თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის გარკვეულ პერიოდში საკვები დანამატების მიღება დაიწყო, განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა ნიკა ცხვარაშვილმა.
სააკაშვილი უკვე 37-ე დღე შიმშილობს. პარასკევს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი ფაფებს და წვენებს იღებს. აღნიშნული ინფორმაცია ადვოკატებმა და თავად ექს-პრეზიდენტმა უარყვეს. ამასთან სააკაშვილმა განაცხადა, რომ უარს აცხადებს ვიტამინებსა და მინერალებზე, რომლებსაც ექიმის დანიშნულებით იღებდა.
„პატიმარმა სააკაშვილმა გარკვეული პერიოდია, დაიწყო საკვები დანამატების მიღება, მათ შორის თხევადი და არათხევადი სახით, ასევე კონკრეტული დანიშნულების ნატურალური წვენები, და ეს პერიოდი მან განვლო ზუსტად ამ დანამატების მიღების ხარჯზე. ის იღებს ყველა იმ საჭირო კვებით დანამატს, რაც საჭიროა მის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის“, – განაცხადა ცხვარაშვილმა.
რაც შეეხება სააკაშვილის საკნიდან ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოქვეყნებას, ეს საკითხი განიხილება, აღნიშნა მან.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.