იუსტიციის მინისტრმა პატიმარ სააკაშვილის პრივილეგიები ჩამოთვალა

საქართველოს ექს-პრეზიდენტს რუსთავის მე-12 საპატიმროში მისი რანგის შესატყვისი პირობები ჰქონდა შექმნილი, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. დაკავების შემდეგ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან 179 ვიზიტორი იმყოფებოდა, განაცხადა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე.
სააკაშვილი ციხეში 1 ოქტომბრიდან იმყოფება. როგორც პატიმარი, ის ბოლო დრომდე სარგებლობდა პაემნებისა და "საქართველოს ფოსტის" მეშვეობით მიმოწერის უფლებით.

„შემოსახლებიდან დღემდე ბატონ მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა 179 ვიზიტორი. იგი 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება ექიმების მხრიდან. ასევე მას შემოსახლებისთანავე ზუსტად ორ დღეში, მათ შორის არასამუშაო დღეებში, ამასაც ხაზს გავუსვამ, დაუმზადდა საბანკო ბარათი, მას აქვს ტელევიზორი. ასევე როდესაც მას ამოეწურა თანხა ბარათზე და მაცივარი უნდოდა, ესეც ადმინისტრაციამ, კეთილი ნების საფუძველზე, მისი ეს თხოვნაც შეასრულა", – განაცხადა ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, ციხესთან 24-საათიან რეჟიმში მორიგეობდა რეანიმობილი და ექიმები, რომლებიც ნებისმიერ წუთს მზად იყვნენ დახმარებისთვის, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა.
იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში შეყვანის კადრები გამოაქვეყნა – ვიდეო
„ასევე სწორედ ჩვენ შევქმენით კონსილიუმი, რომლის მიზანიც იყო, რომ ჩვენს კვალიფიციურ პერსონალთან ერთად გაეწიათ რეკომენდაციები, რომლებსაც მაქსიმალურად ვითვალისწინებდით ყოველ ჯერზე", – განაცხადა ბრეგაძემ.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, შეიქმნა სააკაშვილის უფლებების ზედამხედველობის მონიტორინგის ცალკე ჯგუფი. და ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, აღნიშნა მან.
„ასევე სწორედ ჩვენ შემოვიყვანეთ ამ ჯგუფში სახალხო დამცველი, პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარე და ჯანდაცვის მინისტრი. რატომ გავაკეთეთ ეს, იმიტომ რომ ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად ღია და ხელმისაწვდომი", – აღნიშნა მან.
ბრეგაძე: ექს-პრეზიდენტი რუსთავის ციხეში იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ...
სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ ის მოინახულეს სახალხო დამცველმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებმა, პირადმა ექიმმა და ადვოკატებმა. სხვა მასთან არავინ შესულა.
ციხის ადმინისტრაციას არ განუმარტავს, თუ რა უფლებებით შეუძლია ისარგებლოს სააკაშვილმა ციხის კლინიკაში.