სამსონ ხონელი
გადაწყვეტილება მიღებულია და მარტის შუა რიცხვებამდე ძალაშია. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიმდინარე წლის 3 თებერვლის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტის ნიშნულზე დატოვა. არადა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე ინფლაციური პროცესებისა და ეროვნული ვალუტის საშუალოდ 17 პროცენტის ფარგლებში გაუფასურების გათვალისწინებით, ექსპერტ-ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას ვარაუდობდა. მოლოდინი არ გამართლდა.
საინტერესოა, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, რა ფაქტორები გაითვალისწინა კობა გვენეტაძის უწყებამ მორიგი გადაწყვეტილების მიღებისას? როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ბოლო ორი თვის განმავლობაში წლიური ინფლაციის 2.8 პროცენტამდე შემცირება მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას უკავშირდება და დროებითი ხასიათისაა. არსებული პროგნოზით, მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 4 პროცენტის ფარგლებში შენარჩუნდება და შემდეგ უკვე მიზნობრივ მაჩვენებელს თანდათან დაუახლოვდება. ინფლაციის დინამიკაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, თუმცა მათ შორის ბოლო დროს ყურადღებას იქცევს საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვანი მატება, რაც განსაკუთრებით იანვარში გამოიკვეთა. ბუნებრივია, ინფლაციაზე ნეგატიური ზეწოლა რჩება COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური შეზღუდვების გახანგრძლივების ვითარებაში წარმოების ხარჯების ზრდისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: მიუხედავად შედარებით ძლიერი შიდა მოთხოვნისა, საგარეო მოთხოვნის მკვეთრი კლების გამო კვლავ შემცირებულია ერთობლივი მოთხოვნა. მართალია, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ასუსტებს ერთობლივი მოთხოვნის ნეგატიურ გავლენას ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე, მაგრამ ეკონომიკის დოლარიზაციის მაღალი ხარისხის გამო ინფლაციაზე ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის გავლენა საკმაოდ საგრძნობია.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა გაითვალისწინეს, რომ კვლავ გაურკვეველია როდიდან დაიწყება გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენის პროცესი და როგორი იქნება მისი დინამიკა. რთულად პროგნოზირებადია ადგილობრივი დაკრედიტების ზრდის ტემპიც. სავარაუდოდ, გასული წლის ეკონომიკური სტაგნაციის შემდეგ მიმდინარე წლიდან ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივი აღდგენა და მთლიანი შიდა პროდუქტის 4 პროცენტის ფარგლებში ზრდაა მოსალოდნელი. როგორც კობა გვენეტაძის უწყებაში განმარტავენ, ზრდის მთავარი განმსაზღვრელი ადგილობრივი მოთხოვნა იქნება. საგარეო მოთხოვნა კი მხოლოდ მცირედით გაიზრდება და ჯამში მნიშვნელოვნად შემცირებული დარჩება.
ერთი სიტყვით, როგორც ეროვნულ ბანკში განაცხადეს, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება გამოიკვეთა. ითქვა ისიც, რომ, მართალია, იპოთეკური კრედიტების საპროცენტო ხარჯის ნაწილობრივი სუბსიდირების სამთავრობო პროგრამის დასრულებას ფაქტობრივად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი აქვს, მაგრამ კომიტეტი მომავალში რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის ზრდას არ გამორიცხავს.
და, ბოლოს, ეროვნული ბანკი გვპირდება, რომ ეს უწყება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს დააკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. დაპირება არახალია და მოულოდნელიც არ უნდა იყოს. დაკვირვების შედეგს ყველაზე ადრე 17 მარტს შევიტყობთ, როცა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართება.
ერთად ვნახოთ, მაინც რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას იმ მოქალაქეთათვის, რომელთა კრედიტებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. ხუმრობა ხომ არ არის, თითქმის 125 ათას მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება! პროცენტი რომ არ მცირდება, ამას ვინ ჩივის, ახლა მთავარია, კიდევ უფრო არ გაიზარდოს, − გაიფიქრებს მკითხველი და არ გამიკვირდება. მეტი კონკრეტიკისთვის ურიგო არ იქნება, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული კრედიტების სტრუქტურაში გავერკვეთ. საამისოდ კი ეროვნული ბანკის მონაცემები და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მიმოხილვა მოვიშველიოთ.
მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7246.1 მილიონი ლარის მოცულობის 124 400 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. გასული წლის ბოლო ორ თვეში ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 1100-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი 400.4 ათასი ლარით გაიზარდა.
საგულისხმოა, რომ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებს შორის რაოდენობრივად ყველაზე მეტი ხელშეკრულება ე.წ. იპოთეკურ, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზეა გაფორმებული. 1 იანვრის მონაცემებით, გაცემულია 54300 იპოთეკური სესხი, პორტფელის მოცულობამ 2646.1 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 10.66 პროცენტი შეადგინა.
მომდევნო პოზიცია ე.წ. სამომხმარებლო სესხებს უკავია. ამ ტიპის 36100 სესხია გაცემული, მთლიანი პორტფელის მოცულობა 965.7 მილიონი ლარია. ეროვნულ ვალუტაში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 13.07 პროცენტი შეადგინა.
ლოგიკურია, რომ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ე.წ. ბიზნეს-სესხების რაოდენობაზეც ნეგატიურად აისახა. გასული წლის 1 ნოემბერთან შედარებით 2700-ით ნაკლები, 30000 ხელშეკრულებაა გაფორმებული. მთლიანი მთლიანი პორტფელის მოცულობა კი 3397.7 მილიონი ლარია. კომერციული ბანკები აშკარად მსხვილ ბიზნესს უფრო წყალობდნენ. ეს სექტორი ბანკებმა 2308.1 მილიონი ლარით, საშუალო შეწონილ 11.88 პროცენტში დააკრედიტეს. მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1089.6 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12.87 პროცენტში.
მიმდინარე წლის 1 იანვრის მონაცემებით, ყველაზე მცირე რაოდენობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხია გაცემულია, სულ 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 19.4 მილიონი ლარი ბანკებმა საშუალოდ 12.63 პროცენტში გაასესხეს.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ კრედიტებს შორის შეხვდებით სესხებს, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობაც უცნობია. ასეთი 3100 სესხია გაცემული. პორტფელის მთლიანი მოცულობა 100.2 მილიონი ლარია.
კიდევ ორიოდე პარამეტრი და დასკვნაც არ დააყოვნებს: 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.7 პროცენტს შეადგენს. ანალიტიკური წრეების შეფასებით, ძალზე ლოგიკურია ის ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება. კერძოდ, საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მაღალია სამომხმარებლო სესხზე − 14.88 პროცენტი, ხოლო ყველაზე დაბალია იპოთეკურ კრედიტებზე − 11.60 პროცენტი.
ბოლოს, დასკვნის სახით: გასული წლის ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ქვეყანაში გაზრდილია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების, როგორც ხელშეკრულებების რაოდენობა, ისე მთლიანი საკრედიტო პორტფელის მოცულობა.