თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში დააკავეს, უკრაინაში ექსტრადიციას დათანხმდება, თუ მას ყველა ბრალდებას მოუხსნიან, განაცხადა პოლიტიკოსის შეყვარებულმა, რადის დეპუტატმა ფრაქციიდან „ხალხის მსახური“ ელიზავეტა იასკომ.
იასკომ სახელმწიფოს ყოფილი მეთაური რუსთავის ციხეში გუშინ მოინახულა და ამის შემდეგ რიგი განცხადებები გააკეთა მასმედიისთვის.
„ახლა ყველაფერი დიპლომატიურ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული, უკრაინის პოზიციაზე. ამ მომენტისთვის მიხეილ სააკაშვილი არ თანხმდება, რომ ის დამნაშავეა. ის საბრძოლო განწყობაზეა“, – განაცხადა მან ტელეარხ Украина-24-თან კომენტარისას.
იასკომ დასძინა, რომ „თუ უკრაინისთვის მისი გადაცემის პროცესები იქნება“, ამ შემთხვევაში აუცილებელია იმის მიღწევა, რომ მას ყველა ბრალდება მოუხსნან.
იასკომ, რომელთან ურთიერთობებზეც სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ასევე აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტი უკვე მეექვსე დღეა შიმშილობს. მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობა საფრთხეშია.
„საერთოდ არაფერს ჭამს. ახლა საჭიროა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, უკრაინამ მისი, როგორ პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებაზე იზრუნოს... როგორც ვიცით, შიმშილობიდან მეათე დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება“, – განაცხადა მან.
სააკაშვილისა და იასკოს ურთიერთობების შესახებ ცნობილი 1 ოქტომბერს გახდა.
ელიზავეტა იასკო – პოლიტოლოგი, კულტურის საქმეთა ექსპერტი და კინოპროდიუსერია. 2019 წლის 29 აგვისტოდან უკრაინის რადის დეპუტატია პარტიიდან „ხალხის მსახური“, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ყოფილი თავმჯდომარე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის სასჯელს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იხდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პირადად და ქვეყნის ხელისუფლების დახმარებით უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე იზრუნებს.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.