ვის აცრიან ჩინური ვაქცინით – გამყრელიძემ ჯგუფები დაასახელა

საქართველო კორონავირუსის ეპიდემიას გაუმკლავდება, თუ მოსახლეობის სულ მცირე 60% აიცრება, ამისთვის კი საჭიროა 3,5–3,9 მლნ დოზა ვაქცინა.
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. ჩინური პრეპარატი Sinopharm-ით გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები აიცრებიან, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის უწყებამ ჩინური Sinopharm-ის გამოყენებაზე თანხმობა გასცა>>

გამყრელიძის თქმით, მათ შორის არიან მასწავლებლები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, პოლიციელები, იუსტიციის სახლების თანამშრომლები. უფრო დაზუსტებით ამას იმუნიზაციის საბჭო 26 აპრილს გადაწყვეტს.

რომელ ვაქცინას ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში – სტატისტიკა

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს 3,5–3,9 მლნ დოზა ვაქცინა ესაჭიროება იმისთვის, რომ 1,7 მილიონმა ადამიანმა ვაქცინით ორი აცრა გაიკეთოს.

გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში სამი ვაქცინაა: Pfizer-ი, რომლითაც უკვე აიცრა 14 ათასამდე ადამიანი და ორი დღეა მათი მეორე ინექციით აცრა დაიწყო; AstraZeneca, რომლითაც აცრილია დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანი, 15 მაისიდან დაიწყება ხელმეორე აცრები ამ პრეპარატით; „სინოფარმით" აცრა კი 4 მაისიდან დაიწყება.

„ეს გახლავთ ჩინური ვაქცინა, რომლითაც მსოფლიოში დაახლოებით 150 მილიონი ადამიანია აცრილი. ეს ვაქცინა 100 ათასი დოზით გვაქვს, მალე შემოვა მეორე ჩინური კიდევ 100 ათასი და „სინოფარმის“ დამატებითი ნახევარი მილიონი დოზა კიდევ იქნება ივნის-ივლისში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო: უკვე 18+>>

ეპიდემიოლოგის თქმით, წელს ქვეყანამ 1,7 მლნ ადამიანის ვაქცინაციისთვის საჭირო დოზა უნდა შეაგროვოს.

„თუ ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ წლის ბოლოს წერტილს დავუსვამთ ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებას, კოვიდით გამოწვეულ სიკვდილიანობას, თანდათან ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება“, – განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ ივლისამდე აცრების ყოველდღიური რაოდენობა 10–12 ათასამდე უნდა გაიზარდოს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე დაახლოებით 35 ათასი ადამიანი აიცრა. გამყრელიძის თქმით, პანდემია არ დასრულდება, სანამ მოსახლეობის თუნდაც 60% არ იქნება ვაქცინირებული.

რაც შეეხება მკაცრ „ლოკდაუნს“, მისი თქმით, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება მკაცრი შეზღუდვების დაწესების საშუალებას არ იძლევა.

საქართველოში „კომენდანტის საათი“ აღდგომის დღეებში არ გაუქმდება

ეპიდემიოლოგის განცხადებით, თურქეთში კარანტინი 19:00 საათიდან იწყება, ასევეა ცენტრალური ევროპის ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ეს ქვეყნები ეკონომიკურად საქართველოზე ბევრად ძლიერნი არიან და შეუძლიათ თავს ამის ნება მისცენ. ჩვენი პოლიტიკურ–ეკონომიკური ვითარება კი არ იძლევა საშუალებას, რომ მკაცრი „ლოკდაუნი“ გამოვაცხადოთ, აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძე რუსთავში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა ჯანდაცვის რაიონული სამსახურებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან ქალაქსა და ზოგადად ქვემო ქართლის რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია განიხილა. ის ასევე გაეცნო რუსთავის კლინიკებში არსებულ ვითარებას.

ჟურნალისტებთან საუბრისას გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანა „დანის პირზე“ გადის, ამიტომ ეკონომიკის მთლიანად დაკეტვა არ შეიძლება, მაგრამ აუცილებელია ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება.

სააღდგომო არდადეგების გამო ვაქცინაცია ოთხი დღით შეჩერდება>>

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 301 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 184 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა – 3.992. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.