თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციურმა ფრაქციამ „თბილისი საქართველოსთვის“ თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე გამოიძახა. მიზეზი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა გიორგი შარაშიძემ განუცხადა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ 2022 წლის 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება. ამასთან, ერთჯერადად მგზავრობა 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი გახდება, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში შენარჩუნდება უფასოდ მგზავრობის უფლება სხვა ტრანსპორტზე გადაჯდომის შემთხვევაში.
„ეს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენს მოქალაქეებს იმ ფონზე, როდესაც პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს და მთავრობა ვერ ახერხებს დაუპირისპიროს მას ქმედითი და თანმიმდევრული ზომები. ასევე იმ ფონზე, როდესაც არის რეკორდულად გაზრდილი ინფლაცია და ჩვენი მოქალაქეები ფაქტობრივად ყოველდღიურად იბრძვიან გადარჩენისთვის და ოჯახის შენახვისთვის“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
მისი თქმით, კალაძე საკრებულოს უახლოეს სხდომაზე უნდა გამოცხადდეს და განმარტოს, ტრანსპორტზე ტარიფები მართლა იზრდება თუ არა.
დეპუტატები ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან მოუწოდებენ მერიას, შეაჩეროს სააბონემენტო სისტემის ამოქმედება, სანამ ამასთან დაკავშირებით ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი.
„ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს სატრანსპორტო რეფორმისა, კონკრეტულად, თუნდაც საბარათე სისტემისა, რომელიც გულისხმობს შეღავათებს ხანგრძლივ და მრავალჯერად მგზავრობაზე, თუმცა წინააღმდეგი ვიქნებით თუნდაც იმ მოქალაქეებისთვის მგზავრობის ტარიფის გაძვირებაზე, რომლებიც დღეში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, – განაცხადა შარაშიძემ.
მერიის ახალი ინიციატივა ნეგატიურად მხოლოდ გახარიას პარტიას არ მიუღია. საპროტესტო აქცია უკვე გამართა პარტიამ „ხალხისთვის“, ხოლო შაბათს აქციის ჩასატარებლად რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და „ლეიბორისტული პარტია“ ემზადებიან.
თბილისელებს 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის აბონემენტების შეძენას სთავაზობენ. კერძოდ, ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი – 3 ლარი; 1-კვირიანი – 20 ლარი; 1-თვიანი – 40 ლარი; 3-თვიანი – 100 ლარი; 6-თვიანი – 150 ლარი; 1-წლიანი – 250 ლარი.