მწვავე დებატები საქართველოში: სიცრუეში დადანაშაულება და მოულოდნელი საჩუქრები

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა - ეს ყველაზე ცხელი პერიოდია მწვავე ტელედებატებისთვის
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი - Sputnik. მორიგი პოლიტიკური დებატები პირველი არხის ეთერში საკმაოდ მწვავედ ჩატარდა.

ამჯერად გადაცემაში „დებატები 2020“ მონაწილეობა მიიღო მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეხუთე ნომერმა და პარლამენტის ვიცესპიკერმა მამუკა მდინარაძემ.

წინასაარჩევნო რბოლა: 48 პარტია და ორი ბლოკი – სრული ჩამონათვალი>>

მისი ოპონენტი იყო პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი და პრემიერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ვაშაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო და იმ დროის ყველაზე წარმატებული პროექტის - იუსტიციის სახლის ავტორია.

საჩუქარი

გადაცემის დასაწყისშივე ვაშაძემ გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვინაიდან სწორედ მისი და არა მდინარაძის ნახვის იმედი ჰქონდა ოპონენტის სავარძელში.

წერილი პუტინს, სამოთხე დედამიწაზე და კოოპერატივები სოფლად: ცოცხალი დებატები საქართველოში

 „სამწუხაროდ, ჩემთან ერთად აქ უნდა მჯდარიყო პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც მათი სიის პირველი ნომერია. მაგრამ ის არ მოვიდა, რადგან ეშინია. ეშინია პასუხი გასცეს ხალხის კითხვას, თუ რატომ არის მილიონზე მეტი ადამიანი მშიერი დღეს საქართველოში. მას ეშინია პასუხი გასცეს იმ ადამიანებს, რომლებიც უმუშევარი დარჩნენ კერძო სექტორში, კორონავირუსამდე 40 ათასი ადამიანი, მას შემდეგ - გაცილებით მეტი. მას ეშინია გასცეს პასუხი, თუ რატომ მოხდა ისე, რომ თვითონ გამდიდრდნენ, ხალხი კი გაღარიბდა. მას ეშინია გასცეს პასუხი კითხვას, რატომ არ შეასრულა არცერთი დაპირება“, - განაცხადა ვაშაძემ.

საპასუხოდ მდინარაძემ თავისი ოპონენტი სიცრუეში დაადანაშაულა. მისი თქმით, ვაშაძემ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ ის და მისი თანამებრძოლი ირაკლი კობახიძე ძვირფას საათებს ატარებენ. მტკიცებულების სახით მდინარაძემ ვაშაძეს კობახიძის მაჯის საათი აჩუქა.

 „სამწუხაროდ, ჩემმა ოპონენტმა დაიწყო ტყუილით და მისი ტყუილების შესახებ თავიდანვე უნდა ვთქვა. თავიდანვე უნდა ვამხილო ეს ადამიანი ტყუილში. იმიტომ რომ, მაგალითად, თავისი პიარკამპანიის აწყობა საათებზე გადაწყვიტა, ჩემი საათი საერთოდ არ იყო ის, რომელიც თავის სარეკლამო კლიპში გამოფინა, და ირაკლი კობახიძის საათიც არ იყო ის, რაც აქ (ბროშურაზე) არის წარმოდგენილი. მინდა გადავცე მას საჩუქრად ირაკლი კობახიძისგან ეს საათი, რომელიც მას შეახსენებს არა მარტო დროს, არამედ იმასაც, რომ არ უნდა მოიტყუოს“, - განაცხადა მდინარაძემ. 

სასამართლო სისტემა

ურთიერთბრალდებების შემდეგ დებატების მონაწილეებმა წამყვანის კითხვებს უპასუხეს. პირველი კითხვა ეხებოდა სასამართლო სისტემას და სექტემბრის ბოლოს მიღებულ კანონს „საერთო სასამართლოების შესახებ“. წამყვანი დაინტერესდა, რატომ არ დაელოდა მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და კანონი ნაჩქარევად მიიღო.

„დაკარგული შესაძლებლობა“: ევროკავშირი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ

 „საერთო ჯამში, დასკვნა იყო პოზიტიური... თქვენ იცით, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტის სხდომა არ ინიშნება. აქედან გამომდინარე, ან შემდეგ პარლამენტს უნდა განეხილა ეს საკითხი, ან ჩვენ უნდა დაგვემთავრებინა. ვენეციის კომისიასთან პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა და მათ იცოდნენ, რომ ეს იყო ბოლო სხდომა, როდესაც შეგვეძლო, თეორიულად და პრაქტიკულად მიგვეღო ეს კანონი. ასეც მოვიქეცით და შედეგად კომისიის დასკვნა პოზიტიურია. იქ იყო საუბარი რამდენიმე გამოწვევაზე, რაზეც ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი იდეალურად არის“, - აღნიშნა მდინარაძემ.  

თავის მხრივ, ვაშაძემ პირობა დადო, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მოსვლის შემთხვევაში, ის დაიწყებს სასამართლო რეფორმას, რათა „აღარავის ჰქონდეს შესაძლებლობა, ზეწოლა მოახდინოს სასამართლო ხელისუფლებაზე და ერთხელ და სამუდამოდ ისტორიას ჩავაბაროთ კლანური მმართველობა სასამართლო ხელისუფლებაში“.

„ოპოზიციურმა ფლანგმა მოვაწერეთ ხელი სასამართლო რეფორმების გრძელვადიან გეგმას. ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ მართლაც დამოუკიდებელი სასამართლო. პირველი: პირველი ინსტანცია - ნაფიცი მსაჯულები და არჩეული მოსამართლეები; შემდგომ ინსტანციებში ჩვენ აუცილებლად მოვიწვევთ უცხოელ მოსამართლეებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებს განიხილავენ. მესამე - უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანება. მეოთხე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა და სასამართლოს გათავისუფლება კლანისგან. და მეხუთე - იმ პრეცედენტების გადმოტანა, რომლებსაც ენდობა ყველა ინვესტორი ბიზნესდავებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვაშაძემ.

საგარეო პოლიტიკა

დებატების მორიგი თემა საგარეო პოლიტიკას შეეხო. მთავარ პრიორიტეტად ვაშაძემ ევროკავშირში საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია და დაახლოება დაასახელა.

როგორ განმარტეს აშშ–ის სახელმწიფო მდივნის გზავნილები საქართველოში

 „პირველ რიგში, ესაა იმ რეფორმების მყისიერი გატარება, რომლებსაც ისინი ითხოვენ დასავლური, დემოკრატიული სტანდარტებით. მეორე - ვაპირებთ ნატოში ინტეგრაციის ძალიან აქტიურ ფაზაში გადაყვანას, იმისათვის რომ ჩვენი უსაფრთხოება იყოს დაცული... ვაპირებთ რეფორმების გატარებას, რათა დავიბრუნოთ ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და მასთან ერთად შევასრულოთ რეგიონში მაკონსოლიდირებელი ცენტრის ფუნქცია“, - განაცხადა ვაშაძემ.

მმართველი გუნდის წარმომადგენლისთვის დასმული კითხვა ეხებოდა პრემიერ გახარიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველო მზადაა, საკუთარ თავზე აიღოს შუამავლის როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტში. წამყვანი დაინტერესდა, რამდენად ეყოფა ამის რესურსი საქართველოს.

„საქართველოს ამის რესურსი გააჩნია და საქართველო ამისათვის მზადაა, რომ მოლაპარაკების პროცესს უმასპინძლოს და აქტორის როლი შეასრულოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ქვეყნის საგარეო კურსს, ვიცესპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და ეს წარმატებულ რეფორმებს უზრუნველყოფს.

სააგენტო: ამომრჩეველთა სია უზრუნველყოფს პრინციპს „ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა“>>

 „როდესაც ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი ნატოდან ამბობს, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს ნატოსთან, როგორც არის დღეს, როდესაც ყველა რეფორმა, რომელზეც ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს ჩემი ოპონენტი, ფასდება უმაღლეს დონეზე, ეს გვაძლევს ამბიციის გამოთქმის, გამოხატვის საშუალებას, რომ 2024 წელს ჩვენ განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე. რომ არა თანმიმდევრული, სწორი პოლიტიკა, რომელიც 2012 წლის შემდგომ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ტარდებოდა, ჩვენ ასეთ თამამ განცხადებას ვერ გავაკეთებდით“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ეკონომიკა

ვაშაძის მტკიცებით, მას სჭირდება პრემიერის სტატუსი, რათა ინვესტორებთან გაემგზავროს და ესაუბროს იმაზე, რომ საქართველოს აქვს კონკურენტული უპირატესობები სხვა ქვეყნებთან შედარებით, რათა ისინი ჩამოვიდნენ და დიდი ინვესტიციები დააბანდონ.

როგორ განვითარდება საქართველო: „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხედვა და ვაშაძის დაპირებები

 „ჩვენ ვგეგმავთ კომპლექსური მიდგომების განხორციელებას, ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ლოკაციის კონკურენტული უპირატესობის გამოყენებას, ინდუსტრიული პარკების, წარმოების განვითარებას. ეს არის დიდი გეოგრაფიული ლოკაცია, სადაც ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესი იყრის თავს. ეს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კორეის მოდელია, რომლის გადმოტანას ვაპირებთ; აგროპარკების მეშვეობით - სოფლის მეურნეობის განვითარებას. მესამე - ვაპირებთ IT-ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში. და მეოთხე - ტურიზმის გაფართოებას სოფლებსა და ქალაქებში“, - განაცხადა ვაშაძემ.

თავის მხრივ, მდინარაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წარმატებული რეფორმების წყალობით, მათ შეძლეს ექსპორტის გაზრდა, რომელმაც პანდემიის პირობებშიც 8%-ით მოიმატა.

 „დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდი გვეუბნება, რომ რეფორმები - ფისკალურიც და მაკროეკონომიკურიც, იმდენად სწორად იყო დალაგებული, რომ ჩვენ გავუძელით პანდემიის დარტყმას და 5%-იანი რეცესია გვაქვს. სსფ პროგნოზირებს, რომ ხუთი პროცენტის პლუსში გასვლა 2021 წლისათვის სავსებით შესაძლებელია და შემდეგ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 5,5% - ეს არის ეკონომიკური ზრდის მინიმალური მაჩვენებელი და ევროპაში ყველაზე მაღალ ზრდას პროგნოზირებენ საქართველოსთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.

განათლება

რაც შეეხება განათლების სისტემას, მმართველი პარტიის წარმომადგენლის განმარტებით, „ქართული ოცნება“ აქცენტს გრძელვადიან პოლიტიკაზე აკეთებს.

 „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მშპ-ს 6% დაიხარჯება განათლებასა და მეცნიერებაში ანუ განათლება იმდენად პრიორიტეტული უნდა იყოს, რომ 6% დაიხარჯოს ყველა სეგმენტზე - სკოლამდელი აღზრდით დაწყებული, პროფესიული განათლებით დამთავრებული. ჩვენ პროფესიულ სწავლებაზე ვაკეთებთ აქცენტს, რათა გვყავდეს პროფესიონალები  ყველა მიმართულებით. ტექნოლოგიური მიმართულება ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - ხაზი გაუსვა მდინარაძემ.

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმაშია განათლების სისტემის გათავისუფლება პოლიტიკური გავლენისგან.

 „ჩვენ ვაპირებთ განათლების სისტემის სრული დეცენტრალიზაციის განხორციელებას, ვაპირებთ, მივცეთ თავისუფლება სკოლას, მივცეთ თავისუფლება მასწავლებლებს, რომ მასსა და მოსწავლეს შორის არ ერეოდეს პოლიტიკა,  რომ მას ჰქონდეს თავისუფალი არჩევანი და თავისუფალმა მასწავლებელმა თავისუფალი მოსწავლე აღზარდოს“, - განაცხადა ვაშაძემ.

