მსოფლიო დღეს

ყველა დაისჯება: გერმანელმა მინისტრმა ქვეყნები და ავიაკომპანიები გააფრთხილა

Sputnik
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირში მზად არიან გააკეთონ „მკაფიო დასკვნები“ იმ ქვეყნებისა და ავიაკომპანიების მიმართ, რომლებიც ბელარუსში არალეგალების გადაყვანაში მონაწილეობენ, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ჰაიკო მაასმა.

„არავინ არ უნდა მონაწილეობდეს დაუსჯელად [ბელარუსის პრეზიდენტ] ალექსანდრ ლუკაშენკოს არაადამიანურ ქმედებებში. ჩვენ ამ გზავნილს ვაწვდით [არალეგალი მიგრანტების] წარმოშობის ქვეყნებს, ასევე სატრანზიტო ქვეყნებსა და ავიახაზებს, რომელთა მეშვეობითაც ხალხი ბელარუსში ხვდება... ჩვენ, როგორც ევროკავშირი, მზად ვართ გამოვიტანოთ მკაფიო დასკვნები“, — განაცხადა მაასმა.

მისი თქმით, ვინც „მიგრანტების მიზანმიმართულ გადაყვანაში მონაწილეობს“, სანქციები დაუწესდება. გარდა ამისა, მან ასევე არ გამორიცხა სექტორული სანქციები ბელარუსის მიმართ.
მსოფლიო დღეს
ათასობით მიგრანტი საზღვარზე: პოლონეთის არმია საბრძოლო მზადყოფნაშია – ვიდეო
„ლუკაშენკომ უნდა გაიგოს, რომ მისი ჩანაფიქრი არ გამოვა. გამორიცხული არ არის, რომ მომავალში სანქციები ეკონომიკის სხვა სფეროებზეც გავრცელდეს“, — აღნიშნა მაასმა.
მანამდე Reuters-ი იუწყებოდა, რომ ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავს, რაც დაახლოებით 30 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება. ამასთან პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი ბელარუსის მიმართ სანქციების გაძლიერების წინადადებას ევროსაბჭოს უახლოეს სხდომაზე დააყენებს.
ორშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან ლტოლვილთა დიდი ჯგუფი ბელარუსი–პოლონეთის საზღვრისკენ დაიძრა. მალე ცნობილი გახდა, რომ საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. 2 ათასზე მეტი ლტოლვილი, მათ შორის ქალები და ბავშვები, პოლონეთთან საზღვარზე გაჩერდნენ, რომელსაც ქვეყნის სასაზღვრო და უშიშროების ძალები გაძლიერებულად იცავენ. მიგრანტებმა რამდენჯერმე სცადეს დაბრკოლებების გადალახვა და პოლონეთის ტერიტორიაზე გადასვლა.
როგორც დღეს, დილით გახდა ცნობილი, მიგრანტთა ორმა დიდმა ჯგუფმა საზღვრის გარღვევა და პოლონეთში გადასვლა მოახერხა. რადიოსადგურ Bialystok-ის ინფორმაციით, ეს ქალაქ კრინკისა და სოფელ ბელოვეჟის მიდამოებში მოხდა. პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, მიგრანტების ნაწილი უკვე დააბრუნეს საზღვრის ხაზზე, ხოლო დანარჩენების ძებნა გრძელდება.