რა ბედი ეწევა საპენსიო დანაზოგს?

მომავალი წლიდან პენსიები იზრდება. რამდენი პირი გაწევრიანდა დაგროვებით საპენსიო სისტემაში, რა მოცულობის თანხაა აკუმულირებული საპენსიო სააგენტოში, როგორია უწყების მომგებიანობა და რა საფრთხეს უქმნის ორნიშნა ინფლაცია საპენსიო ნამატსა თუ დანაზოგს?
Sputnik
დღეს პარლამენტში დეპუტატები საშემოდგომო სესიის მორიგ პლენარულ სხდომაზე შეიკრიბებიან და მომავალი წლის ბიუჯეტზე იმსჯელებენ. საპარლამენტო კომიტეტებში გამართული განხილვების შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლის მთავარი საფინანსო-პოლიტიკური დოკუმენტის დამტკიცებას წინ არაფერი დაუდგება და ქვეყანა ახალ წელს ახალი ბიუჯეტით შეხვდება.
რა მოგება ნახა საპენსიო ფონდმა – ცხრა თვის მონაცემები
რამდენის დახარჯვას აპირებს მთავრობა, როგორია ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრები, შემოსავლები, ხარჯები, ცალკეულ სამინისტროთა თუ უწყებათა ასიგნებები, რა საპროცენტო ნიშნულამდე ვარაუდობს ხელისუფლება მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდასა და ინფლაციის შემცირებას, რას გეგმავს ის საგარეო ვალთან მიმართებაში? – ამ კითხვებზე უახლოეს მომავალში გიპასუხებთ.
მანამდე კი დაახლოებით 800 ათასი ჩვენი თანამოქალაქის, ასაკით პენსიონერთა საყურადღებოდ კიდევ ერთხელ თამამად ვიტყვი, რომ მომავალი წლიდან ასაკობრივი პენსია იზრდება. საპენსიო უზრუნველყოფისთვის 285 მილიონი ლარით მეტი, 2,885 მილიარდი ლარი დაიხარჯება. დარწმუნებული ვარ, პენსიონერთა უმრავლესობამ კონკრეტული ციფრებიც იცის. მატება ორი ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით 20 ან 25 ლარია. კერძოდ, 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 20 ლარით, 260 ლარამდე, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 25 ლარით, 300 ლარამდე გაიზრდება. ასეთივე პროპორციით მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წლამდე ასაკის პირთათვის პენსიის მოცულობა 20 ლარით მოიმატებს და 312 ლარი, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის კი 25 ლარით გაიზრდება და 360 ლარი გახდება. ერთი სიტყვით, მათ, ვინც 70 წელს გადააბიჯეს, ბევრით არა, მაგრამ, ფაქტია, გაუმართლათ... „დაცინვას კაცი არ მოუკლავს“ − ბრძანებს პენსიონერი და თანაც მკაცრი ტონით. თავად განსაჯეთ, სახელმწიფო პენსია, მართალია, იზრდება, მაგრამ თანხა არათუ მეტ-ნაკლებად ღირსეული ცხოვრებისთვის, არამედ არსებობისთვისაც არ არის საკმარისი.
ვინ დაარიგებს გაისად პენსიას და რამდენი იქნება საპენსიო სესხის პროცენტი?
ანალიტიკოსთა შეფასებით, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილის, პენსიონერთა ყოფას მძიმე ტვირთად აწვება სურსათზე, პირველადი მოთხოვნის საგნებსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდა. ორნიშნა ინფლაცია მნიშვნელოვნად ამცირებს პენსიის მსყიდველუნარიანობას.
,,ინფლაცია სისტემურია, პენსიები კი პერიოდულად იზრდება. შესაბამისად, ინფლაცია „ჭამს“ საპენსიო ნამატს. ამიტომაც მთავრობის ამოცანაა, ერთი მხრივ, შეამციროს ინფლაციის მაჩვენებელი და, მეორე მხრივ, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში იზრუნოს ასაკოვან პირთა სოციალურ დაცვაზე, აამოქმედოს დამატებითი ბერკეტები, რაც შეამსუბუქებს ფასების ზრდით გამოწვეულ წნეხს. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მედიკამენტებზე ფასების შემცირების მიმართულებით. ასეა თუ ისე, ფაქტია, მომავალი წლიდან პენსია მხოლოდ 7-8 პროცენტით იზრდება. შესაბამისად, თუ ინფლაცია უფრო მაღალი იქნება, ის ამ ნამატს მთლიანად „შეჭამს“, ხოლო თუ ნაკლები − პენსიონერების მდგომარეობა არ გაუარესდება“, – აცხადებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე.
დაგროვებითი საპენსიო სისტემის წარმატებები და დანაკარგები საქართველოში: უახლესი მონაცემები
დავესესხები ბატონ სოსოს და მივანიშნებ, რომ ინფლაცია საპენსიო ფონდის დანაზოგების ნამატსაც წარმატებით „შეჭამს“. საშუალო- და გრძელვადიან პერიოდში საპენსიო დანაზოგების მსყიდველუნარიანობის ხარისხზე ინფლაციის შესაძლო ნეგატიურ გავლენას ფინანსისტები ჯერ კიდევ დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედებამდე ვარაუდობდნენ. უკვე დღეს ანალიტიკურ წრეებში აცხადებენ, რომ საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხის მოცულობა პოზიტიურ ნიშნულზეა და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ეს საპენსიო დანაზოგებს ეკონომიკურად საინტერესოს და მომხიბლავს გახდის. დროთა განმავლობაში დაგროვებით საპენსიო სისტემაში უკვე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქე გაწევრიანდება. თუ ამის პარალელურად ეკონომიკაც გაძლიერდება, დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ ასაკოვანი მოქალაქეები შეძლებენ პენსიის დონით კეთილდღეობას მეტ-ნაკლებად მიაღწიონ. თუმცა, მათივე შეფასებით, ქვეყანას დიდი დრო დასჭირდება, რომ საპენსიო უზრუნველყოფით საშუალო ევროპულ სახელმწიფოს დაეწიოს.
ერთი სიტყვით, ანალიტიკოსთა შეფასებით, საპენსიო ფონდი საპენსიო დანაზოგების მოცულობის გაზრდის რეალურ შესაძლებლობას იძლევა. საინტერესოა, რა ვითარებაა საპენსიო სააგენტოში? ამ ცოტა ხნის წინ დეპუტატებმა ამ უწყების მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის ანგარიში მოისმინეს. საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში საანგარიშო პერიოდში დამატებით 5 ათასზე მეტი დამსაქმებელი და 60 ათასზე მეტი დასაქმებული გაწევრიანდა. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა რაოდენობამ ჯამურად უკვე 1,2 მილიონს მიაღწია. როგორც საპენსიო სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, ფონდის მომგებიანობა, დაგროვებით საპენსიო სქემაზე გადასვლიდან მოყოლებული დღემდე, ინფლაციურ ფონზე 6,3 პროცენტით მაღალია.
ვინ განახორციელებს საპენსიო სააგენტოს აუდიტს: პარლამენტმა კომპანია შეარჩია
„დღეს საპენსიო აქტივები 1,9 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან 11,4 პროცენტი წლიური მიმდინარე მომგებიანობაა. იმ დღიდან, რაც საპენსიო ფონდი არსებობს, 2019 წლის 1 იანვრიდან ფონდის მომგებიანობა 29,9 პროცენტია. ამავე პერიოდში კი ინფლაცია 23,7 პროცენტია, ხოლო ლარის დევალვაცია – 16,5 პროცენტი. ასე რომ, საპენსიო სააგენტოს მომგებიანობა ინფლაციურ ფონზე საკმაოდ მაღალია. ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკის მიზანია, დავამარცხოთ ინფლაცია საინვესტიციო პერიოდის განმავლობაში. ბუნებრივია, ინფლაცია მაღალია და, შესაძლოა, წლის ბოლოსთვის კიდევ უფრო მაღალი იყოს, თუმცა ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მომავალი წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია კლებას დაიწყებს“, − განაცხადა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის უფროსმა ოფიცერმა გოგა მელიქიძემ. მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობა უწყებას უფლებას აძლევს მთლიანი დანაზოგების დაახლოებით 20 პროცენტი უცხოურ ფასიან ქაღალდებში განათავსოს და უწყება ამ ლიმიტის ათვისებას უმოკლეს პერიოდში შეეცდება. მანვე აღნიშნა, რომ ინტენსიურად განიხილება პირველად ბაზარზე კაპიტალიზაციის ყველა არსებული ინსტრუმენტი.
საქართველოს საპენსიო ფონდმა მაღალი მომგებიანობა აჩვენა
ერთი სიტყვით, საპენსიო სააგენტოს მომგებიანობის მაჩვენებელი ჯერჯერობით წლიური ინფლაციის ნიშნულზე მაღალია. ამ მოცემულობის მიუხედავად, ექსპერტ-ანალიტიკოსებისა და მთავრობის წარმომადგენელთა შეფასებით, ორნიშნა ინფლაციის პირობებში საპენსიო ფონდის დანაზოგების მსყიდველუნარიანობის შემცირების რეალური საფრთხე არსებობს. რაც შეეხება დაგროვებით საპენსიო სააგენტოს, როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებიდან ჯერ მცირე დროა გასული და სისტემის სოციალურ თუ მაკროეკონომიკურ ეფექტს მოსახლეობა მოგვიანებით იგრძნობს. მაინც როდიდან? − ჩამეძიება მკითხველი და, რა გაეწყობა, მოკლედ და მარტივად ვუპასუხებ რეპლიკას: დრო გვიჩვენებს. მთავარია, იმ დრომდე პენსიონერთა ახალ თაობას სული მიგვყვეს...
სამსონ ხონელი