ბიშექტომიას მიმართავენ ქალბატონები, რათა მათი სახის ნაკვთები უფრო გამოიკვეთოს. ამ პროცედურის გაკეთების შემდეგ სახე გამხდარი ჩანს და ნაკვთებიც მეტად იკვეთება.
ამ ოპერაციისთვის არა ერთ ცნობილ ადამიანს მიუმართავს, მათ შორის არიან მოდელი ბელა ჰადიდი, ანჯელინა ჯოლი, ვიქტორია ბექემი, თურქი მსახიობი ჰანდე ერჩელი და სხვა. შედეგი საკმაოდ შესამჩნევი და შთამბეჭდავია.
როგორ იცვლება სახის ნაკვთები ოპერაციის შემდეგ
ამ ერთი შეხედვით მარტივ პროცედურას, პატარა ჯადოქრობის მოხდენა ნამდვილად შეუძლია. პროცედურის შემდეგ სახეს მნიშვნელოვნად ეცვლება ფორმა: მცირდება ლოყების ზომა, იკვეთება ყვრიმალები, მცირდება ტუჩებისა და ცხვირის მიდამოებში ნაოჭების რაოდენობა.
რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა
პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება და დაახლოებით 40-60 წუთი გრძელდება. ის დიდ დისკომფორტთან არ არის დაკავშირებული. სარეაბილიტაციო პერიოდი 3-5 დღეს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში შეიმჩნევა შეშუპება, ამიტომ სავალდებულოა სპეციალური კომპრესიული ნიღბის ტარება.
ვის უნდა ვანდოთ ოპერაცია
ბიშექტომიის ჩატარება მხოლოდ სტერილულ საოპერაციოში უნდა მოხდეს და არა სტომატოლოგიურ ან კოსმეტოლოგიურ კაბინეტში. პროცედურა გამოცდილმა ექიმმა უნდა ჩაატაროს – პლასტიკურმა ან ყბა-სახის ქირურგმა. სპეციალისტი გამოგკითხავთ და დაგინიშნავთ გამოკვლევებს და რაც მთავარია, სწორად შეაფასებს ბიშას ბურთულების სრული თუ ნაწილობრივი ამოკვეთა უნდა მოხდეს და როგორი იქნება მოსალოდნელი შედეგი.
ვისთვის არის დაუშვებელი ბიშექტომიის ჩატარება
ბიშექტომიის პროცედურის ჩატარება 25 წლამდე არ არის რეკომენდირებული, რადგან ამ ასაკამდე ქსოვილები ფორმას იცვლის და ბიშექტომიის შემთხვევაში, შეიძლება ამ ცვალებადობამ კანის ჩამოწელავა და ნაადრევი დაბერება გამოიწვიოს.
რა უარყოფითი მხარე აქვს ბიშექტომიას
ქალბატონები, რომლებმაც პროცედურა 10-15 წლის წინ ჩაიტარეს, უფრო დაღლილად გამოიყურებიან. ამის მიზეზი ჰორმონალური ცვლილებებია, რომლებიც თან ახლავს დაბერების პროცესს. თუ ნორმალურ პირობებში, დროთა განმავლობაში ეს პროცესი იწვევს ბიშას ბურთულების დეფორმაციას და ლოყების ჩავარდნას, ადრე ჩატარებული ბიშექტომიის და ბიშას ბალიშების ამოკვეთის შემთხვევაში ეს ეფექტი უფრო თვალშისაცემი ხდება.
სანამ ოპერაციას გადაწყვეტთ გაითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი
შედეგი შეიძლება დროებითი იყოს, რადგან ეს ინდივიდუალურია და დიდად არის დამოკიდებული სხეულის მასის ცვალებადობაზე. შესაძლოა სახის ახალი ფორმა არ მოგიხდეთ. სახისთვის კი ადრინდელი ფორმის მიცემა საკმაოდ რთულია.
რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ოპერაციას
გახსოვდეთ, შესაძლოა ყველა ქირურგიულ პროცედურას ახლდეს გართულებები, თუ არ დაიცავთ ექიმის მითითებებს. ბიშექტომიის შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს: Სისხლდენა, შეშუპება, ტკივილი სახის არეში, სითხის დაგროვება, ინფექცია და სხვა.
როდის ვიღებთ საბოლოო შედეგს
საბოლოო შედეგი შეიძლება რამდენიმე კვირაში გახდეს შესამჩნევი. ოპერაციით მიღებული შედეგი სამუდამოა, ამიტომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, დეტალურად მიიღეთ ინფორმაცია პლასტიკური ქირურგისგან. შეაფასეთ რისკბი და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.
ჯანმრთელობას და სილამაზეს გისურებთ!