მიმოხილვა: „დააშრობს“ თუ არა თურქეთი შავ ზღვას ახალი არხით

თურქეთის ხელისუფლებამ მოიწონა არხ „სტამბულის“ მშენებლობის პროექტი, რომელმაც ბოსფორის სრუტე უნდა განტვირთოს და უხიფათო გახადოს.
Sputnik

ნიკიტა ჩიკუნოვი

ამასთან თავად პროექტი სერიოზულ პრეტენზიებს ბადებს. ეკოლოგები შავი ზღვის გამეჩხერებას უფრთხიან, ხოლო პოლიტოლოგები — გეოპოლიტიკურ კრიზისს რეგიონში და მოქმედი საერთაშორისო შეთანხმებების ჩაშლას.

საჭირო–არასაჭირო არხი

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა 7 აპრილს, ქვეყნის ხელისუფლებამ თითქმის დაასრულა წინასწარი სამზადისი და უკვე მზადაა, უახლოეს მომავალში შეუდგეს არხ „სტამბულის“ მშენებლობას.  

ბოსფორის სრუტის საპირწონედ: თურქეთი ახალი არხის გათხრას გეგმავს

ერდოღანი ამ პროექტის შესახებ პირველად 2011 წელს ალაპარაკდა და მას „გიჟური“ უწოდა. ეს იქნება ხელოვნური სანაოსნო მარშრუტი, რომელიც შავ და მარმარილოს ზღვებს დააკავშირებს ერთმანეთთან. ის ფაქტობრივად გახდება ევროპის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიის — ბოსფორის სრუტის „დუბლიორი“.

არხი სტამბულის ცენტრიდან მოშორებით გაიჭრება. გამომდინარე აქედან, ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ამ არხით მაღალი ტვირთამწეობის (300 ათას ტონამდე) ხომალდები ისარგებლებენ, რომლებსაც საშიში ტვირთები — ნავთობი, გათხევადებული ბუნებრივი გაზი და ქიმიკატები გადააქვთ.

ახლა ასეთი ტვირთის გადამტანი ხომალდები იძულებული არიან ბოსფორის სრუტის გაყოლებაზე განლაგებული ქალაქის ისტორიული და მჭიდროდ დასახლებული რაიონები გაიარონ. ამასთან, მოქმედებს მკაცრი შეზღუდვები:  სრუტეში სახიფათო ტვირთის გადამტანი მხოლოდ ერთი ხომალდი შეიძლება იმყოფებოდეს, ისიც მხოლოდ დღის საათებში და მას აუცილებლად უნდა აცილებდეს ბუქსირები. შედეგად – ტანკერებს რიგში დგომა უწევთ 14-დან 35 საათამდე, რაც ფინანსურ ზარალს აყენებს კომპანიებს.

არხი „სტამბული“ არა მარტო საშიშ ტვირთებს გაიტანს ქალაქის ცენტრიდან, არამედ მთლიანობაში განტვირთავს ბოსფორს, რომელსაც ყოველდღიურად საშუალოდ 43 ათასი ხომალდი სერავს (დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე სუეცის არხს). იმავდროულად კი სრუტის გათვლილი გამტარუნარიანობა სულ 25 ათასი ერთეულია.

ღია წერილის გამო: თურქეთში ათი ადმირალი დააკავეს

ხელოვნური სატრანსპორტო დერეფნის უპირატესობა მკვეთრი მოსახვევების არარსებობაა. ეს მაშინ, როცა ბოსფორის სრუტეში ყველაზე მკვეთრი მოსახვევი 90 გრადუსიანია. როგორც პროექტის საიტზეა ნათქვამი, სრუტეში ძლიერი დინებებისა და მჭიდრო მოძრაობის გათვალისწინებით, ეს სერიოზულად ზრდის ავარიების რისკს.

მიუხედავად ამგვარი არგუმენტებისა, არხის პროექტი, რომლის დაახლოებითი ღირებულება 10-25 მლრდ დოლარად ფასდება, მწვავე კრიტიკას აწყდება თურქი მეცნიერების, ეკოლოგებისა და პოლიტიკოსების მხრიდან.

ორი ზღვა საფრთხეში

ანკარის უნივერსიტეტის ოკეანოგრაფის, პროფესორ ჯემალ საიდამის აზრით, არხის მშენებლობა შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს შავი და მარმარილოს ზღვების ეკოსისტემებისთვის.

