თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობა თხილის ექსპორტის გაზრდას და სიდიდით მეორე მწარმოებლის – იტალიის უკან ჩამოტოვებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ეს განცხადება პრემიერმა თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გააკეთა. ქვეყანაში აქტიური წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ამიტომ მთავრობის მსგავს დაპირებებს ოპოზიცია პოპულისტურს უწოდებს.
„ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ეტაპობრივად, სულ რამდენიმე წელიწადში გადავიდეთ მეორე ადგილზე. გვაქვს ამბიციური გეგმა და ხედვა, რომ თხილის წარმოების კუთხით საქართველო გახდეს მსოფლიოში მეორე მწარმოებელი ქვეყანა“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
პრემიერის თქმით, საქართველოში ძალზე წარმატებულია თხილის ბიზნესი. ქვეყანა თხილის მწარმოებელი ხუთი ლიდერი ქვეყნის ჩამონათვალშია და მხოლოდ თურქეთსა და იტალიას ჩამორჩება.
თხილი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქციაა. ის ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში – გერმანიასა და იტალიაში, ასევე მეზობელ სომხეთსა და რუსეთში გადის.
საქართველომ 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 9 თებერვლამდე ექსპორტზე გაიტანა 81,2 მილიონი დოლარის ღირებულების 15,6 ათასი ტონა თხილი.
2019/2020 წლების იმავე პერიოდთან შედარებით თხილის ექსპორტის მოცულობა ორჯერ, 5,2 ათასი ტონით გაიზარდა, ფულადი გამოსახულებით კი 27,7 მილიონი დოლარით (52%).
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 2016 წლიდან აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო თხილის წარმოება (შესაბამისად, ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.
მავნებლებთან აქტიური და მიზანმიმართული ბრძოლის შედეგად 2020 წელს თხილის უხვი და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღება გახდა შესაძლებელი.