ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან რეგიონში უსაფრთხოების საკითხები განიხილა

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს მრავალეროვნული ერთობლივი სამხედრო წვრთნების როლზე თავდაცვის მექანიზმების განმტკიცებისა და საფრთხეების შეკავების უზრუნველყოფაში.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები იყო შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარს შორის, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ჰულუსი აკარი საქართველოში მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021-ის ფარგლებში იმყოფება.
საქართველოში დაიწყო მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ETERNITY 2021
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ათწლეულების განმავლობაში თურქეთის მხრიდან გაწეულმა პრაქტიკულმა დახმარებამ განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში.
მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებით, ყურადღება გამახვილდა მრავალეროვნული ერთობლივი სამხედრო წვრთნების როლზე თავდაცვის მექანიზმების განმტკიცებისა და საფრთხეების შეკავების უზრუნველყოფაში.
პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე თურქეთის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება კონფლიქტების მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დაცვით, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში გადაწყვეტას და ამ გზას ალტერნატივა არ აქვს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ორშაბათს საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021 დაიწყო.
ტრადიციულ სწავლებაში სამი ქვეყნის – საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის 200-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.
დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს ზაქირ ჰასანოვს შეხვდა და მასთან სტრატეგიული პარტნიორობა და ერთობლივი პროექტები განიხილა.