წერილი პუტინს, სამოთხე დედამიწაზე და კოოპერატივები სოფლად: ცოცხალი დებატები საქართველოში

© REUTERS / David Mdzinarishviliწინასაარჩევნო პლაკატები
წინასაარჩევნო პლაკატები - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ისაუბრა, როგორ წარმოუდგენია საქართველო უახლოეს მომავალში

თბილისი, 7 სექტემბერი - Sputnik. ხუთი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლებმა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრას ცდილობენ, „პირველ არხზე“ წინასაარჩევნო დებატებში მიიღეს მონაწილეობა.

პრემიერი: სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა >>

გადაცემაში „დებატები 2020“ მონაწილეობა მიიღეს გიორგი ლილუაშვილმა („საქართველო“), გიორგი გაგნიძემ („შეცვალე საქართველო“), მამუკა ტუსკაძემ („სოციალური სამართლიანობისთვის“), მიხეილ სალუაშვილმა („ზვიადის გზა“ (ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის), გიორგი გიგაურმა („ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა“).

ეკონომიკური პროგრამა

პარტია „შეცვალე საქართველოს“ ეკონომიკური პროგრამის თანახმად, 2021-2022 წლებში ქვეყანაში აღარ იქნებიან უკიდურესად ღარიბი ადამიანები - მათ ფულითაც დაეხმარებიან და დასაქმების კუთხითაც.

„ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს სამოთხის ქვეყნად გამოცხადებას საგადასახადო მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ გადასახადები იქნება 0%, მაგრამ მოგების გადასახადი - 0,1-0,9%. იქმნება მოსახლეობის სააქციო საზოგადოება და წელიწადში ერთხელ მათ ჩაერიცხებათ მოგების გადასახადი, რომელიც საერთაშორისო კომპანიებმა უნდა გადაიხადონ. მეორე - არის საპენსიო ფონდის რეფორმა. ასევე „მონაკოს მოდელი“, როდესაც ჩვენ მდიდარ ფიზიკურ პირებს მსოფლიოში ვთავაზობთ 0%-იან საგადასახადო სისტემას და ამით ვიზიდავთ მათ, როგორც მონაკომ მოიზიდა მრავალი ცნობილი სახე. ეს მოგვცემს სწრაფი განვითარების საშუალებას“, - განაცხადა გაგნიძემ.

პარტიის „სოციალური სამართლიანობისთვის“ მთავარი მიზანი სიღარიბესთან ბრძოლა და დასაქმების მაქსიმალური წახალისებაა.

„ამის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის გადასახადების შემცირება. რა თქმა უნდა, გადასახადები უნდა შემცირდეს და ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე განპირობებული უნდა იყოს არა მხოლოდ ტურიზმით, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიებითაც. მე იმედი მაქვს, რომ შევძლებთ სოციალური სამართლიანობის აღდგენას“, - განაცხადა ტუსკაძემ.

პარტიის „ზვიადის გზა“ პროგრამაში აქცენტი კეთდება კანონის შემოღებაზე მეანაბრეებისა და იპოთეთ დაზარალებული მოქალაქეების დაცვის შესახებ.

„ჩვენი პროგრამა ორი ნაწილისგან შედგება. პირველი - ესაა პოლიტიკური, მეორე - ეკონომიკური. დალაგებული პოლიტიკური სისტემა არის ეკონომიკური წარმატების საფუძველი. თუ პოლიტიკური სისტემა არ დალაგდა, თუ სამართლებრივი სივრცე არ გაირკვა და არ ჩამოყალიბდა ისე, რომ ხელი შეეწყოს ამ პოლიტიკის განხორციელებას, ყოველგვარი ეკონომიკური საკითხების მოგვარებაზე ფიქრიც კი ზედმეტია“, - განაცხადა სულუაშვილმა.

„ქართული მარშის“ ეკონომიკური პროგრამის ნაწილია პროგრამა „გეორგიას“ შესრულება, რომელიც ითვალისწინებს ხალხის სოფლებში დაბრუნებას და ახალგაზრდობის დასაქმებას.

კომბოსტოს მოსავალი - Sputnik საქართველო
მინისტრმა ახალგაზრდა ფერმერების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

„ეს არის უნიკალური პროგრამა, რომლითაც თითოეულ სოფელში შეიქმნება თანამედროვე ტიპის კოოპერაციული სისტემა. გლეხი უნდა იყოს საკუთარი მიწის, საკუთარი რესურსის მფლობელი და ამას უნდა დაემატოს თანამედროვე ტექნოლოგიები. ეს ინვესტიციების გარეშე ვერ განხორციელდება. ჩვენ გვაქვს უნიკალური მიწები, რომლებსაც უნდა პატრონობა. არავითარი თურქული პროდუქცია, არავითარი ირანული პროდუქცია, არავითარი საზღვარგარეთული ნაგავი  ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქართული სოფელი. აღორძინდება სოფელი - აღორძინდება საქართველოც“, -  განაცხადა გიგაურმა.

ეკონომიკის ყოველწლიური ზრდის საშუალო ტემპი არანაკლებ 8%, ინფლაციის დონე არაუმეტეს 7% და ეროვნული ვალუტის სიმყარის შენარჩუნება ფულადი-საკრედიტო და ფისკალური პოლიტიკის კოორდინაციის გზით - ეს პარტია „საქართველოს“ ეკონომიკური პროგრამის ძირითადი მიმართულებებია.

„ესაა ქვეყნის განვითარების წინაპირობა, როდესაც ქვეყანაში საშუალო ფენა იქმნება. დასაყრდენი სახელმწიფოსი არის სწორედ საშუალო ფენა. ეკონომიკური ზრდა შეიძლება იყოს 8%-ზე მეტი, თუ ჩამოყალიბდება საშუალო ფენა“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

განათლება

განათლების სისტემაში ფუნდამენტური რეფორმის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას პარტია „სოციალური სამართლიანობისთვის“.

„აუცილებლად უნდა მოხდეს დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი განათლების რეფორმირება. მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ზოგად განათლებას სკოლებში და, შესაბამისად, უნდა გადამზადდნენ პედაგოგები იმისათვის, რომ ჩვენს მომავალ მოქალაქეებს ჰქონდეთ სათანადო ზოგადი განათლება“, - განაცხადა ტუსკაძემ.

ორიგინალური წინადადება აქვს პარტია „ზვიადის გზას“, რომელიც მოსწავლეებისა და მშობლების შესახებ კანონის მიღების ინიციატივით გამოდის.

გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
ოპოზიციური პარტიები ეკონომიკისა და განათლების სფეროებში რეფორმების პრინციპებზე შეთანხმდნენ

„დღეს საქართველოში, და არა მარტო საქართველოში, ყველგან, დიდი პრობლემაა მშობლისა და შვილის ურთიერთობის საკითხი. ეს ვაკუუმი რომ შეივსოს, ჩვენ ვთავაზობთ, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, მშობელს, ვისაც ჰყავს სასკოლო ასაკის შვილი, მუშაობს საჯარო სექტორში, მიეცეს შესაძლებლობა, თავისი სამუშაო ხანგრძლივობის ნახევარი დროით შემოიფარგლოს იმ პირობებში, როდესაც იგი სრულად მიიღებს ანაზღაურებას. დანარჩენი დრო კი შვილებს დაუთმოს“, - აღნიშნა სალუაშვილმა.

თავის მხრივ, პარტია „ქართული მარში“ გამოდის წინადადებით, საქართველოს ისტორიისა და ქართული ენის შესწავლა ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო გახდეს.

„ჩვენი შვილები უნდა აღიზარდონ ქართველებად. იმ მოქალაქეებმა, რომლებიც არაქართული წარმომავლობის არიან, კარგად უნდა იცოდნენ ქართული ენა და საქართველოს ისტორია. ჩვენ ვაშენებთ ქართულ სახელმწიფოს“, - აღნიშნა გიგაურმა.

პარტია „საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ წარმატებული განათლების სისტემის რეფორმისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება.

„ჩვენ უნდა შევქმნათ იდეოლოგია, რა სახელმწიფოს ვაშენებთ. დღეს ესეც არ გვაქვს ჩამოყალიბებული ელემენტარულად. ჩვენ გვინდა, საქართველოში მცხოვრებმა ყველა ეროვნების ადამიანმა იგრძნოს თავი საქართველოში და იგრძნოს თავი ამ ქვეყნის პატრონად, ვინაიდან ისინი ამ ქვეყნის შვილები არიან“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

ყველა სასწავლო დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა გახდეს არაუგვიანეს 2024 წლისა - ასეთია პარტიის „შეცვალე საქართველო“ გეგმები. პარტიაში მიიჩნევენ, რომ განათლების ე.წ. ფინური მოდელის დანერგვა საბავშვო ბაღებსა და დაწყებით კლასებში აუცილებელია.

„თუ გვინდა, მოკლე პერიოდში შედეგი დავდოთ, უნდა გადავიღოთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება. რა თქმა უნდა, უნდა მოვარგოთ საქართველოს. ფინური მოდელი არის ძალიან კომპლექსური და ძალიან დიდი. ყველა მიმართულებით დავნერგოთ და ქართულ რეალობას მოვარგოთ“, - განაცხადა გაგნიძემ.

საგარეო პოლიტიკა

ნეიტრალური ქვეყნების კავშირის შექმნის ინიციატივით გამოდის „ზვიადის გზა“, რომელშიც შევლენ ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი.

„რუსეთი აცხადებს, რომ ნატოს მიახლოება მის საზღვრებთან ქმნის გარკვეულ პრობლემებს და მის სტრატეგიულ მიზნებს ეწინააღმდეგება. შესაბამისად, ჩვენ ვთავაზობთ, რომ რუსეთსა და ნატოს შორის - ბელარუსის, მოლდოვის, უკრაინის, საქართველოს, აზერბაიჯანის ხაზზე შეიქმნას ე.წ. ნეიტრალურ ქვეყანათა გაერთიანება, რომელიც ამ ორ პირობითად დაპირისპირებულ ბანაკს შორის შექმნის დერეფანს, რაც ორივე მხარის პოლიტიკური ინტერესების მოგვარება იქნება“, - განაცხადა სალუაშვილმა.

ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა „ქართული მარშის“ მთავარი ამოცანაა.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
„ეს დიდი რისკია“ – გახარიამ ყარაბაღთან დაკავშირებით ახალი განცხადება გააკეთა

„არც რუსეთი, არც ამერიკა, არც დუბაი, არც თურქეთი. საქართველო საკუთარ თავს უნდა ეკუთნოდეს. იმიტომ მოკლეს ზვიად გამსახურდია, რომ მას ქართული სახელმწიფოს აშენება უნდოდა. ჩვენ ვიბრუნებთ იმ დამოუკიდებლობას, იმ სახელისუფლებო ბერკეტებს, რომლებიც საქართველომ 30 წლის წინ დაკარგა. ჩვენ ამას დავიბრუნებთ. „ქართული მარში“ ამიტომაც მოდის ხელისუფლებაში“, - განაცხადა გიგაურმა.

პარტია „საქართველოს“ პრიორიტეტებშია ყველა ქვეყანასთან თანამშრომლობა თანასწორი პირობებით.

„ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც საქართველოს თანასწორუფლებიან პირობებს შესთავაზებს, თუ ისინი იქნებიან ჩვენთან მეგობრულად. მაგრამ ჩვენი მთავარი საკითხია ძლიერი საქართველოს აღმშენებლობა ძლიერი კავკასიის ფარგლებში. თუ კავკასია არ იქნება ერთიანი, საქართველოც ვერ იქნება ერთიანი“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ურთიერთობების დარეგულირება რუსეთსა და საქართველოს შორის პრიორიტეტულია პარტიისთვის „შეცვალე საქართველო“.

„ჩვენ ბატონ პუტინს მივწერეთ წერილი ხალხის დიპლომატიურ ენაზე, რადგან რუსეთთან თუ არ დალაგდა სიტუაცია, ჩვენ არ გვექნება სწრაფი წინსვლა. ამ წერილზე მივიღეთ პასუხი და ეს წერილი გავასაჯაროვეთ. აქ არის საუბარი დასაწყისში 48-საათიან გახსნაზე საზღვრების აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებთან. იმისთვის, რომ ხალხმა მოილხინოს იმ ტერიტორიაზე, მოხდეს სუფრის გაშლა. ამით რუსეთი გააკეთებდა განაცხადს, რომ მას პოლიტიკოსებთან აქვს პრობლემა, და არა ხალხთან. მათ პრაქტიკულად თანხმობა განაცხადეს. ეს იქნება რეალური დასაწყისი“, - აღნიშნა გაგნიძემ.

თავის მხრივ, პარტიაში „სოციალური სამართლიანობისთვის“ საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ასახელებენ.

„ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი არის ერთადერთი და გარდაუვალი, წარმატების მომტანი საერთაშორისო ასპარეზზე. მიუხედავად იმისა, რომ დიალოგი მტრებთანაც კი შესაძლებელია და აუცილებელიცაა... ამავე დროს ჩვენ კარგად ვიცით, რომ რეალურად ნატოს კარები ჩვენთვის დაკეტილია, მაგრამ მათთანაც საჭიროა მოლაპარაკებები. მე მაინც ვფიქრობ, რომ ევროატლანტიკური კურსი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ტუსკაძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. მათში მონაწილეობას 50 პარტია და ორი ბლოკი მიიღებს. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა - 120-ის პროპორციული სისტემით და 30-ის - მაჟორიტარულით.

ყველა ახალი ამბავი
0