COVID-19 - ბოლო ცნობები

როგორ გადაწყდება საქართველოში ბავშვთა ვაქცინაციის საკითხი: ჩხაიძის განმარტება

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესებულია. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4-5 ათასს აჭარბებს, აქედან დაახლოებით 400-500 ბავშვია
Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. მოსალოდნელია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო), მეოთხე ტალღის სიმძიმის გათვალისწინებით, ვაქცინაციის ასაკი შეამციროს, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ.
ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში ბავშვების ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი საკმაოდ დიდია და ის 400-500-ს შეადგენს. როგორც მან განმარტა, ინფიცირებული ბავშვების 95-97% არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
ჯანმომ ბავშვების COVID-19-ზე აცრის შესახებ პოზიცია შეიცვალა: განახლებული რეკომენდაციები
„ინფიცირებული ბავშვების მხოლოდ სამი, მაქსიმუმ ხუთი პროცენტისთვის ხდება აუცილებელი ჰოსპიტალში მოთავსება დაავადების მიმდინარეობის სიმძიმიდან გამომდინარე. თუმცა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ყოველდღიურად 400-500 ინფიცირებული ბავშვი მართლაც მაღალი მაჩვენებელია“, - განაცხადა ჩხაიძემ.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, ჯერ არაა გადაწყვეტილი, 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებში ვაქცინაციასთან დაკავშირებით როგორ უნდა მოიქცეს ქვეყანა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ჯანმო: მსოფლიო შემოდგომაზე ახალი პანდემიისთვის უნდა მოემზადოს
„შესაძლოა, საქართველო დაელოდოს ჯანმოს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის ასაკის შემცირებასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებას ალბათ სექტემბერ-ოქტომბერში მიიღებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ოღონდ შერჩეულ ვაქცინებთან დაკავშირებით. ეს არ შეეხება არავითარ შემთხვევაში ყველა ვაქცინას“, - განაცხადა ჩხაიძემ.
იმ შემთხვევაში კი, თუ ჯანმომ ვაქცინაციის ასაკის შემცირების გადაწყვეტილება არ მიიღო, ჩხაიძის განცხადებით, შესაძლოა, საქართველომ ევროპის ქვეყნების მსგავსად ინდივიდუალურად მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილება.
განახლდება თუ არა სწავლა სკოლებში: გამყრელიძის განმარტება
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევნის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ. ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია.
ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.