ბევრი ადამიანი გეტყვით, რომ გაზიანი სასმელი ვნებს, თუმცა მიზეზი, თუ რატომ არის ის მავნე, არ იცის, ან მცდარი ინფორმაცია აქვს ამის შესახებ. ალბათ ხშირად გაგიგით „გაზგასული ბორჯომი“, „გაზგასული ლიმონათი“, მითია თუ რელობა ეს ტერმინი და რეალურად რაში მდგომარეობს გაზიანი სასმელის მავნებლობა, ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუჭაშვილი საუბრობს.
- ზოგიერთი სამედიცინო მითის გამო ადამიანები არასაჭირო ქმედებებს სჩადიან. ამის ერთ-ერთი მაგალითია გაზიანი სასმელებიდან გაზის მოცილების პროცედურა, რადგან საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სამედიცინო მითია, რომ გაზიანი სასმელი მავნეა ორგანიზმისთვის.
განსაკუთრებით ხშირად ამბობენ ამას ჰეპატიტის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების მქონე პაციენტები და სვამენ გაზგასულ სასმელს. „გაზგასული ბორჯომი“, როგორც დიეტის ნაწილი, საბჭოთა მედიცინის ერთ-ერთი მემკვიდრეობაა.
საქმე ისაა, რომ გაზიანი სასმელის მავნებლობა არა თვითონ იმ ბუშტუკებშია, რომელიც მხოლოდ ნახშირორჟანგია, არამედ სასმელის შემადგენლობაში. რეალურად, როდესაც ექიმები გაზიანი სასმელებისგან თავის შეკავებას ურჩევენ, გულისხმობენ ამ სასმელში შაქრის და ქიმიური დანამატების მავნე ზემოქმედებას და არა ბუშტუკებს, რომელთა მავნებლობა არაფრით არ არის გამოხატული.
შეიძლება გაზის ბუშტუკები მექანიკურად გაბერვის შეგრძნებას იწვევდეს, მაგრამ ამას ჯანმრთელობისთვის რაიმე საზიანო შედეგები ფაქტიურად არა აქვს.
არსებობს მოსაზრებები, მაგალითად, გაზიანი სასმელების კბილების მინანქარზე მავნე ზემოქმედების შესახებ, თუმცა ესეც მხოლოდ შაქრის შემცველობით აიხსნება და არა გაზის.
ხშირად ადამიანები სვამენ არა გაზიან, არამედ შაქრის შემცველ სხვა სითხეებს, რადგან ჰგონიათ, რომ თუ სასმელი გაზიანი არ არის, შესაბამისად, არ არის მავნე. ცხადია, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და ის შაქარი და ქიმიური დანამატები, რომლებიც შეიძლება იყოს არაგაზიან სასმელებშიც, ისევე არ არის სასურველი ჯანმრთელობისთვის, როგორც გაზიანი სასმელები.