ძველი–ახალი მთავრობა და „ოცნების“ ეკონომიკის თავგადასავალი

ხალხის რჩეულებმა გადაწყვეტილება მიიღეს – მთავრობის შემადგენლობა უცვლელია. რატომ? შეძლებს თუ არა გიორგი გახარიას კაბინეტი გაუმკლავდეს ეკონომიკურ კრიზისს, რა გზა გაიარა ქვეყნის ეკონომიკამ „ოცნების“ წლებში?
Sputnik

სამსონ ხონელი

ისე აგიხდეთ ყველა ოცნება, როგორც ეს პროგნოზი გამართლდა! ასეთი რა ხდება? - შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. რა გაეწყობა, განვმარტავ. ორიგინალური არ ვიყავით, როცა ვივარაუდეთ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში მთავრობის დამტკიცებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა. ასეც მოხდა. ხალხის რჩეულებმა გიორგი გახარიას მთავრობას ნდობა გამოუცხადეს. მივანიშნებ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ უკვე რიგით მეხუთე პრემიერ-მინისტრია და ისევე, როგორც თავის დროზე გიორგი კვირიკაშვილს, ახლა მასაც ორი მოწვევის პარლამენტმა დაუჭირა მხარი. შეხვდება თუ არა მორიგ საპარლამენტო არჩევნებს გიორგი გახარია მთავრობის თავმჯდომარის რანგში, ამას დრო გვიჩვენებს.

ათი დღით ადრე, ანუ ლარის წინასაახალწლო განწყობა

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას არ ჩამოვთვლი, დარწმუნებული ვარ, რომ მკითხველს კარგად მოეხსენება. ერთადერთი ცვლილებაა – თეა წულუკიანმა დეპუტატის მანდატი მოიპოვა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტი ჩაიბარა. იუსტიციის მინისტრის სავარძელი კი გოჩა ლორთქიფანიძემ დაიკავა. ერთი სიტყვით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის მართვას ძველი–ახალი მთავრობით განაგრძობს. რატომ? თავად პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის ამ შემადგენლობამ კრიზისულ მენეჯმენტს თავი კარგად გაართვა, დაწყებულია რეფორმები და ეს პროცესი ბოლომდე უნდა მივიდეს. 

სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში პოლიტიკურ თუ ანალიტიკურ წრეებში მთავრობის შემადგენლობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე პრაქტიკულად არავის უსაუბრია. პოლიტიკური ველის ოპოზიციურ ფლანგთან აფილირებული „კეთილისმსურველი“ ექსპერტები მმართველ გუნდს ურჩევდნენ, რომ სხვა თუ არა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძის ჩანაცვლებაზე მაინც ეზრუნათ.

მთავრობა გადადგა! მთავრობა ხალხს ანგარიშს აბარებს

დასამალი არ არის, ტონიც კატეგორიული იყო. რატომ? შეგვიძლია ვივარაუდოთ, „გულწრფელი“ რჩევა მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების უკეთესობისკენ შეცვლითა და ჯანდაცვის სისტემაში პანდემიით გამოწვეული ობიექტური პრობლემების მოგვარების სურვილით იყო ნაკარნახევი. შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ წყაროზე იმასაც ამბობენ, რომ „გულშემატკივართა“ მოწადინების მიზეზი ეკატერინე ტიკარაძის რეკომენდაციით შექმნილი საქართველოს მთავრობის მიერ გასული წლის 5 ნოემბერს მიღებული N520 დადგენილებაა. ეს დოკუმენტი, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, „საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გასაწევი სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ტარიფებს არეგულირებს. კი, მაგრამ, ამას თემასთან რა კავშირი აქვს? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. აბა, მე რა შემიძლია გითხრათ? პასუხად ისევ „წყაროზე მოსმენილს“ მოგახსენებთ. დადგენილების ძალაში შესვლიდან სამედიცინო ბიზნესს თანდათან შემოსავლები შეუმცირდა. მას შემდეგ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სამედიცინო მომსახურებისათვის გაწერილი დაფინანსების მაქსიმალური ზღვარი შემცირდა, მავანთ ახალი სამკურნალო დაწესებულებების გახსნის სურვილი დაკარგეს. ამაშია საქმე!..

მთავარი ბანკირის გეგმები... რა გადაწყვიტეს ეროვნულ ბანკში?

საკადრო არა, მაგრამ სტრუქტურული ცვლილებების მოლოდინი კი ნამდვილად იყო. კერძოდ, ვარაუდობდნენ, რომ მთავრობის სტრუქტურაში კვლავ შეიქმნებოდა კულტურის სამინისტრო. მმართველ გუნდში ამ საკითხზე დიდი ხანია მსჯელობენ. როგორც თავად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საპარლამენტო ტრიბუნიდან აცხადებს, კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს. ფაქტია, ვარაუდი არ გამართლდა, საკითხი მომავლისთვის გადაიდო. რატომ? სავარაუდოდ, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როცა 2021 წლის საბიუჯეტო ასიგნებათა უდიდი ნაწილი სოციალური დახმარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიზნობრივი პროექტების დაფინანსებას უნდა მოხმარდეს, მმართველი გუნდი ადმინისტრაციული ხარჯების ზრდას მოერიდა. არ არის რთული წარმოსადგენი, შექმნილ სიტუაციაში ახალი სამინისტროს შექმნას საზოგადოებაში რა რეაქცია მოჰყვებოდა.

კრედიტის ფასი, ანუ ემუქრება თუ არა საქართველოს დეფოლტი?

იმედია, მკითხველი დამეთანხმება, ყოველი ჩვენგანისთვის მთავრობის ეფექტური მუშაობის მთავარი საზომი ეკონომიკაა. ამ კონტექსტში ურიგო არ იქნება, თუ მოკლედ მიმოვიხილავთ საქართველოს ეკონომიკის ზრდის დინამიკას „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში.

„საქსტატის“ მონაცემებით, გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 5 პროცენტით გაიზარდა. ეს 2012 წლის მომდევნო პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ 2004-2012 წლების საშუალო მაჩვენებელს ჩამორჩება.

ანალიტიკოსები მიანიშნებენ, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ მთლიანი შიდა პროდუქტის დაანგარიშების მეთოდებში რიცხვებით მანიპულირების საშუალებები გააჩინა. ანუ? − ჩამეძიება მკითხველი. მოგახსენებთ, როგორც ექსპერტულ წრეებში განმარტავენ, ხელისუფლება ცდილობს ნომინალური ზრდა, ინფლაციის გათვალისწინების გარეშე, ლარში წარმოაჩინოს და ამით არარსებულ წარმატებებზე ილაპარაკოს. თავის მხრივ ოპოზიცია დოლარებში გადაყვანით ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ გასულ წელს შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 2012 წელთან შედარებით შემცირდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს მიდგომაც არასწორია, რადგან 2009 წლის შემდეგ 2020 წლამდე საქართველოში ეკონომიკური ვარდნა არ დაფიქსირებულა. „საქსტატის“ ცნობით, ლარში დათვლით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ წელიწადში 44,599 მილიარდი ლარიდან 49,253 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. მატება − 4,654 მილიარდი ლარია. დოლარებში კი, პირიქით, ამავე პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტი 125 მილიონი დოლარით შემცირდა და სულ 17,471 მილიარდი დოლარი შეადგინა. ანალოგიურ სურათს მივიღებთ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებითაც. ეროვნულ ვალუტაში 11 970 ლარიდან 13 240 ლარამდე ზრდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში 4 722 დოლარიდან 4 696 დოლარამდე კლება ფიქსირდება.

ქამარმოჭერილი ბიზნესი და არაპროგნოზირებადი ეკონომიკა...

