ჩხენკელი: გადამზადებული უფროსკურსელები ექიმებს უკვე ორშაბათიდან დაეხმარებიან

მინისტრის განცხადებით, გადამზადებული უფროსკურსელები ძირითადად ქოლ-ცენტრში, კოვიდ-სასტუმროებსა და საკარანტინო სივრცეებში იმუშავებენ.
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ორშაბათიდან სამედიცინო რეზერვი, უფროსკურსელთა ბაზა უკვე მზად იქნება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ევროპის უნივერსიტეტი მზადაა ქართველ მედიკოსებს დაეხმაროს>>

მინისტრის განცხადებით, უფროსკურსელებმა სწრაფი კურსის გავლა უკვე დაიწყეს, რათა საჭიროების შემთხვევაში მზად იყვნენ, რომ ექიმებს ეპიდვითარების მართვაში დაეხმარონ.

„ეს იქნება მოკლე, სწრაფი კურსი, რომელშიც შედის როგორც ქოლ-ცენტრში მუშაობა, ასევე კოვიდ-სასტუმროში ან საკარანტინო სივრცეში მუშაობა“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, უფროსკურსელი სტუდენტები ექიმებს არ ჩაანაცვლებენ, ისინი უბრალოდ დაეხმარებიან მათ.

მედპერსონალის რეზერვისთვის: სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელებს გადაამზადებენ>>

„ეს მნიშვნელოვანია მათი ცოდნისთვისაც და თუ ექიმებს დახმარება დასჭირდათ, დარწმუნებული ვარ, უფროსკურსელები ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ“, – აღნიშნა ჩხენკელმა.

მიხეილ ჩხენკელმა სამედიცინო უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

პროცესის ეფექტიანი მართვის მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც, პანდემიური სიტუაციის შესაბამისად, კოორდინაციას უწევს უფროსკურსელების გადამზადების და, საჭიროების შემთხვევაში, მათ საქმეში ჩართვის პროცესს.

ტრენინგ–კურსებს წითელი ჯვარი ჩაატარებს, რომელიც 28 ოქტომბერს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში (სდასუ) დაიწყება.

26 ოქტომბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებთან და სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილება და სამოქმედო გეგმა გააცნო. გეგმა სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების გადამზადებას ისახავს მიზნად.

დღის სტატისტიკა: კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით

მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში ეპიდემიური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა დღე-ღამური მატება უკვე ოთხნიშნა რიცხვებით გამოისახება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1731-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 33858-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 14829 ადამიანი, გარდაიცვალა – 253, კარანტინის რეჟიმშია 3507, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4022 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2344 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.