია დემბინსკაია
უკრაინაში „სამხედრო აგრესიის“ მოლოდინში დასავლეთი „ჯოჯოხეთურ სანქციებს“ ამზადებს. თუმცა ისინი ბებერ კონტინენტს ძვირად დაუჯდება. დაზარალდება მრეწველობა, ვაჭრობა, ბანკები. ენერგეტიკოსები პოლიტიკოსებს ვნებების ჩაცხრობას ურჩევენ: რუსული გაზის ალტერნატივა კვლავაც არ ჩანს, მიუხედავად მისი ჩანაცვლების ყველა მცდელობისა. რატომაა ევროპა ასე დამოკიდებული რუსეთზე და შეუძლია თუ არა ევროკავშირს ესოდენ სახიფათო პოლიტიკური თამაშის უფლება მისცეს თავს? ამის გარკვევას „რია ნოვოსტი“ შეეცადა.
დაბალი სტარტი
ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან მოსკოვის მისამართით ყველაზე მკაცრი მუქარები ისმის: ბანკთაშორისი საკავშირო გლობალური სისტემა SWIFT-დან გამოძევება, უმსხვილესი საკრედიტო ორგანიზაციებისთვის ფინანსურ ბაზრებზე წვდომის ჩაკეტვა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სახსრებზე მორატორიუმის გამოცხადება. დიდმა ბრიტანეთმა უკვე საკანონმდებლო ნიადაგი მოამზადა – დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში ლონდონი ნებისმიერ პერსონასა და კომპანიას შეზღუდვებს დაუწესებს.
თუმცა დასავლელი ეკონომისტები პოლიტიკოსებს აფრთხილებენ: ევროპელები, როგორც ჩანს, ვერ აფასებენ, რით შეიძლება დასრულდეს ეს ევროკავშირისთვის. მოსკოვს საკმაოდ ძლიერი კოზირები აქვს, აღნიშნავს Financial Times. და თუ საჭირო გახდა, მას გაათამაშებს. მაგალითად, შეამცირებს გაზის მოწოდებას.
დიდ ბრიტანეთში საწვავის ნახევარზე მეტი ნორვეგიიდან, კატარიდან და რუსეთიდანაა იმპორტირებული. Financial Times-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 70%-მდე გაიზრდება, 2040 წლისთვის კი – 80%-მდე. 2050 წელს კი ჩრდილოეთის ზღვაში საკუთარი მოპოვება მხოლოდ შიდა მოთხოვნილების 15%-ს დააკმაყოფილებს.
მთავარი კითხვაა – რა სანქციების დაწესების უფლება შეიძლება მისცეს თავს ევროპამ. ენერგეტიკის სფეროში დამოკიდებულება უზარმაზარია: ბუნებრივი აირის 46% რუსეთიდან შედის. ვაჭრობასა და საგარეო ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის სფეროში მომუშავე საერთაშორისო კომპანია COFACE-ის მონაცემებით, სწორედ ამ მიზეზით ძნელად თუ ჩაითვლება ევროკავშირის შეზღუდვები „იარაღად“.
იგივე ითქმის ნავთობზეც. როგორც COFACE უთითებს, ნაკადის ნებისმიერი შეზღუდვა გამოიწვევს მის გადინებას სხვა მიმართულებით (დიდი ალბათობით, ჩინეთში). ეს, თავის მხრივ, ფასებზეც იმოქმედებს და ნეგატიურად აისახება სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე. შეფერხება შეიძლება წარმოიქმნას უკრაინის მილსადენებში, რომლებიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ამარაგებენ: „დრუჟბა-სამხრეთი“ და „ოდესა-ბროდი“.
ყველა ფრონტზე
საქმე მხოლოდ ენერგეტიკას არ ეხება. რუსეთი ასევე ალუმინისა და სპილენძის უმსხვილესი მწარმოებელია.
ნედლეულის კრიზისთან ერთად, მსოფლიო უკვე მოიცვა სამრეწველო ლითონის დეფიციტმა. ლონდონის ბირჟაზე კონტრაქტები უკვე ძვირდება. ტრეიდერები მზად არიან დიდი პრემიები გადაიხადონ საქონლის სწრაფად მისაღებად.
„სიტუაცია ახლა ექსტრემალურია, უპრეცედენტოა, – ამბობს Goldman Sachs-ის ანალიტიკოსი ნიკოლას სნოუდონი, – შეთავაზება მოთხოვნილების ზრდაზე არ რეაგირებს“.
ეს ბოლო ორი წლის ლოგისტიკური ხარვეზებისა და კოვიდის „ლოკდაუნების“ შედეგია.
სპილენძის მარაგი მთავარ სასაქონლო ბირჟებზე უმნიშვნელოდ აღემატება 400.000 ტონას, რაც ერთი კვირისთვისაც არ არის საკმარისი. ალუმინის მარაგიც იწურება: ევროპისა და ჩინეთის მეტალურგიული ქარხნები წარმოებას ენერგომატარებლებზე ხარჯის სწრაფი ზრდის გამო ამცირებენ.