საქმე ისაა, რომ შავი ზღვა მარმარილოსაზე დაახლოებით 30–50 სანტიმეტრით ღრმაა. ბოსფორის სრუტეში „მოქმედი“ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დინება შავ ზღვას ვერ ამეჩხერებს, ვინაიდან ის „მეზობლის“ წყლებით იკვებება. ხოლო არხი, რომელშიც წყალი მხოლოდ მარმარილოს ზღვის მიმართულებით იმოძრავებს, შავი ზღვის ეტაპობრივად გამეჩხერებას გამოიწვევს, რაც თევზების პოპულაციასაც შეამცირებს და გვალვებსაც მოიტანს.

სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ წყალგაცვლითი ბალანსის დარღვევა ყველა სანაპირო სახელმწიფოს შეეხება, მათ შორის, საქართველოს, რუსეთსა და უკრაინასაც.

„შავი ზღვის დონე ნამდვილად დაიწევს, მაგრამ არხის ზომების გამო წყლის გადინება კრიტიკული არ იქნება. ვფიქრობ, ეს პროცესი უფრო შესამჩნევი იქნება ჩრდილოეთ შავი ზღვისპირეთის სანაპიროებზე — ოდესაში, ხერსონში და ა.შ.“ — ამბობს ოკეანოგრაფიის ექსპერტი ვლადიმირ ბელოკოპიტოვი.

მისი თქმით, სხვა სახის ზიანი მიადგება მარმარილოს ზღვას, რომელიც შავი ზღვისგან მაღალი მარილიანობითა და დაბალი ბიომრავალფეროვნებით განსხვავდება. შავი ზღვის წყლის დიდი მოცულობით შესვლა მკვეთრად გაზრდის ცოცხალი ორგანიზმების რაოდენობას მარმარილოს ზღვაში, რომლებიც ჟანგბადს შთანთქავენ. შედეგად – ის „კვდომას“ დაიწყებს, გაავრცელებს რა სტამბულსა და მის შემოგარენში გოგირდწყალბადის სუნს.

გეოპოლიტიკური თამაში

თურქეთის გეგმები არხის მშენებლობასთან დაკავშირებით, გარდა ეკოლოგიურისა, სამხედრო–პოლიტიკურ ასპექტშიც უნდა განვიხილოთ. ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების სტატუსს 1936 წელს მიღებული მონტრეს კონვენცია განსაზღვრავს.

რუსეთთან თანამშრომლობის გამო: აშშ თურქეთს სანქციებს უწესებს

ამ დოკუმენტის თანახმად, მსოფლიოს ყველა ქვეყნის სავაჭრო ხომალდს შეუძლია თავისუფლად გაიაროს სრუტეებში მცირე და მკაცრად განსაზღვრული ბაჟის გადახდის შემდეგ. ხომალდები იხდიან შუქურების, მაშველების, სამედიცინო, ბუქსირებისა და ლოცმანების მომსახურების საფასურს.

კონვენცია მკაცრად განსაზღვრავს შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების ყოფნის ვადას, მათ კლასსა და ტონაჟს.

ბოსფორის სრუტის ალტერნატიული არხის მშენებლობა ბადებს კითხვას: შეეხება თუ არა მას მონტრეს კონვენცია? როგორც თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, პროექტი საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებს სცდება და ამიტომ მას თურქეთი გააკონტროლებს სრულად.

რუსეთის იურიდიული უნივერსიტეტის საზღვაო სამართლის კათედრის ხელმძღვანელ ვასილი გუცულიაკს მიაჩნია, რომ ეს არსებით გავლენას ვერ მოახდენს შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

„ცნება „შავი ზღვის სრუტეები“ ბოსფორსა და დარდანელს მოიცავს. ეს კომპლექსური ცნებაა, რომელსაც კონვენცია არეგულირებს. დარდანელში შესვლის ფაქტით ხომალდი უკვე ექვემდებარება ამ დოკუმენტის ნორმებს. ამიტომ საუბრები მონტრეს კონვენციის ჩამოშლაზე სრული სისულელეა“, — განმარტავს ის.

ექსპერტის თქმით, გარკვეული რისკები შეიძლება წარმოიშვას მაშინ, თუ თურქეთი დარდანელის „დუბლიკატ“ მეორე არხს ააგებს. ასეთ შემთხვევაში უცხოეთის სახელმწიფოების სამხედრო ხომალდები დაუბრკოლებლად შევლენ შავ ზღვაში.

მიმოხილვა: ვინ დასახელდა საფრთხედ „ნატო 2030“-ის სტრატეგიაში

„შეიძლება დავუშვათ, რომ თურქეთი კიდევ ერთ არხს გათხრის, რათა ხომალდები ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში მოხვდნენ სრუტეების გაუვლელად. მაგრამ ეს ნაკლებსავარაუდოა. იმიტომ რომ ამას დაუყოვნებლივ მოჰყვება მსოფლიო თანამეგობრობის რეაქცია. საერთაშორისო შეთანხმების დარღვევის უფლებას თურქებს არავინ მისცემს“, — მიაჩნია გუცულიაკს.

საეჭვო სარგებელი

გაურკვეველი რჩება ისიც, როგორ ამოიგებს თურქეთის ხელისუფლება ძვირადღირებულ პროექტს და როგორ დაარწმუნებს გემთმფლობელებსა და დამფრახტველებს, გემები ფასიანი არხით გაატარონ და არა თითქმის უფასო ბოსფორით.

ქვეყნის მთავრობაში ასეთ სტიმულად რიგების არარსებობა მიაჩნიათ. მათ მაგალითად მოჰყავთ 2019 წლის შემთხვევა, როდესაც შავი ზღვის მხრიდან ბოსფორის მისადგომებთან, ამინდის გაუარესებისა და გავლის მკაცრი წესების გამო, უზარმაზარი რიგები წარმოიშვა. ეს იყო ყველაზე დიდი რიგი 2014 წლის შემდეგ.

ფორსმაჟორული ვითარების არარსებობის შემთხვევაშიც კი დიდი ხომალდების მფლობელები მაინც განიცდიან ზარალს. „200 მეტრზე გრძელი ტანკერების დამფრახტველების ყოველდღიური დანაკარგები რიგში დგომის გამო საშუალოდ 120 ათასი დოლარია“, — ამბობს თურქეთის გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის მინისტრი მურატ კურუმი.

გუცულიაკის აზრით, არხი „სტამბული“ ამ პრობლემებს გადაჭრის, თუ სუპერტანკერების სწრაფ გავლას უზრუნველყოფს.

„ეს აუცილებელია“: მაკრონს ნატოში თურქეთის ადგილის გარკვევა სურს

„ბოსფორის სრუტისა და არხის შედარება არ შეიძლება. სრუტე ფართოა — იქ შემხვედრი კურსით მოძრავ ხომალდებს ერთმანეთისთვის გვერდის ავლა შეუძლიათ, არხში კი ასეთი რამ ვერ მოხერხდება ტექნიკური თვალსაზრისითაც კი. მაგრამ თუ ის ორმხრივი არ იქნება, მაშინ რიგები გარდაუვალია. მეორე მომენტია სიღრმე. ბოსფორში სუპერტანკერები გადიან. ჩვენ რამდენჯერმე გავიარეთ სრუტე სუპერტანკერ „ყირიმით“ (სიგრძე 295 მ, წყალწყვა — 180 ათასი ტონა). მისი დაწევა 15 მეტრზე მეტი იყო. თანამედროვე ტანკერებისა კი კიდევ უფრო მეტია. შეძლებენ კი ასეთი ხომალდები არხში გავლას? სხვათა შორის, ეს რუსეთისა და ყაზახეთის უმთავრესი ინტერესია, რომლებსაც ნავთობი ბოსფორით გადააქვთ. მესამე მომენტია სიჩქარე. სრუტეში ის არ უნდა იყოს 10 კვანძზე მეტი, არხებში კი, როგორც წესი, ის კიდევ უფრო ნაკლებია. ვვარაუდობ, რომ „სტამბულში“ გავლის დრო ბოსფორთან შედარებით მეტი იქნება (ბოსფორის გავლის საშუალო დრო 1,5–2 საათია)“, —  ამბობს ექსპერტი.

ამასთან, მისი თქმით, არხი ფასიანი იქნება. მაგალითად, სუეცის არხის გავლისთვის გადასახადის რაოდენობამ შეიძლება რამდენიმე ასეულ ათას დოლარსაც კი მიაღწიოს — ეს ხომალდის ტონაჟზეა დამოკიდებული.

„ამიტომ არხი „სტამბული“ თურქეთის ბიუჯეტის შევსების კარგი წყარო იქნება“, — განმარტავს გუცულიაკი.

მისი თქმით, საბოლოოდ არხის მიმზიდველობა სრულად იქნება დამოკიდებული გადასახადის ზომაზე და მსხვილგაბარიტიან ხომალდებზე შეზღუდვების არარსებობაზე.

Sputnik-ის მიერ გამოკითხული ყველა სპეციალისტი ერთ რამეში თანხმდება: თურქეთის ხელმძღვანელობის მიერ გარეკლამებული ამბიციური პროექტის სარგებელ–ხეირი ჯერჯერობით ძალიან ბუნდოვანია.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს