საარჩევნო ბატალიების პირველი ეტაპი დასრულდა და წინ მეორე გველის!.. არ მინდა, იფიქროთ, წინამდებარე სტატიაში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგების შეჯამებას ვაპირებ. საამისოდ მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მოვიცლი, როდესაც მისი უდიდებულესობა ელექტორატის საბოლოო არჩევანი გაირკვევა. მანამდე კი მზერას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოზე შევაჩერებ.
პარლამენტარები არჩევნებისთვის მზადებით გამოწვეული ორთვიანი პაუზის შემდეგ პლენარულ სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ. როგორც ეს მოსალოდნელი იყო, დეპუტატებმა პირველ რიგში, პოლიტიკური განცხადებებით გასული საარჩევნო პროცესი და უშუალოდ არჩევნების შედეგები შეაფასეს. შემდეგ ხალხის რჩეულებმა ნიკანორ მელიას, მისივე თხოვნის საფუძველზე, დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს... − უკვე მერამდენედ? − ჩამეძიება მკითხველი. ტონი სავარაუდოდ ირონიული იქნება. არ მიკვირს, ვეჭვობ, პარლამენტის წევრის სტატუსით ნიკანორ მელიას თავგადასავალს საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიის სახელმძღვანელოში ცალკე თავი დაეთმობა. მთავარია, მოთმინებით აღვივსოთ.
იმედია, მკითხველი, დამეთანხმება, სანახაობა გვქონდა და ის არც უახლოეს მომავალში მოგვაკლდება. არადა, ამ სანახაობის შემხედვარე მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე მრავალი წელია ითხოვს, ვისაც ეს ხელეწიფება პურზე იფიქროს. ჰოდა, მთავრობამ პარლამენტარებს შეახსენა, რომ საკანონმდებლო კალენდარით უკვე საბიუჯეტო განხილვების დაწყების დროა. მომავალი წლის საფინანსო-პოლიტიკური დოკუმენტი პარლამენტში დარეგისტრირდა და როგორც გაირკვა, 2022 წელს მთავრობა 18.443 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს. ეს თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტზე დაახლოებით 1 მილიარდი ლარით ნაკლებია, ანუ, საბიუჯეტო ასიგნებები მცირდება. სავარაუდოდ, დაინტერესდებით, რატომ? განმარტებით ბარათშიი ამ კითხვაზეც არის პასუხი. კერძოდ, ეს შემცირება განპირობებულია ორი ფაქტორით. პირველი: 310 მილიონი ლარით მცირდება COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები. მეორე: ევრობონდების დაფარვასთან დაკავშირებული ასიგნებები გათვალისწინებული აღარ არის.
აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი კი 5.941 829 000 ლარია, რაც მიმდინარე წლის ასიგნებებზე 151.1 მილიონი ლარით ნაკლებია. მიუხედავად ამ შემცირებისა, ეკატერინე ტიკარაძის უწყება სამინისტროებს შორის ყველაზე მეტს დახარჯავს. ერთსაც დავსძენ, იანვრიდან ასაკობრივი პენსია იზრდება. მომავალ წელს საპენსიო უზრუნველყოფისთვის 285 მილიონი ლარით მეტი, 2.885 მილიარდი ლარი დაიხარჯება. საპენსიო ხარჯების ზრდა გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შესაბამისად, ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით პენსიის გადაანგარიშებით. კერძოდ, არსებული გეგმის მიხედვით, მომავალი წლის იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის გასაცემი თანხა 20 ლარით, 260 ლარამდე გაიზრდება. ამავე წესის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია 25 ლარით იზრდება და 2022 წლის იანვრიდან 300 ლარით განისაზღვრება. რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებს, პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის 312 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი გახდება.
სავარაუდოდ, დაინტერესდებით, როგორია სხვა სამინისტროების დაფინანსება?კვლავ პრიორიტეტულია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს დაფინანსება 387.3 მილიონი ლარით იზრდება და 2.843 970 000 ლარს შეადგენს. ასიგნებათა მოცულობის სიდიდით სამინისტროებს შორის პირველ სამეულშია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამ უწყების დასაფინანსებლად 112.7 მილიონი ლარით მეტი, 1.637 495 000 ლარია გათვალისწინებული. მომდევნო პოზიცია კი 918 მილიონი ლარით თავდაცვის სამინისტროს უკავია. მიმდინარე წელთან შედარებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე 12 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 800 მილიონი ლარით განისაზღვრა. უწყების ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით იზრდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის 98.2 მილიონი ლარით მეტი, 741 მილიონი ლარია გათვალისწინებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 51.5 მილიონი ლარით ნაკლების, 577 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებანი 8.6 მილიონი ლარით მცირდება. თეა წულუკიანის უწყების ბიუჯეტი 343 მილიონი ლარია. ბიუჯეტის პროექტით იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება 28.1 მილიონი ლარით მცირდება და 268.4 მილიონ ლარს შეადგენს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალ წელს 4.8 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს. საგარეო პოლიტიკური უწყების ბიუჯეტი 175.5 მილიონი ლარია. სამინისტროებს შორის ყველაზე ნაკლების დახარჯვას ბიუჯეტის შესრულებაზე მთავარი პასუხისმგებელი უწყება, ფინანსთა სამინისტრო გეგმავს. მართალია, გიორგი ხუციშვილის უწყების დაფინანსება 4.1 მილიონი ლარით იზრდება, ბიუჯეტი 93 მილიონი ლარია.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის სხვა პარამეტრები... მთავრობა ვარაუდობს, რომ გაისად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6 პროცენტი იქნება და შედეგად, მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ 64.7 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს. ამასთან, მომავალ წელს მთავრობა 4.4 მილიარდი ლარის ვალად აღებასაც გეგმავს.
საკამათო არ არის, ეკონომიკური კრიზისისა და საბიუჯეტო დეფიციტის პირობებში ე.წ. ქამრების მოჭერის პოლიტიკა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. იმედია, დამეთანხმებით, ამგვარი პოლიტიკა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას გულისხმობს. ეს კი ზოგადად შრომის ანაზღაურებასაც ეხება, თუმცა ბიუჯეტის პროექტით ირკვევა, რომ 2022 წელს შრომის ანაზღაურებისთვის 1.653 მილიარდი ლარი დაიხარჯება, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 17.1 მილიონი ლარით მეტია... − რამ განაპირობა მატება? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. სავარაუდოდ, მთავარი მიზეზი ის არის, რომ იზრდება მომუშავეთა რიცხოვნობაც, თუ წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში 112605 ადამიანია დასაქმებული, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, მათი რაოდენობა 112712 7 იქნება.
საინტერესოა, ვინ როგორ აფასებს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს. პოლიტიკოსებს საამისოდ ჯერ არ ცალიათ, წინ ხომ ოც საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მეორე ტურია და მთელი ყურადღებაც სწორედ საარჩევნო ბატალიებისკენ არის მიმართული. რაც შეეხება ანალიტიკოსებს, მათი ნაწილის შეფასებით, ბიუჯეტის შემოსავლები ზედმეტად ოპტიმისტურად არის დაგეგმილი.
„არ ვისურვებდი, რომ დადგეს ბიუჯეტის შევსების პრობლემა. მაგალითად, მთავრობა მოგების გადასახადიდან მობილიზებული თანხის ჯამში 42 პროცენტიან ზრდას ვარაუდობს, საშემოსავლო გადასახადიდან კი 25 პროცენტიან ზრდას. სავსებით რეალურია საფრთხე, რომ გეგმა ვერ შესრულდეს...“, − აცხადებს ანალიტიკოსი დავით პაპიაშვილი. მისივე შეფასებით, საგადასახადო გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში გაიზრდება კომპანიების შემოწმებების რიცხვი. „წარმოვადგენ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიას. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულება გადასახადებია. სწორედ საგადასახადო დავის საკითხებზე მომართვიანობის გათვალისწინებით, ვხვდებით, ქვეყანაში ამ მხრივ რა ვითარებაა. დასკვნა მარტივია, ძალიან ბევრი კომპანია მოწმდება...“, − აცხადებს დავით პაპიაშვილი. მისი აზრით, შემაშფოთებელია, ასევე გაზრდილი სახელმწიფო ვალი და უკეთესი იქნება თუ დამატებით ვალდებულებების აღების ნაცვლად, მთავრობა ხარჯების ოპტიმიზაციაზე იზრუნებს.
ერთი სიტყვით, საბიუჯეტო პროცესი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაიწყო... გასული წლების გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ პარლამენტში საკომიტეტო განხილვების შემდგომ ბიუჯეტის პარამეტრები დაკორექტირდება...
სამსონ ხონელი