როგორ ისჯება პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა

ნებისმიერ ჩვენგანს შესაძლოა მოუწიოს პოლიციასთან ურთიერთობა, რა დროსაც მოქალაქეების დიდი ნაწილი იბნევა და არ იცის როგორ მოიქცეს. ეს ლოგიკურიცაა – ყველა ადამიანი იურისტი არ არის, ამიტომ საკუთარი უფლებების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია.
Sputnik

დღევანდელ სტატიაში იპოვით პასუხებს იმ ძირითად კითხვებზე, რაც სამართალდამცველებთან ურთიერთობისას შეიძლება დაგვჭირდეს – როგორი ფორმით შეიძლება მოგვიხდეს პოლიციასთან ურთიერთობა, რას ნიშნავს სპეციალური საპოლიციო კონტროლი, სად შეიძლება გავასაჩივროთ პოლიციის ქმედებები, რა ჯარიმა დაგვეკისრება, თუ მათ მოთხოვნებს არ დავემორჩილეთ და ა.შ.

პოლიცია საგანგებო სამართალდამცველი სახელმწიფო სტრუქტურების სისტემაა, რომლის უმთავრესი ფუნქცია საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაა.

სამართალდამცველები ვალდებული არიან, განახორციელონ როგორც პრევენციული ღონისძიებები, ასევე მოახდინონ სამართალდარღვევებზე რეაგირება. მათ ასევე ევალებათ, პატივი სცენ ადამიანის უფლებასა და თავისუფლებას.

რა უფლებები გაქვთ, როდესაც რაიმე ნივთს საზიაროდ ფლობთ

რა სახის ღონისძიებებს ახორციელებს პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად:

პოლიცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ისეთ პრევენციულ ღონიძიებებს ახორციელებს, როგორიცაა: პირის გამოკითხვა და იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, სპეციალური საპოლიციო კონტროლი, პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შეზღუდვა, ნივთის ფაქტობრივი ფლობის უფლება და ა.შ.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიცია ვალდებულია მოქალაქეს წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ვიზუალურად, გარეგნული ნიშნებით შეუძლებელია მისი, როგორც პოლიციელის იდენტიფიცირება.

პოლიციელი უფლებამოსილია, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაადგინოს ნებისმიერი მოქალაქის ვინაობა, ამ მიზნით მას შეუძლია გააჩეროს მოქალაქე, გამოკითხოს პერსონალური მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.

პოლიცია ასევე უფლებამოსილია გამოკითხოს პირი, თუ ამისთვის არსებობს საკმარისი საფუძველი.

როდის აგებენ პასუხს მშობლები შვილების ნაცვლად – იცოდეთ თქვენი უფლებები

რას ნიშნავს სპეციალური საპოლიციო კონტროლი

სიტყვები „საპოლიციო კონტროლი“ ხშირად გვესმის სატელევიზიო ეთერებიდან. პირის, ნივთის ან სატრანპორტო საშუალების სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ახლო მომავალში შესაძლოა ჩაიდინონ დანაშაული. ამისათვის პოლიციის მიერ ხორციელდება შემოწმება წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე განსაზღვრული დროის განმავლობაში.

სპეციალური საპოლიციო კონტროლის შესახებ გამოიცემა ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ. თუ გადაუდებელი აუცილებლეობაა, ეს ბრძანება შეიძლება ზეპირი ფორმითაც გამოიცეს, თუმცა უფლებამოსილი პირი ვალდებულია 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოს ამ ბრძანების წერილობითი ფორმით გამოქვეყნება.

სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას კანონი ადგენს იმპერატიულ მოთხოვნას, რომ პოლიციელი უნდა იყოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით.

შინაპატიმრობა: რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ელექტრონულ სამაჯურს დააზიანებს?

რას ავალდებულებს ეთიკის კოდექსი პოლიციელს მოქალაქესთან ურთიერთობისას

სამართალდამცველს დაწესებული აქვს მაღალი ეთიკური სტანდარტები. კერძოდ, მას ეკისრება ვალდებულება, რომ მოქალაქეებთან ურთიერთობისას იყოს ტაქტიანი, თავაზიანი და კეთილგანწყობილი. მან მოქალაქის მიმართ წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები უნდა გამოთქვას მშვიდად, ზრდილობიანი ფორმით, მოქალაქეს უნდა მისცეს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება. პოლიციელის მხრიდან დაუშვებელია ქედმაღლური ტონით მიმართვა, მუქარა, ირონია და ჟარგონის გამოყენება.

გარდა ამისა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მოქალაქესთან ურთიერთობისას, პოლიციელს კატეგორიულად ეკრძალება სიგარეტის მოწევა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, მობილურ ტელეფონზე საუბარი, მანქანიდან საუბარი, მზის სათვალის ტარება და მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნა.

ფრთხილად, გითვალთვალებენ! ყველაფერი, რაც ვიდეოთვალთვალის შესახებ უნდა იცოდეთ

როგორ ისჯება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა

ამ მიმართულებით ორი მომენტი გამოიყოფა:

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქცია;

2. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სანქცია.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით (მუხლი 173), სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედებების განხორცილება - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4 ათას ლარამდე ოდენობით, ანდა საქმის კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, სანქცია შეიძლება იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. გარდა ამისა, სამართალდამრღვევს შესაძლოა ჩამოერთვას იარაღის ტარების უფლება სამ წლამდე ვადით.

რა შემთხვევაში აპატიმრებენ ნაფიც მსაჯულს - იცოდეთ თქვენი უფლებები

გარდა ამისა, პოლიციის თანამშრომლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე არსებობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც. სისხლის სამართლის კოდექსი (მუხლი 353) ადგენს, რომ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, თუ ეს ქმედებები ჩადენილი იქნა ძალადობით, ან ძალადობის მუქარით, დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, რომლის ვადა განსაზღრულია კანონით ორიდან ხუთ წლამდე.

იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა პოლიციელზე ან მისი ოჯახის წევრზე, ან მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანპორტო საშუალებაზე თავდასხმას, მაშინ სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელის, ან მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ხელყოფა მოხდება, მიუხედავად დაზიანების ხარისხისა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, სასჯელის ზომა იქნება თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან 11 წლამდე.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი სესხის შესახებ ინფორმაცია მესამე პირს გაუმხილეს

ხოლო თუ ადგილი აქვს პოლიციელის, ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, მაშინ სასჯელის ზომა არის 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა და შესაძლოა დამნაშავეს მიესაჯოს უვადო თავისუფლების აღკვეთაც.

სად შეიძლება გავასაჩივროთ პოლიციელის ქმედება

მოქალაქე, რომელიც მიიჩნევს, რომ პოლიციელის ქმედებით მისი უფლებები დაირღვა, უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს უკანონო ქმედება ზემდგომ თანამდებობის პირთან შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ასევე პროკურატურაში, ან სასამართლოში.

პოლიციელის საქმიანობის, კანონიერებისა და ეთიკის ნორმებთან შესაბამისობას აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული სპეციალური დანაყოფი - გენერალური ინსპექცია, რომლის ცხელი ხაზის ნომერია 126.