თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საპროტესტო აქციების დაშლის ფაქტები შეაფასა და თბილისში სხვადასხვა საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველი ორგანოების რეაქციის გამო ხელისუფლება გააკრიტიკა.
ლომჯარიამ განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს გააკეთა.
სახალხო დამცველის სიტყვებით, წელს ხელისუფლებამ შეხვედრებსა და მანიფესტაციებზე შესაფერისად არ დაიცვა მოქალაქეების უფლებები. მაგალითად, 20-21 ივნისის აქციის მონაწილეები აქციის მოსალოდნელი დაშლის შესახებ მკაფიოდ და გასაგებად არ გააფრთხილეს, მათ ასევე არ მიეცათ გონივრული ვადა იმისთვის, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ
„მოცემულ შემთხვევაში გაჩნდა ლეგიტიმური კითხვები გამოყენებული ძალის პროპორციულობასთან დაკავშირებით, ასევე გამოიკვეთა რიგ შემთხვევებში სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების აშკარა შემთხვევები. ცალკე ყურადღებას იმსახურებს მოვლენების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, დაკავებისა და დაშავების ფაქტები, რაც წინააღმდეგობაში მოდის მათი დაცულობის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან“, – განაცხადა ლომჯარიამ.
20 ივნისის ღამეს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ. შტურმის თავიდან აცილების მიზნით პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის დროს 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელი, 30-ზე მეტი ჟურნალისტი.
ომბუდსმენმა გვერდი არ აუარა 18 და 26 ნოემბრის მოვლენებსაც, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. ლომჯარიას სიტყვებით, აქციების დაშლა ამ შემთხვევაში შედარებით მსუბუქი საშუალებების გამოყენებით განხორციელდა, თუმცა მაინც ჩნდება კითხვები პოლიციის მხრიდან გამოყენებული საშუალებების თანაზომიერებასთან დაკავშირებით.
ომბუდსმენის ყურადღება მიიპყრო აგრეთვე პანკისის ხეობაში 21 აპრილის აქციის დაშლამ, რომლის მონაწილეებმა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები პოლიციელების მისამართით ქვებს და ჯოხებს ისროდნენ, პოლიციამ კი რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი. შედეგად 55 ადამიანი დაშავდა, მათგან უმეტესობა შსს-ს წარმომადგენელი.
„აღსანიშნავია, რომ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არ იყო საკმარისი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ასევე არ ყოფილა გამოყენებული ყველა რესურსი სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილებისა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ომბუდსმენის სიტყვებით, განსხვავებული რეაგირება იყო ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე.
„ამ კუთხით საყურადღებოა „ღირსების მარშის“, „თბილისი პრაიდის“, ასევე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებების ჩაშლის მცდელობის ფაქტები. ამ შემთხვევებში არაერთი ძალადობრივი ინციდენტის მიუხედავად ხელისუფლებას არ გაუტარებია აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები, პასუხისგებაში არ მიუცია ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები, ასევე ცალკეულ შემთხვევებში დაგვიანებული იყო ინდივიდუალურ ძალადობრივ ფაქტებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება“, – განაცხადა ლომჯარიამ.
მისი სიტყვებით, საყურადღებოა, რომ ხელისუფლება ამ ადამიანებს განიხილავდა, როგორც გამოხატვის უფლებით მოსარგებლე განსხვავებული მოსაზრების მქონე ჯგუფებს და არა როგორც მოძალადეებს.