კომპანია „რუსალის“ პროგნოზით, ალუმინის დეფიციტმა 2022 წელს შესაძლოა 1,6–1,7 მილიონი ტონა შეადგინოს. როგორც COFACE-ში აცხადებენ, მომავალში შემოთავაზების შემცირება სავსებით მოსალოდნელია.
გარდა ამისა, რუსეთიდან ევროპაში შედის 40%-მდე პალადიუმი, რომელიც მანქანათმშენებლობისთვისაა აუცილებელი, და ტიტანის მესამედი, რომელიც აეროკოსმოსურ მრეწველობაში გამოიყენება. მაგალითად, ამ ლითონს იყენებენ Airbus და Boeing. როგორც Financial Times აზუსტებს, ახალი სანქციების შემთხვევაში ევროპის ეკონომიკას კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს რუსეთში ნავთობის გიგანტების BP, Total და Shell ერთობლივი საწარმოების რღვევა.
კარგს არაფერს მოიტანს მოსკოვის ჩამოშორება საგადასახადო სისტემებისგან ან დოლარზე მისთვის წვდომის შეზღუდვა. დაზარალდებიან ევროპელი კონტრაგენტები ევროპაში. რუსეთი კი ევროკავშირისთვის სიდიდით მეხუთე საექსპორტო ბაზარია.
და, ბოლოს, FT-ის მონაცემებით, თუ რუსული იურიდიული პირების ანგარიშებზე დიდი თანხები გაიყინება, დაზარალდებიან ბანკები. რუსეთის კორპორაციული ვალი ევროკავშირის საკრედიტო ორგანიზაციების წინაშე დაახლოებით 60 მილიარდი დოლარია.
ამგვარად, გამოცემის აზრით, ევროკავშირი უფრო ცუდადაა მომზადებული ნებისმიერი შეზღუდვისთვის, ვიდრე მოსკოვი, რომელიც აქტიურად ატარებს ზომებს დასავლეთის მხრიდან არამეგობრული ნაბიჯების შემთხვევაში ზარალის შესამცირებლად.
ამასობაში აშშ ევროკავშირს რეკორდულად დიდი ოდენობით თხევად აირს აწვდის. გარდა ამისა, ვაშინგტონი ცდილობს დაარწმუნოს სხვა ქვეყნები, ევროპელებს „გაზით დაეხმარონ“. როგორც რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირის დიპლომატიის მეთაურმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, საჭიროა მარშრუტებისა და იმპორტის წყაროების დივერსიფიცირება. ამიტომ ბრიუსელი მოლაპარაკებებს მართავს კატართან, აზერბაიჯანთან, ალჟირთან.
პოტენციურ „დამხმარეთა“ სიაში მეტად ეგზოტიკური მიმწოდებლებიც აღმოჩნდნენ. მაგალითად, რუსეთის უკრაინაში „შეჭრის“ შემდეგ ევროპის მომარაგების სურვილი იაპონიამ გამოთქვა. ამასთან, იაპონელებს არასდროს გაუტანიათ ექსპორტით თხევადი აირი. პირიქით, მისი იმპორტის მაჩვენებლით ლიდერობენ. ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა მეგობრული ჟესტი ამერიკელების მიმართ, რომლებიც ევროპელებისთვის ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ. განუმარტა „რია ნოვოსტის“ ეკონომისტმა მამდუხ სალამემ.
„მწარე სიმართლე ისაა, რომ ევროპაში რუსული გაზის შემცვლელი არ არსებობს“, – დარწმუნებულია BCS Global Markets-ის ანალიტიკოსი ნავთობისა და გაზის საკითხებში რონალდ სმიტი. Capital Economics-ის მთავარი ეკონომისტის ენდრიუ კენინგემის შეფასებით, რუსეთ–უკრაინის კონფლიქტის შემთხვევაში გაზი მალევე მიაღწევს დეკემბრის მაჩვენებელს.
არის მეორე პრობლემაც: ევროპაში თხევადი აირის ინფრასტრუქტურის სიმწირეა. მის აშენებას დიდი დრო და ბევრი ფული სჭირდება, თხევადი გაზი კი ადრე არ განიხილებოდა მილსადენის ალტერნატივად. და ამას არაფერი ეშველება, ამბობს ფრანგული Total Energies-ის ხელმძღვანელი პატრიკ პუანე. მისი თქმით, ახლა გაზი მხოლოდ რუსეთის წყალობითაა საკმარისი.
თვით ამერიკელებიც აღიარებენ, რომ ეს კოლექტიური ძალისხმევა უსარგებლოა. ჯერ კიდევ 2017 წელს ენერგორესურსების 2050 წლამდე გაანალიზებისას აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროში დარწმუნდნენ, რომ უახლოეს 20 წელიწადში ევროპა რუსული ნედლეულის გარეშე შორს ვერ წავა.
ამგვარად, ევროპას მოუწევს მოსკოვთან დიალოგის გამართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ცენტრ Bruegel-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მოსალოდნელია ახალი კრიზისი, რომლიდან გამოსვლასაც „რთული და ძვირადღირებული გადაწყვეტილებები“ დასჭირდება.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე