წულუკიანი: აუცილებლობის შემთხვევაში სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ

ამ დროისათვის ასეთი აუცილებლობა არ არის, აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლობის შემთხვევაში ციხის კლინიკიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.
ექსპერტთა დასკვნა: ციხის საავადმყოფო სააკაშვილის მკურნალობის პირობებს არ აკმაყოფილებს>>
სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც მან მედიკამენტების მიღება შეწყვიტა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად ის რუსთავის საპყრობილიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი, მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები მის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მოითხოვენ.

„შიმშილობა აზიანებს ჯანმრთელობას, ამიტომ ეს არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელსაც მე მივესალმებოდი. არ არსებობს არავითარი განგაშის საფუძველი, შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, იმიტომ რომ როგორც კი გაჩნდება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი, რა თქმა უნდა, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა პენიტენციური სამსახური, ეს ამ შემთხვევაშიც გაკეთდება“, – განაცხადა წულუკიანმა.

ვიცე-პრემიერმა დასძინა, რომ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არის.
ზურაბიშვილი: სააკაშვილის ჯანმრთელობა ქვეყნის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს
სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მიზეზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაც გახდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არეულობებს ამზადებს. სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის მომხრეებმა სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით შეიძლება კლინიკის შტურმით აღება სცადონ. სუსი ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის თაობაზე გამოძიებას აწარმოებს.
კალაძე: სააკაშვილი არის რიგითი პატიმარი>>
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად მართავენ. ამავე მოთხოვნით შიმშილობს საქართველოს პარლამენტის ათი დეპუტატი, ასევე ფოთის, ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოების ცალკეული დეპუტატები.