თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. საქართველოში ღამის საათებში გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა, რომელიც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს, აღდგომის დღეებში არ გაუქმდება, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, მთავრობა ჯერ არ გეგმავს დამატებითი შეზღუდვების დაწესებას აღდგომის დღესასწაულზე.
„სააღდგომო დღესასწაულამდე თითქმის ათი დღეა. ეს პერიოდი ხშირ შემთხვევაში ცვლის ეპიდემიურ სურათს. ასე რომ, უნდა ვნახოთ, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები. შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვების დაწესების საკითხი დადგეს. რა თქმა უნდა, ამას ვერ გამოვრიცხავთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მან აღნიშნა ასევე, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების პარალელურად იმატებს დატვირთვა საავადმყოფო სექტორზე და ბოლო მონაცემებით კოვიდპაციენტებისთვის გამოყოფილი 4,4 ათასი საწოლიდან 3,6 ათასი უკვე დაკავებულია.
რაც შეეხება საყოველთაო ვაქცინაციას, ის, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მესამე-მეოთხე კვარტალში დაიწყება, აღნიშნა გაბუნიამ და პოზიტიური ფაქტი უწოდა იმას, რომ მოქალაქეები აქტიურობენ ვაქცინაციის პორტალზე და აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას იმის თაობაზე, რომელ ვაქცინას ანიჭებენ უპირატესობას.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის პორტალი, რომლის მთავარი მიზანიცაა აცრის მსურველთა რაოდენობის გამოვლენა. ბოლო მონაცემებით, პორტალზე 48,4 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. ციფრები ყოველდღიურად ახლდება, რადგან რეგისტრაცია გრძელდება.
ამ პორტალის დახმარებით, მოქალაქეებს შეუძლიათ წინასწარ დარეგისტრირება და სასურველი ვაქცინის არჩევა.
საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი, რომლებიც ჯანდაცვის სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდნენ, Pfizer-ის ვაქცინას ირჩევს.
ამ მომენტისთვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა სხვა მწარმოებლებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებას. ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე აიცრნენ ექიმები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. შემდეგ მათ დაემატნენ 65 წელს გადაცილებული, მალევე 55 წელს გადაცილებული მოქალაქეები, ასევე დიალიზზე დამოკიდებული და ორგანოგადანერგილი პირები. საქართველომ მიიღო ჩინური Sinopharm-ის 100 ათასამდე დოზა, თუმცა ამ პრეპარატით ქვეყანაში აცრები ჯერ არ დაწყებულა. რეგისტრაცია ჩინურ ვაქცინაზე 27 აპრილიდან დაიწყება, ხოლო აცრის ჩატარებას მოქალაქეები 4 მაისიდან შეძლებენ.
ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 31.911 ადამიანი აიცრა.