ინციდენტი „საზღვარზე“ და პოლიციის საგუშაგო – რითი დასრულდა ერგნეთის შეხვედრა

საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო დროს დაგროვებული პრობლემები განიხილეს
Sputnik

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსა და ცხინვალის დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ ვერ შეძლეს კონსენსუსის მიღწევა, მაგრამ განაცხადეს, რომ დიალოგის რესურსი არ ამოწურულა.

სოფელ ერგნეთში პარასკევს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართა.

ინციდენტს საქართველოს „საზღვარზე“ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებასთან განიხილავენ>>

„შეხვედრის არც ერთ მონაწილეს არ უთქვამს, რომ დიალოგის რესურსი ამოწურულია, დიალოგის რესურსი არსებობს და კონსულტაციები გაგრძელდება“, – განუცხადა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის (სუს–ი) საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს.

ამჯერად ტრადიციულ განსახილველ საკითხებს კიდევ ერთი პრობლემა დაემატა – გუშინ სოფელ ჩორჩანასა და წნელისს შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უიარაღო პატრული დააკავეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში განაცხადეს, რომ პატრული საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ხოლო დე–ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ის მათ მხარეს გადავიდა.

ჟენევაში გარღვევა არ მომხდარა, საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება

ანთაძის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ მონაწილეები გააკეთებენ დასკვნას, რომ ასეთი ქმედებები მიუღებელია და ვნებს როგორც ფორმატს, ისე პროცესს.

კიდევ ერთი განხილვის თემა იყო პოლიციის საგუშაგო სოფელ ჩორჩანაში, რომლის გაუქმებასაც მოითხოვს დე–ფაქტო ხელისუფლება.

„კვლავ გაჟღერდა მოთხოვნა, რომ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო იქნას მოხსნილი, რაზეც კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რომ საგუშაგო მდებარეობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საპოლიციო ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადგილზე უსაფრთხოებას, არ შეიძლება რაიმე საფრთხის შემცველი იყოს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ანთაძემ.

საქართველომ ჩორჩანაში საგუშაგო მას შემდეგ გახსნა, რაც „საზღვრის“ მეორე მხარეს დაიწყო შეიარაღებული ძალების „არაპროპორციული გადაადგილება“ და გააქტიურდა მავთულხლართების გაჭიმვის პროცესი.

კომენტარი გააკეთა ასევე ცხინვალის დე–ფაქტო ხელისუფლების დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა. მისი თქმით, პოლიციის საგუშაგო სამხრეთ ოსეთის მხარეს აშენდა, იუწყება РЕС.

ზალკალიანი: ლავროვთან შეხვედრა იყო აუცილებელი

„ამ ეტაპზე ქართული მხარე კომპრომისზე არ მოდის. სამხრეთ ოსეთი აცხადებს, რომ ამ ინციდენტის გადაწყვეტიე ერთადერთი საშუალებაა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან საქართველოს პოლიციის საგუშაგოს მოხსნა, შეიარაღებული პირების გაყვანა და ამ რაიონის დემილიტარიზაცია“, – განაცხადა კოჩიევმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულთან დაკავშირებულ ინციდენტზე.

„სამხრეთოსურმა მხარემ ჰკითხა ევროკავშირის წარმომადგენლებს – რატომ დაარღვიეს მათ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი. მათი თქმით, სადამკვირვებლო მისიის პატრული დაიკარგა. თუმცა, ეს ფაქტი მრავალ კითხვას ბადებს. ვიმედოვნებთ, რომ ამგვარი დარღვევა აღარ გამეორდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხრეთოსური მხარე კანონით დადგენილ ზომებს გამოიყენებს“, – განაცხადა კოჩიევმა.

გახარიას მთავრობის პროგრამა: პრიორიტეტია კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა>>

მან ასევე აღნიშნა, რომ დიალოგის რესურსი არსებობს.

„გასაგებია, რომ ეს საკითხი მშვიდობიანი საშუალებებით უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა მან, იუწყება Sputnik–სამხრეთ ოსეთი.