ზურაბიშვილი: სააკაშვილის ჯანმრთელობა ქვეყნის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს

© AP Photo / Virginia Mayoმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებას უფლება აქვს, სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს, რაც ხელისუფლების ვალდებულებაა.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია და განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და ყურადღებას მოითხოვს, მის ჯანმრთელობაზე კი ხელისუფლებაა პასუხიემგებელი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების რისკის გამო ის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში 8 ნოემბერს გადაიყვანა.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა მის მკურნალობასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩნდეს.
„ამ მიმართულებითაც ნათელი უნდა მოეფინოს ობიექტურ საჭიროებებს და პრეტენზიებს, რა სტანდარტების დაცვა მოეთხოვება უცხოეთში პენიტენციური დაწესებულების კლინიკებს, სადაც მკურნალობენ მოშიმშილე პატიმრები, ანუ სამედიცინო დანადგარების ნუსხა, რითიც უნდა იყოს აღჭურვილი დაწესებულება, სადაც პატიმარი გააგრძელებს მკურნალობას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ევალება, საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია, გლდანის მე-18 დაწესებულება აკმაყოფილებს თუ არა შესაბამის სტანდარტებს.
„საზოგადოებაში ეს საკითხი დიდ მღელვარებას იწვევს. ხელისუფლებას ევალება ყველა იმ ზომის მიღება, ყველა იმ ინფორმაციის გაცემა, ყველა იმ საფრთხის გათვალისწინება, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს საზოგადოების თუ ქვეყნის სტაბილურობაზე. ასეთ დროს სამწუხაროა, რომ არსებულ კონსილიუმს თავისი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა არ მიეცა. ინფორმაციის ნაკლებობა თავისთავად მღელვარებას კვებავს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ სააკაშვილის დედას იმედი ჩაუსახა
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, ქვეყნის სიმშვიდისა და დეპოლარიზაციისთვიის მნიშვნელოვანია, ოფიციალური პირების მიერ მაქსიმალურად იყოს გააზრებული ნებისმიერი სიტყვა თუ ქმედება, რათა თავიდან იყოს ყველა შესაძლო პროვოკაცია აცილებული.
„არ შეიძლება, ამ ვითარებაში არ გამოვთქვა წუხილი, რომ ინფორმაციისა და მოზომილი კომენტარების მაგივრად, ზოგი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული გამომწვევი განცხადებები საზოგადოებაში იწვევს მეტ გაუგებრობას, დაძაბულობას თუ გაღიზიანებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ასევე ისაუბრა დიდ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ეკისრება ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობა სააკაშვილის პირადი გადაწყვეტილებაა და ის თავად მართავს ამ პროცესს.
„ყველას გვესმის, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მიიღო შიმშილობის გადაწყვეტილება და თავად ცდილობს მართოს ეს პროცესი, ეს არ ხსნის და არც ამცირებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. ლოგიკურად, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებით ყველაზე დაინტერესებული უნდა იყოს ხელისუფლება და ვფიქრობ, არის კიდეც“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოებას სააკაშვილთან დაკავშირებით მიუკერძოებელი და ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.
„საზოგადოებას უფლება აქვს ჭორების, ცრუ და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის და სპეკულაციის ნაცვლად ყოველდღიურად მიიღოს სრულყოფილი, მიუკერძოებელი, სანდო და დეტალური ინფორმაცია შიმშილობის, კვების, ანალიზების შესახებ. ეს არის ხელისუფლების ვალდებულება და მივმართავ მას, დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ ვალდებულების სრულად და არა ნაწილობრივ შესრულებას“, - მოუწოდა ზურაბიშვილმა მთავრობას.
ზურაბიშვილი ასევე შეეხო ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნის საკითხს და ამასთან დაკავშირებულ საფრთხეებს.
„თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ შესაძლებლობა, რაც რიგით პატიმრებს ეძლევა, რომ სამოქალაქო კლინიკაში იყვნენ გადაყვანილი, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე უფრო რთულად განსახორციელებელია მრავალი შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზად იუსტიციის სამინისტრომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების რისკი დაასახელა. სამინისტროს მონაცემებით, სააკაშვილი უარს აცხადებდა სამედიცინო დახმარების სრულად მიღებაზე.
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
მმართველი პარტია სააკაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს შიმშილობა და „დაასვენოს ქვეყანა"
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფოს მიერ დანიშნული ექიმების კონსილიუმზე უარი თქვა პროტესტის ნიშნად, რადგან ციხის ადმინისტრაციამ მასთან ალტერნატიული კონსილიუმი არ დაუშვა.
ალტერნატიული კონსილიუმი სააკაშვილის ადვოკატებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიის“ ინიციატივით შეიქმნა. ამ კონსილიუმს უნდა ეკონტროლებინა მოშიმშილე ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობა, რადგან არ ენდობა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი კონსილიუმის გადაწყვეტილებებს.
სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და ის თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ ხუთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ორ საქმეზე იგი დამნაშავედ არის ცნობილი, კიდევ სამი საქმე კი განხილვის სტადიაშია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულს.
ყველა ახალი ამბავი
0