თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ საქართველოს ოთხ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ პარლამენტში წარდგენილმა ანგარიშმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის აღშფოთება გამოიწვია.
ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომას სახალხო დამცველის აპარატის მიერ საქართველოს ოთხ ციხეში 2019 წელს ჩატარებული შემოწმების შედეგები წარუდგინა.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს უფლება აქვთ, საქართველოს ციხეებში ნებისმიერ დროს შევიდნენ და პატიმრებს გაესაუბრონ. ომბუდსმენი ანგარიშს ადგენს პატიმრების მომართვებისა და გამოკითხვების საფუძველზე.
ანგარიშის სკანდალური შედეგები
ნინო ლომჯარიამ ყურადღება საქართველოს პენიტენციური დაწესებულებების რამდენიმე მთავარ პრობლემაზე გაამახვილა.
პირველი პრობლემა: „მაყურებლები“ და კრიმინალური სუბკულტურა
ანგარიშში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალურ სუბკულტურაზე და აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა ციხეებში ე.წ. „მაყურებლების“ არსებობაა.
„მაყურებელი“ – კრიმინალური ავტორიტეტია, რომელიც ციხეებში „წესრიგს“ ამყარებს.
„ჩვენი მონიტორინგის ჯგუფმა დაადასტურა ე.წ. ციხის „მაყურებლების“ არსებობა როგორც ნახევრად დახურულ, ისე დახურულ დაწესებულებებში, სადაც ეს ადამიანები, დახურული რეჟიმის მიუხედავად, თავისუფლად გადაადგილდებიან ციხეში, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. „საერთოს“, აგვარებენ ადმინისტრაციის პრობლემებს, ესაუბრებიან პატიმრებს, რათა მათ არ დაწერონ საჩივრები. ციხეებში ადგილი აქვს პატიმრების გარიყვას, შევიწროებასა და იძულებას – მონაწილეობა მიიღონ „საერთოს“ შეგროვებაში“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.
მეორე პრობლემა: სასტიკი მოპყრობა
ლომჯარიას განცხადებით, კიდევ ერთი პრობლემა დეესკალაციის ოთახებში პატიმრებისადმი სასტიკი მოპყრობაა.
„ვიზიტებისას გამოირკვა, რომ დეესკალაციის ოთახებში პატიმრები გადაჰყავთ არა მარტო მაქსიმალური ვადით – 72 საათით, და პატიმარი შეიძლება ამ ოთახში ხელმეორედ მოხვდეს ერთი დღის შემდეგ. გარდა ამისა, ჩვენ წავაწყდით შემთხვევებს, როდესაც პატიმრები დეესკალაციის ოთახში 5 (34 შემთხვევა), 10 (14 შემთხვევა), 15 (6 შემთხვევა) ან 20 დღე-ღამის განმავლობაში (4 შემთხვევა) იმყოფებოდნენ, მაშინ, როცა კანონით მაქსიმალური ვადა 72 საათია“, – აღნიშნა ლომჯარიამ.
მინისტრი უკმაყოფილოა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უკმაყოფილო დარჩა ომბუდსმენის გამოსვლით და მას ცალმხრივი უწოდა.
„ანგარიშში არც ერთი სიტყვა არ თქმულა პროგრესზე, არც ერთი სიტყვა არ თქმულა თანამშრომლების პრობლემებზე. განა თქვენ ყველას სახალხო დამცველი არ ხართ? თქვენ არ ხართ ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი, როდესაც მას და მის ოჯახს ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ. არ მახსოვს, ჩემი უფლებები დაგეცვათ. თქვენ ჩემი ომბუდსმენი არ ხართ... სად არის სხვა მაგალითები, რომ თქვენ იცავთ პოლიციელებს, დეპუტატებს, მინისტრებს ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, როდესაც მათ აფურთხებენ, სცემენ, ურტყამენ. ეს თქვენს ანგარიშში არ არის“, – აღნიშნა წულუკიანმა.
ამავე დროს, წულუკიანის თქმით, თუ ლომჯარია ხედავს დანაშაულის ნიშნებს, მან უნდა მიმართოს პროკურატურას, განსაკუთრებით, თუ საუბარია ციხის „მაყურებლებზე“.
„მე არ უნდა მიწევდეს თქვენ მაგივრად პროკურატურისთვის მიმართვა თქვენი ანგარიშის შედეგად. მე ეს ანგარიში გავგზავნე პროკურატურაში და მოვითხოვე გამოძიების დაწყება, იმიტომ რომ თქვენ საუბრობთ დანაშაულებზე, რომლებიც ამ დაწესებულებებში მომხდარა ან მიმდინარეობს და არ გსურთ თქვათ გვარები“, – განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, მან ლომჯარიას პროკურატურისთვის ჩვენების მიცემისკენ მოუწოდა.
„თუ თქვენ დაგიბარებენ პროკურატურაში, იმედი მაქვს, ვალდებულად იგრძნობთ თავს, რომ დაასახელოთ „მაყურებლები“, გვარი, სახელი, ვინ ვის მოსთხოვა, იმიტომ რომ თქვენ „გარჩევებსაც“ კი აღწერთ ძალიან ზედაპირულად. თუ თქვენ აღწერთ, ესე იგი შეესწარით კიდეც, თუ არ შეესწარით, ვიღაცამ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია. თქვენ არ გაქვთ უფლება, დაფაროთ დანაშაული. ამიტომ მე მოველი, რომ თქვენ და თქვენი თანამშრომლები ითანამშრომლებთ გამოძიებასთან“, – განაცხადა წულუკიანმა.
ამავე დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველს დიდი ხნის წინ უნდა წამოეწია პარლამენტში ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობის თემა, და ეჭვი გამოთქვა, რომ მისი მიწვევა კომიტეტზე პოლიტიკური აქციაა.
გარდა ამისა, სხდომაზე წულუკიანმა წარმოადგინა ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელზეც სახალხო დამცველის წარმომადგენელი პატიმარს ყავას ადუღებინებს, რასაც მინისტრმა მიუღებელი უწოდა.
„ასეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც, სხვათა შორის, დახეული ჯინსი აცვია, და როცა თქვენ მსაყვედურობთ, შენ თანამშრომელს ფორმა არ ეცვა გეგუთში და მას ვერ განასხვავებ პატიმრისგანო, ამ ვიდეოში მიჭირს განვასხვავო, ვინ არის პატიმარი და ვინ არის სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი“, – განაცხადა წულუკიანმა.