თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის ინიცირებას და განხილვას მიუღებლად მიიჩნევს, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის განცხადებაში.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ბაზაზე ორი უწყების – სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის შექმნას.
„ჩემთვის, როგორც ქალი პრეზიდენტისთვის, ასევე მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქალი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას მიმართ მსგავსი მოპყრობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ზურაბიშვილის განცხადებით, დაუშვებელია უწყების გაუქმება იმ დროს, როდესაც სამსახურის ქალი ხელმძღვანელი დეკრეტულ შვებულებაში იმყოფება, და ასევე ასზე მეტი ადამიანის სამსახურის გარეშე დატოვება.
„მიუღებელია, უწყების ხელმძღვანელმა საკუთარი სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიიდან შეიტყოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ინიცირებული ცვლილების განხორციელება გამოიწვევს არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის ქალი ხელმძღვანელის, არამედ 100 -ზე მეტი ადამიანის სამსახურის გარეშე დატოვებას. მიმაჩნია, რომ არ არსებობს ამ ცვლილების დაჩქარებული წესით განხორციელების აუცილებლობა“, – აცხადებს ზურაბიშვილი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება იმ მომენტში, როდესაც საზოგადოება იმყოფება პოლარიზაციის მდგომარეობაში, იწვევს ბუნდოვანებას და აჩენს კითხვებს, რაც დამაზიანებელია დეპოლარიზაციის პროცესისათვის.
პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია მოიძებნოს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.
„გთავაზობთ, შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და ყველას მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი არგუმენტები. ინსპექტორს კი, მიეცეს საშუალება პარლამენტს გააცნოს უკვე წარდგენილი ანგარიში საკუთარი საქმიანობის შესახებ“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ასევე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ უწყებაში დასაქმებული 114-ვე თანამშრომელს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდეს, ხაზგასმით აღნიშნა ზურაბიშვილმა.
სახელმწიფო ინსპექტორისთვის ლონდა თოლორაიასთვის, „ქართული ოცნების“ ინიციატივა მოულოდნელი აღმოჩნდა და არაერთი კითხვა გააჩინა. სამსახურის თანამშრომლებმა გაუქმების შესახებ საინფორმაციო საშუალებებისგან შეიტყვეს. თოლორაიამ პარლამენტს პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდა. მას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და მის თანამშრომლებს სჯიან „დამოუკიდებლობისა და კანონმორჩილებისთვის“.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საუბარია არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, არამედ მის რეფორმაზე – ერთი სამსახური ორით შეიცვლება, საგამოძიებო სამმართველოს უფლებამოსილება კი გაფართოვდება.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა ხელისუფლებას მოუწოდა, გაიწვიოს ინიციატივა და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა.