თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის წერილით მიმართავს. მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მის ოფიციალურ facebook-გვერდზე ვრცელდება.
სააკაშვილი ზელენსკის მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ უკრაინა მისი მეორე სამშობლოა, სადაც ჰყავს ოჯახი და მეგობრები.
ზელენსკიმ სააკაშვილის მხარადასაჭერი განცხადება არაერთხელ გააკეთა, მისი თქმით, ის ყოველთვის მუშაობს და აბრუნებს თავის მოქალაქეებს ქვეყანაში სხვადასხვა შესაძლებლობებით, რომლებიც გააჩნია და რომლებითაც ხელისუფლებამ აღჭურვა, და ეს ეხება უკრაინის მოქალაქე სააკაშვილსაც.
სააკაშვილი გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნავს, რომ ის უკანონო პატიმარია და გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაკავებული.
„ჩემთვის უაღრესად სასიამოვნოა თქვენი სიტყვები, რომელიც არის მაღალი კლასის ნამდვილი სახელმწიფო მოხელის გამოხმაურება საქართველოში ჩემს უკანონო დაკავებასა და დაპატიმრებაზე გაყალბებული ბრალდებების საფუძველზე, რომლებსაც რუსეთის გარდა მსოფლიოში არავინ აღიარებს", – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.
ექს-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკრაინა მისი მეორე სამშობლოა და ის ძალიან უყვარს.
„მე სიცოცხლეზე მეტად მიყვარს ჩემი საქართველო, თუმცა ძალიან მიყვარს უკრაინა, ჩემი მეორე სამშობლო, სადაც ჩემი ცხოვრების მრავალი წელი გავატარე და სადაც მყავს ოჯახი, მეგობრები, მაქვს მოქალაქეობა, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ. მთელი ცხოვრება ვიამაყებ იმით, რომ მქონდა შესაძლებლობა, შემეტანა მოკრძალებული წვლილი თქვენ მიერ გატარებულ ისტორიულ ცვლილებებსა და რეფორმებში. ვინაიდან ფაქტობრივად ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ძალიან ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას უკრაინის, მთელი რეგიონისა და იმპერიის ყველა პატიმრის დაცვასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.