თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. კორონავირუსის ახალი ვარიანტის - ომიკრონის გამო ისრაელმა უცხოელებისთვის საზღვრები ორი კვირით ჩაკეტა, ასეთი გადაწყვეტილება COVID-19-თან ბრძოლის სამთავრობო კომისიამ საგანგებო სხდომაზე მიიღო.
„სხდომაზე მიღებულა შემდეგი გადაწყვეტილებები: უცხოელებს ყველა ქვეყნიდან ეკრძალებათ ისრაელში შესვლა, გარდა გამონაკლისების კომიტეტის მიერ დამტკიცებული შემთხვევებისა“, - ნათქვამია განცხადებაში.
გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს მოეთხოვებათ აეროპორტში PCR ტესტის ჩატარება და კარანტინის გავლა, რომლის დასრულების შემდეგ მათ კორონავირუსზე კიდევ ერთი ტესტის გაკეთება მოუწევთ. კოვიდგადატანილებისა და ვაქცინირებული პირებისთვის კარანტინი გაგრძელდება სამი დღე, აუცრელებისთვის - 7 დღე განმეორებითი ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში და 14 დღე - ტესტის გარეშე.
ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც ბრუნდებიან აფრიკის ქვეყნებიდან, რომლებიც განსაზღვრულია როგორც „წითელი" ავადობის მაღალი მაჩვენებლით (ახლა აფრიკის თითქმის ყველა ქვეყანა კლასიფიცირებულია ამ კატეგორიაში) კარანტინის გავლა სპეციალიზებულ სასტუმროებში მოუწევთ. გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტის კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ომიკრონ-შტამის დადასტურებული მატარებელი პირების ციფრული თვალთვალის შესახებ.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ საკვანძო სამინისტროებისა და დეპარტამენტების წარმომადგენლები, ასევე ექიმები.
ისრაელში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა პარასკევს დილით დაფიქსირდა. კიდევ რამდენიმე ადამიანია ეჭვმიტანილი, მათ გაიარეს ტესტები და ელოდებიან შედეგებს თვითიზოლაციაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა პარასკევს შუადღისას აღნიშნა, რომ ქვეყანა „საგანგებო სიტუაციის ზღვარზეა" და მოუწოდა ყველას „სრულ მზადყოფნაში იყოს სადღეღამისო მუშაობისთვის". ერთი დღით ადრე მან სასწრაფო კონსულტაციები გამართა ჯანდაცვის სამინისტროსა და სამოქალაქო თავდაცვის სამსახურების ხელმძღვანელებთან სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით, ამ რეგიონის ქვეყნები „წითელ“ სიაში (ისრაელელებისთვის აკრძალული) შეიყვანა და დაავალა მათთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტაზე მუშაობა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) პარასკევს საგანგებო სხდომაზე აღიარა B.1.1.529 როგორც „შეშფოთების გამომწვევი" და მიანიჭა მას სახელწოდება „ომიკრონი", ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით. შაბათს საქართველოში აფრიკის რვა ქვეყნიდან ჩამოსულთათვის 14-დღიანი კარანტინი და შემდეგ PCR-ტესტირება დაწესდა.
აფრიკის შემდეგ, ომიკრონი ამ დროისთვის გამოვლინდა ჰონგ-კონგში, ბელგიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ჩეხეთში, ავსტრალიასა ავსტრიაში.
ჯანმოში ვარაუდობენ, რომ ომიკრონი სხვა შტამებთან შედარებით მეტად გადამდებია. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი იკვლევს ახალი შტამის შესაძლებლობებს, მათ შორის ვაქცინებისადმი მედეგობას.