თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევიდან 636 თბილისს უკავშირდება, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, შემდეგ კი იმერეთის რეგიონი.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსის ინფექციის სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 333, იმერეთი – 320, ქვემო ქართლი – 121, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 119, შიდა ქართლი – 76, კახეთი – 45, სამცხე-ჯავახეთი – 39, გურია – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15, მცხეთა-მთიანეთი – 9.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 15 ადამიანი, მათ შორის თბილისში – ოთხი ადამიანი, აჭარაში – შვიდი და იმერეთში – ოთხი პაციენტი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს გარდაცვალების 253 შემთხვევა“, – აღნიშნა სიჭინავამ.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 18 750 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში 4022 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის, თბილისში – 2012, აჭარაში – 673.
521 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 120 პაციენტი – თბილისში 67, აჭარაში 23.
კოვიდ–სასტუმროებში მოთავსებულია 2 344 ადამიანი: თბილისში 1250, აჭარაში კი 824. ბინაზე მკურნალობს 12 384 პაციენტი.
დღევანდელი მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 001 პირი, აქედან თბილისში – 3 283 პირი, აჭარაში – 11 793, იმერეთში – 4 072. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 3 507 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 726, აჭარაში – 1788.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 33858-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 14829 ადამიანი, გარდაიცვალა – 253, კარანტინის რეჟიმშია 3507, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4022 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2344 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.