მთავრობა კომუნალურებს გადაგიხდით, სავალდებულო საპენსიო შენატანების შეჩერებას კი არ აპირებს

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებით, თანხა მიმართული იქნება სამუშაო ადგილების, კომპანიების, მოქმედი წარმოებებისა და ბიზნესების შესანარჩუნებლად.
Sputnik

ასევე გაირკვა, რომ მთავრობა მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას 3 თვის მანძილზე კომუნალურ გადასახადებს დაუფარავს.

„ჩვენს გუნდს აქვს ამ 2-მილიარდიანი პაკეტის ნაწილში შემუშავებული ზომები ბიზნესისთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერასაც და ამ ზომების თანდათან და ეტაპობრივად მიწოდებას, რათა ბიზნესმა ასევე შეძლოს შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები, გააგრძელოს ფუნქციონირება ყველა იმ საგანგებო რეჟიმის პირობების დაცვით, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ, პირველ რიგში, გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ბიზნესი ამ მხარდაჭერის ზომების შედეგად შეძლებს შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და არც ერთი მოქალაქე არ დატოვოს შემოსავლისა და სამსახურის გარეშე. თუმცა, თუ ეს მაინც მოხდა, ამისთვის ჩვენ აღმოვჩნდებით მზად და შევთავაზებთ ჩვენს მოქალაქეებს გარკვეულ დახმარებას, რა თქმა უნდა, იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ეკონომიკა და ბიუჯეტი გვაძლევს“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

რამდენად აუცილებელი იყო სავალუტო ჯიხურების მუშაობის აკრძალვა

მისი განცხადებით, საქართველოში 1,2 მლნ ოჯახია, რომელიც თვეში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს და მათ სახელმწიფო აუნაზღაურებს მარტის, აპრილისა და მაისის გადასახადს. მისი განმარტებით, ანაზღაურდება წყლის და დასუფთავების გადასახადიც.

სახელმწიფო სამი თვის დარიცხულ გადასახადს გადაუხდის იმ აბონენტებსაც, რომლებიც თვეში ხარჯავენ 200 კუბომეტრზე ნაკლებ ბუნებრივ გაზს. მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ამ შეღავათით ისარგებლებს 671 000 ოჯახი.

მაია ცქიტიშვილის თქმით, გარდა იმ 2 მილიარდი ლარისა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლების დაფინანსების მოკლების შედეგად იქნება მობილიზებული, მთავრობა ასევე მუშაობს საერთაშორისო დონორებთან, საიდანაც 351 მილიონი ლარის მიღების იმედი აქვთ.

საბანკო რეგულაციები მარტივდება – რა იცვლება სესხის აღების მსურველებისთვის

„351 მლნ ლარი მიმართული იქნება უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებებზე. ეს გულისხმობს როგორც სამედიცინო სერვისისთვის დამატებით აღჭურვას, ასევე დამატებით ღონისძიებებს სხვადასხვა უწყებებში, რაც უშუალოდ დაკავშირებულია პანდემიის ვითარებასთან და ამ ვითარების მართვასთან“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს და „კრიზისული ბიუჯეტის“ საბოლოო ფორმის ჩამოყალიბებას, ამას ცქიტიშვილი სამომავლოდ ელოდება.

„კრიზისული ბიუჯეტი, როგორც წლის ბიუჯეტი, საბოლოო ფორმას მიიღებს მას შემდეგ, რაც ჩვენ გვეცოდინება პერიოდი, რომელიც ჩვენ დაგვჭირდება დაავადებასთან ბრძოლისთვის და გვეცოდინება ის სიმძიმე, რომელიც დააწვება ბიზნესის ამა თუ იმ სექტორს და, შესაბამისად, იმ ღონისძიებების მოცულობას, რომელიც ჩვენ დაგვჭირდება იმისთვის, რომ შევთავაზოთ კერძო პირებს და ბიზნესს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეაფასეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებებს არ შეიძლება „გეგმა“ ეწოდოს და ცვლილების დროს ბიუჯეტში დეტალურად უნდა იყოს ასახული, კონკრეტულად საიდან მოდის თანხა და რას აკლდება დაფინანსება.

ბანკების ინიციატივა სესხების გადავადებაზე – ვის აძლევს ხელს შემოთავაზებული პირობები

„ახალი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შეიქმნას. ამ ვირუსმა რვაწლიანი უსარგებლო ბიუჯეტი უნდა დაანგრიოს და ადამიანებმა უნდა დაიბრუნონ კარგი პროექტების და კარგი საქმეების სახით“, – ამბობს გოცირიძე. მისი თქმით, ფული, რომელიც ახლა კომუნალურების დაფინანსების სახით წავა, ეს არის ხალხის მიერ შეტანილი ფული და არა ვინმეს მოწყალება.

„ბიუჯეტი არის ხალხის და ის უნდა მოხმარდეს ხალხს საჭიროების მიხედვით“, – ამბობს გოცირიძე.

ოპოზიციის წარმომადგენლების თუ ეკონომიკის დარგის სხვადასხვა ექსპერტების მხრიდან ბოლო პერიოდში ხშირად ისმის მოწოდება, რომ მთავრობამ კორონა-კრიზისის დროს, სხვა აუცილებელ ღონისძიებებთან ერთად, სავალდებულო საპენსიო შენატანები უნდა შეაჩეროს. იმავდროულად მოითხოვენ, რომ უკვე შეტანილი თანხები დაუბრუნდეს როგორც ბიზნესს, ასევე დასაქმებულებს. თუმცა, როგორც დღეს გაირკვა, მთავრობა არ აპირებს ცვლილება შეიტანოს სავალდებულო საპენსიო სქემის მუშაობაში.

თბილისის მერიამ „სითი პარკთან“ დავა $4,3 მილიონის გადახდით მოაგვარა

შეკითხვას, სამსახურის თუ შემოსავლის დაკარგვის გამო ადამიანების მხარდასაჭერად ხომ არ იგეგმება მთავრობის მიერ სავალდებულო საპენსიო შენატანების სქემაში ცვლილების შეტანა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე უპასუხა.

„ამ ეტაპზე ეს ზომა არ არის გათვალისწინებული. პირველ რიგში ჩვენ უნდა შევაფასოთ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც შეიძლება დაკარგონ სამსახური. ნებისმიერი პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე და მცირე რიცხვის თუ დიდი რიცხვის დასახელება იქნება სპეკულაციური“, – ამბობს ცქიტიშვილი.

მისი თქმით, მთავრობამ დახმარების პაკეტი შესთავაზა როგორც მოქალაქეებს, ასევე ბიზნესს და ბიზნესისთვის შეთავაზებული პაკეტი იყო მიმართული იმისკენ, რომ ბიზნესმა შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები.

„ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ იმ ადამიანების რაოდენობას და არ შეგვიძლია შევაფასოთ, თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და, შესაბამისად, რა ზომების მიღება, ან რა თანხა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ დავაკმაყოფილოთ ამ ადამიანების საბაზისო მინიმალური საჭიროებები“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოებას უკვე შესთავაზა კრიზისის შესამსუბუქებელი გეგმა, რაც სესხების 3 თვით გადავადებას თუ კომუნალური გადასახადების 3 თვის განმავლობაში დაფარვას გულისხმობს.

„საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამის მორიგი დეფიციტი

საპენსიო შენატანების დროებით შეჩერების თაობაზე რჩევა საქართველოს მთავრობას უკვე ორმა სოლიდურმა ორგანიზაციამ მისცა. ერთ-ერთი საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ია, რომელმაც კორონავირუსისგან და ნავთობის ფასების ვარდნისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკის საქართველოზე ზეგავლენის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. უფრო ადრე და იმავე რეკომენდაციით გამოვიდა საქართველოს ექს-პრემიერ ნიკა გილაურის მიერ დაფუძნებული კომპანია Reformatics. საკონსულტაციო კომპანიის გათვლებით, საპენსიო შენატანების 12 თვით შეჩერება დასაქმებულებს ამ კრიზისულ ვითარებაში 400 მილიონ ლარს, ხოლო ცენტრალურ ბიუჯეტს 200 მილიონ ლარს დაუზოგავს.

საპენსიო შენატანების შეჩერებას ემხრობიან ბიზნესმენებიც, რადგან ასე მათაც ეძლევათ შეღავათი და ხარჯები შეუმცირდებათ.

„ორჯერ ორი ოთხივით ნათელია, რომ საპენსიო შენატანების განხორციელება უნდა შეჩერდეს, სანამ გადაივლის კრიზისი. ასობით ათასი ადამიანი უმუშევარი რჩება. სამწუხაროდ, ჩვენს ჯგუფს უკვე მოუწია მეოთხე ობიექტის დახურვა. დაახლოებით 300 მოქალაქეს შევუჩერეთ ხელფასები და ვფიქრობთ, რა მოვუხერხოთ. 10% მივცეთ ხელფასის? იქნებ 20%? გარკვეული სამუშაო საათები მივცეთ? არ ვიცი... შოკია აბსოლუტური და რა დროს საპენსიო დანაზოგია, არაა მაგის დრო“, – ამბობს BM.GE-სთან ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი.

რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

შენატანების შეჩერების ინიციატივით და, სურვილის შემთხვევაში, ფონდის საპენსიო ანგარიშებზე არსებული თანხის მოქალაქეებისთვის დაბრუნების ინიციატივით გამოდის პარტია „ევროპული საქართველოც“.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი თვლის, რომ ხელისუფლების ინიციატივა არ არის საკმარისი. მისი თქმით, საჭიროა მიზანმიმართული ფულადი დახმარებები იმისთვის, ვინც დაკარგა სამსახური, დარჩა შემოსავლის გარეშე. ასევე აუცილებელია საპენსიო შენატანების შეჩერება, ხოლო დაგროვილი თანხის გატანის საშუალება უნდა მიეცეს ხალხს. აგრეთვე უნდა მოხდეს გადასახადების შემცირება.

თემურ იოსელიანი