უფრო გრძელვადიან პერიოდს თუ შევხედავთ, 2013-2019 წლებში ლარში დათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 7 690 ლარიდან 13 240 ლარამდე, ანუ 72 პროცენტით გაიზარდა, დოლარში დათვლით კი 4 624 დოლარიდან 4 696 დოლარამდე, სულ 1,5 პროცენტით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს 4 739 დოლარი ფიქსირდებოდა, ანუ 2014-2019 წლებში თითქმის ორპროცენტიანი კლება დაფიქსირდა.

რომელი მეთოდია სწორი – „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, 2013-2019 წლებში ეკონომიკა გაიზარდა 72 პროცენტით თუ 1,5 პროცენტით? − დაინტერესდება ჩვენი მკითხველი. ანალიტიკოსთა განმარტებით, არც ერთი მეთოდი არ არის სწორი. ეკონომიკა 72 პროცენტით რომ გაზრდილიყო, მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო წლიური 8-პროცენტიანი ზრდა უნდა ყოფილიყო. ეკონომიკის 1,5 პროცენტით გაზრდის შემთხვევაში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო წლიური 0,2-პროცენტიანი ზრდა უნდა გვქონოდა. რეალურად კი საშუალო წლიური ზრდა 3,9 პროცენტი იყო. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს განვითარებადი ღარიბი ქვეყნისთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელია, თუმცა, მათივე თქმით, ნულოვანისგან განსხვავდება. ჯამურად 2013-2019 წლებში საქართველოს ეკონომიკა 32 პროცენტით გაიზარდა. ერთი სიტყვით, იმის მტკიცება, რომ 2013-2019 წლებში ეკონომიკა 72 პროცენტით გაიზარდა ზუსტად ორნახევარჯერ აღემატება რეალობას, მაგრამ ასევე მცდარია საუბარი, რომ საანგარიშო პერიოდში ეკონომიკის ზრდა საერთოდ არ ყოფილა.

ლარის საშემოდგომო თავგადასავალი და მზადება ახალი წლისთვის...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2012 წლის შემდეგ მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე მაღალი 5-პროცენტიანი ზრდა გასულ წელს აღინიშნა. ანალიტიკურ წრეებში აღნიშნავენ, რომ ასეთი ზრდის პირობებში ეკონომიკის გაორმაგებას, სულ ცოტა, 15 წელი დასჭირდება, რაც საქართველოსთვის ბევრია.

როგორია მიმდინარე წლის მაჩვენებელი? − მიმანიშნებს მკითხველი. ლეგიტიმური შენიშვნაა. რა გაეწყობა, 2020 წლის სამი კვარტლის მონაცემებს გაგაცნობთ. მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი 5 პროცენტით შემცირდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ოქტომბერ-ნოემბერში წერტილოვანი შეზღუდვები გაფართოვდა და გამკაცრდა, ადვილი პროგნოზირებადია, რომ ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტი იქნება. თავად ხელისუფლება წლის ბოლოსთვის საშუალო 5-პროცენტიან ვარდნას ვარაუდობს. ასეც რომ იყოს, ეს 1994 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი იქნება. 2009 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნა 3.7 პროცენტი იყო.

ვისი რამდენი გვმართებს და რატომ?

და, ბოლოს, მოვლენებს წინ გავუსწრებ და მოგახსენებთ, თუ მთავრობის ვარაუდი გამართლდა და მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტი საბოლოოდ მხოლოდ 5 პროცენტით შემცირდა, 2013-2020 წლებში, ანუ „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წლის თავზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 26 პროცენტის ნიშნულზე დაფიქსირდება.

წერტილის დასმას ვაპირებდი, როცა მეგობარი მესტუმრა, კომპიუტერს მიუჯდა და სტატიას თვალი გადაავლო. ეჰ, მეგობარო, ციფრებს რა მნიშვნელობა აქვს, არც ის არის არსებითი, ვინ და როგორ ითვლის, ეკონომიკის ზრდასა და ვარდნას ყველა საკუთარ ჯიბეზე გრძნობსო...