კითხვა-პასუხი

დებატების ფარგლებში ოპონენტებს ერთმანეთისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ. მდინარაძემ ვაშაძეს სთხოვა, დაესახელებინა სამი განსხვავება მასსა და ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.

რას გვპირდება „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდგომ: მოკლედ და კონკრეტულად

 „იცით რა განსხვავებაა ჩემსა და სხვებს შორის? მე არასდროს კინკლაობაში არ შევდივარ და ყოველთვის საქმეზე ვსაუბრობ. მაშინაც კი, როცა ვაკრიტიკებ ამ გუნდს, მაშინაც კი ყოველთვის ვუთითებ, რა არის გასაკეთებელი ქვეყანაში, როგორ მოვიზიდოთ ინვესტიციები, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები. ესაა ჩვენი გუნდის ხელწერა. ჩვენ ვართ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი, ის გუნდი, რომელიც ყველა პოლიტიკური ძალისგან განსხვავდება ერთი რამით - ჩვენ ზუსტად ვიცით, რა არის გასაკეთებელი ქვეყანაში, ვართ პროფესიონალთა გუნდი სუფთა წარსულით და გვინდა, ქვეყანა დავაყენოთ ფეხზე... თქვენ საუბრობთ ჩემს წარსულზე, ჩემი წარსული - იუსტიციის სახლებია, თქვენი წარსული  - გაღატაკებული ხალხი, დაკარგული სამუშაო ადგილებია“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ვაშაძემ ოპონენტს გააცნო პენსიონერ ხათუნა გვენეტაძის დოკუმენტი, რომელსაც ძვირადღირებული წამლების შესაძენად მოუწია 36%-იანი სესხის აღება.

 „ასეთი ადამიანი, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ბევრია და ჩვენ ვცდილობთ მათ დავეხმაროთ. უკიდურეს სიღარიბეში თქვენი მმართველობის დროს 1 150 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ანუ მოსახლეობის 30%. ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მათი რაოდენობა 19%-ით შემცირდა. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ შევქმნით 200 ათას სამუშაო ადგილს დამატებით, დინამიკა და სტარტი ასეთია. შევქმენით 200 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი მხოლოდ კერძო სექტორში 2013 წლიდან მოყოლებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს იმის თქმის საშუალება, რომ ეს სამუშაო ადგილები ნამდვილად შეიქმნება“, - აღნიშნა მდინარაძემ.

არჩევნები უსაფრთხო პირობებში: ცესკომ ახალი წესები დაადგინა

ვისთან ერთად კოალიციაში?

დებატების ბოლოს წამყვანი დაინტერესდა, ვისთან ერთად მიაჩნიათ კოალიციის შექმნა შესაძლებელი და ვისთან - არა.

 „კოალიცია „ქართულ ოცნებას“, საბედნიეროდ, არ დასჭირდება. დღეს არ არსებობს რაციონალური ძალა, რომელთანაც პოლემიკაში შესვლა შეიძლება. დღეს ჩვენ ამის ნათელი მაგალითი დავინახეთ. როდესაც გჭირდება ტყუილის მოგონება, კოალიციაზე ფიქრი არ ღირს. მით უმეტეს, როდესაც რეიტინგი ამის შესაძლებლობას არ გაძლევს, არც ამბიციები უნდა გქონდეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

 „ერთადერთი, ვისთანაც ჩვენ კოალიციაში გაერთიანებას განვიხილავთ, პროდასავლური პოლიტიკური ძალები არიან. ჩვენ გამოვრიცხავთ კოალიციას იმ ადამიანებთან, რომლებიც ყველას ატყუებენ რვა წლის განმავლობაში“, - აღნიშნა ვაშაძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს.