მოსაზრება: ევროპა განწირულია, რომ რუსეთს ფული უხადოს

Sputnik
სერგეი სავჩუკი
გაჭიანურებული ენერგეტიკული და ფინანსური კრიზისი, რომელმაც პლანეტა მოიცვა, ლოგიკურად გადავიდა შემდგომ ეტაპზე, როდესაც საკმარისი რესურსების მქონე სახელმწიფოები მსოფლიო რუკის გადაკეთებას იწყებენ. რაც სახასიათოა, ტანკებისა და საბრძოლო ავიაციის გამოყენების გარეშე.
აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) მონაცემებით, შეერთებული შტატები უკვე მომავალი წლის დასაწყისში გახდება თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) წამყვანი ექსპორტიორი მსოფლიოში, გადაუსწრებს რა ავსტრალიასა და კატარს.
ეს მოვლენა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე, მაგალითად, ჰიპერბგერითი რაკეტისა და ახალი თაობის ბირთვული წყალქვეშა ნავის შეიარაღებაში მიღება — და, აი, რატომ.
დასავლეთს ჩრდილოეთისკენ სვლა სურს, მაგრამ იქ ადგილი უკვე დაკავებულია
დეკემბრის შუა რიცხვებიდან ენერგომატარებლების ფასებმა რეკორდების დამყარება შეწყვიტა, თუმცა ისტორიული კვარცხლბეკიდან დაშვებას მაინც არ ჩქარობს. ევროპაში ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის სპოტური (ადგილზე დაკონტრაქტებით) ღირებულება დაახლოებით 1400 დოლარზე შეჩერდა, კონკრეტულად გერმანიაში კი ერთი მეგავატ/საათის ელექტროენერგიის ღირებულებამ 200 ევროს გადააჭარბა.
თითქოს შეუძლებელია არსებობდეს უფრო მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ რუსული კომპანიების მიერ სტანდარტულად შეთავაზებული ენერგორესურსების მიწოდების გრძელვადიანი კონტრაქტები სარგებლიანია. მაგრამ არა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ენერგეტიკოსები და პოლიტიკოსები განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობენ, რომლებიც არ იკვეთებიან. ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია უახლოეს მომავალში აკრძალავს გრძელვადიანი კონტრაქტების დადებას, უფრო სწორედ, ქვეყნებსა და სახელმწიფო კომპანიებს ეტაპობრივად აიძულებენ, უარი თქვან ამგვარ ფულად-სასაქონლო ურთიერთობებზე, რათა ისინი მთლიანად დასრულდეს 2049 წლისთვის.
მოსაზრება: შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან ევროპისთვის ბრძოლა წააგო
ბრიუსელი არც მალავს, რომ ეს რუსეთისთვის ზიანის მიყენების მიზნით კეთდება, რომელიც, 2020 წლის ბოლო მონაცემებით, ევროპას მოხმარებული ბუნებრივი აირის მესამედს აწვდის. მასობრივი სპოტური კონტრაქტების იდეა თავდაპირველად ფართო საზოგადოებას წარუდგინეს, როგორც ბიუჯეტის ხარჯების შემცირების ინსტრუმენტი, რადგან თანამედროვე ბაზრის თეორია ირწმუნება, რომ ერთჯერადი კონტრაქტები არ იძლევა მონოპოლიების (ჩათვალეთ, რუსული) ფორმირების საშუალებას და ყოველთვის იწვევს ფასების შემცირებას. გასულმა წელმა აჩვენა, რომ არცერთი წესი არ შეიძლება ჩაითვალოს აქსიომად, მაგრამ ბრიუსელის რუსოფობიის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო.
ასეთი მოვლენები გვერდიდან ყოველთვის სპონტანურად გვეჩვენება, მაგრამ ეს ასე არ არის. ბაზრის მოთამაშეები დიდი ხანია ადევნებდნენ თვალს ამ უაღრესად პოლიტიკური და ეკონომიკურად აბსურდული სქემის დაბადებას. და საკუთარ გეგმებს ახალი, თავდაპირველად შეუმჩნეველი ტენდენციების გაგებაზე აგებდნენ.
მიმოხილვა: „შავი ბოროტება“ ევროპაში რეკორდებს ხსნის
ამერიკელებს მისაგებელი უნდა მივაგოთ. შტატებმა, რომელსაც ავღანეთიდან გაქცევის შემდეგ, გულწრფელად რომ ვთქვათ, სამხედრო საქმეები არც ისე კარგად მისდის, სწორად დაიჭირა, საიდან უბერავდა გლობალური ფინანსური ქარი. გეოპოლიტიკურიც, რა თქმა უნდა — ბოლოს და ბოლოს, მსოფლიო ასპარეზზე წონა მხოლოდ მას აქვს, ვისაც საკმარისი რესურსები გააჩნია. აშშ ჯერ კიდევ 2020 წელს შევიდა თხევადი გაზის მსოფლიო ექსპორტიორთა სამეულში. დღეს მას მხოლოდ ავსტრალია და კატარი უსწრებენ, რომლებმაც მიმდინარე წლის დასაწყისიდან საზღვარგარეთ, შესაბამისად, 75,8 და 73,4 მილიონი ტონა თხევადი გაზი გაყიდეს. ამერიკელებისთვის ეს მაჩვენებელი 66,5 მილიონი ტონა, ანუ 91 მილიარდი კუბური მეტრი იყო, რაც ცოტა არ არის. უფრო მეტიც, უახლოეს თვეებში შეერთებული შტატები ყველა კონკურენტის შევიწროებას აპირებს.
ლუიზიანაში უკვე ამოქმედდა თხევადი გაზის მწარმოებელი Sabine Pass-ის მეექვსე ხაზი, რომლის სიმძლავრეც 5,2 მილიონი ტონაა. კიდევ მეტიც: ენერგეტიკის მარეგულირებელმა ფედერალურმა კომისიამ (FERC) ცოტა ხნის წინ წარმოების ზრდა დაუმტკიცა ტეხასის ქარხანა Corpus Christi-ს. გეგმებშია 2024 წელს სრულიად ახალი, ჰორიზონტალური გაშვების Golden Pass-ის მშენებლობაც.
მოსაზრება: „პაკისტანური ნაკადი“ – რუსეთი სამხრეთისკენ მიიწევს
როგორც ვხედავთ, ვაშინგტონი ამ საკითხს მაქსიმალური გაქანებითა და გულმოდგინებით მიუდგა. დამატებით სიახლედ ასევე შეიძლება აღინიშნოს უცხოეთში ახალი ენერგეტიკული საწარმოების მშენებლობაში ამერიკული სახსრების ინვესტირების პირდაპირი აკრძალვა, რომელსაც ახლახანს მოაწერა ხელი ჯო ბაიდენმა. საუბარია ვითომ გარემოს დაცვაზე, ქვანახშირის მოხმარების შემცირებასა და „ნახშირბადის ინტენსიური ინდუსტრიების“ გაუქმებაზე.
თუმცა, ის რატომღაც არ კრძალავს ინვესტიციებს რეგაზიფიკაციის ტერმინალებში თხევადი გაზის მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ეკოლოგი გეტყვით, რომ თხევადი აირის ტრანსპორტირებისა და ტრანსფორმაციის დროს მეთანის გაჟონვა ხდება, რაც ათჯერ უფრო საზიანოა ატმოსფეროსთვის, ვიდრე ჩვეულებრივი ნახშირორჟანგი.
ჯერჯერობით უცნობია, რას ფიქრობენ ამაზე ავსტრალია და კატარი, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ბაზარზე თავის წილებსა და მოგებას არავინ დათმობს.
გლობალური კონიუნქტურის ცვლილება სხვებმაც გააცნობიერეს. მაგალითად, მსოფლიო დონის მოთამაშის კოსტიუმის მორგებას ეგვიპტეც ცდილობს.
მოსაზრება: პოლონეთს კალინინგრადი სჭირდება – კონფლიქტი უკვე დაიწყო
ბოლო დრომდე მისი თხევადი გაზის პროექტები ამუხრუჭებდა — თავიდან ახლო აღმოსავლეთში „არაბული გაზაფხულის“, შემდეგ კი თურქეთთან დაპირისპირების გამო. თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ეგვიპტურმა კომპანია EGAS LNG-მა წლის ბოლომდე ყველა სატენდერო გარიგება დახურა, ანუ მთელი ეგვიპტური თხევადი გაზი გაყიდულია.
ნახშირწყალბადებით უმდიდრეს რეგიონში ენერგეტიკული კრიზისი შეიმჩნევა, თანაც იმდენად ძლიერი, რომ ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად სთხოვა ეგვიპტის პრეზიდენტს გაზის დამატებით მიწოდება, რადგან ქვეყანაში ტოტალური ენერგოდეფიციტი შეინიშნება.
კაირომ კარგად გააცნობიერა ის სარგებელი, რაც ექსპორტიორის სტატუსს მოაქვს და ამ მიზნის მისაღწევად უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა. წარმოების გასაზრდელად ეგვიპტემ ისრაელიდან გაზის ყიდვა დაიწყო — კერძოდ, აშენდა გაზსადენი ისრაელის პორტ აშკელონიდან ეგვიპტურ ელ-არიშამდე.
ეგვიპტელებს ისე გაეხსნათ მადა, რომ პირდაპირ ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ კვიპროსთან კიდევ ერთი მაგისტრალის მშენებლობაზე, რომლითაც ბუნებრივი აირი ეგვიპტის გათხევადების ტერმინალებამდე მივა. თუმცა გასაკვირი არაფერია — მოთხოვნა და მაღალი ფასები შეთავაზებებს წარმოშობს.
მიმოხილვა: რუსეთი ამერიკულ ნავთობბაზრებს იპყრობს
და რაო, რუსეთმა? ნუთუ ისევ ყველაფერი გამოგვრჩა?
სულაც არა. სულ ახლახან კომპანია „ნოვატეკმა“ უცხოელ ინვესტორებთან 20 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ერთობლივი პროექტი Arctic LNG-2 ბუნებრივი გაზის გამათხევადებელი ქარხნის აშენებას გულისხმობს, რომელიც სალმანოვსკოესა და შტორმოვოეს საბადოებიდან იქნება მიწოდებული. ქარხნის საერთო სიმძლავრე 19,5 მილიონი ტონა იქნება, ანუ 27 მილიარდი კუბური მეტრი. სამივე საწარმოო ხაზი 2025 წლისთვის ამოქმედდება და იამალზე წარმოებული თხევადი გაზის რაოდენობას გააორმაგებს.
ჩვენი დღევანდელი საუბრის დასაწყისს რომ დავუბრუნდეთ, აღვნიშნავთ, რომ შეერთებული შტატები, ისევე, როგორც ავსტრალია და კატარი, თავის მთავარ ბაზრად აზიას განიხილავენ, რომელიც ტრადიციულად სწრაფად იზრდება ინდუსტრიული და დემოგრაფიული თვალსაზრისით. რუსეთი კი ავტომატურად იღებს ევროპას, რომელიც ჯიუტად მოითხოვს სპოტურ კონტრაქტებზე გადასვლას და ამიტომ იძულებული იქნება დაგეგმილზე მეტი გადაუხადოს იმავე რუსებს. უბრალოდ იმიტომ, რომ არავინ გეგმავს სხვა თხევადი გაზის მასობრივ შეტანას ბებერ კონტინენტზე.
გაზი და ისრაელი: როგორ იპოვა ევროპამ რუსეთის კიდევ ერთი ჩამნაცვლებელი
ამის დასტურად ახალი ფაქტის მოყვანა შეიძლება. ამ დღეებში კლაიპედის პორტში გაზის გადამზიდავი Coral Fungia შევიდა, რომელმაც ლიეტუვას ერთ კვირაში რუსული საწვავის მეორე პარტია მიაწოდა. სწორედ იმ ლიეტუვას, რომელსაც მისი ორი ბალტიისპირელი მეზობელი პირდაპირ ახლა აიძულებენ, განაახლოს ელექტროენერგიის ტრანზიტი რუსეთიდან და ბელარუსიდან.
ევროპა უბრალოდ განწირულია რუსეთთან თანამშრომლობისთვის — და, არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ეს მომგებიანი იქნება მინიმუმ ერთი მხარისთვის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს