თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულად ვაქცინირებულია, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
მთავრობის მეთაური Pfizer-ის მეორე დოზით დღეს აიცრა. ვაქცინაცია ირაკლი ღარიბაშვილს ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინების უსაფრთხოებას, ვაქცინაციის მნიშვნელობას პანდემიის დამარცხების პროცესში და მოქალაქეებს პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით პირველი დოზით საჯაროდ 8 აგვისტოს აიცრა. აპრილში კი მან კორონავირუსი გადაიტანა.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 660.832 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 23,1%.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. AstraZeneca-ს არჩევა 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.