თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უიარაღო პატრულის დაკავება ადმინისტრაციულ საზღვარზე სოფელ ერგნეთში, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მთავარი განსახილველი თემა იქნება, განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ჟურნალისტებს.
ინციდენტი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაცემებით, ხუთშაბათს სოფლებს - ჩორჩანასა და წნელისს შორის მოხდა. ჩორჩანას საქართველო აკონტროლებს, წნელისი კი ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა მდებარეობს. ერგნეთში უკვე დაიწყო შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.
„მისიის საქმიანობისთვის დაბრკოლებების შექმნა მიუღებელია, ვინაიდან ის მონიტორინგის ერთადერთი და ქმედითი საერთაშორისო მექანიზმია“, - განაცხადა კოსტანტინიდიმ.
მომხდარ ინციდენტს მან უწოდა ქმედება, რომელიც ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგაა მიმართული. ევროკავშირის დამკვირვებლები საქართველოს „საზღვრებზე“ მონიტორინგს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აწარმოებენ.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაცემებით, მისიის წარმომადგენელი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს.
„მისია კვლავ სწავლობს იმ ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დეტალებს, რომელიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიად მიიჩნევა“, - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ მისია შეშფოთებულია მანდატის ფარგლებში მისი ყოველდღიური საქიანობისთვის შექმნილი დაბრკოლებების გამო.
დე ფაქტო ხელისუფლება, თავის მხრივ, საუბრობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებაზე, იუწყება „Sputnik-სამხრეთ ოსეთი“.
„12:50 საათზე უისტას (წნელისი) დასახლებულ პუნქტში რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დაცვამ გააჩერა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრული, რომელმაც საზღვარი დაარღვია. მას შემდეგ, რაც მესაზღვრეები დარწმუნდნენ, რომ დაკავებული ნამდვილად სადამკვირვებლო მისიის პატრული იყო, მიუთითეს მას დარღვევაზე და შესთავაზეს რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვება, რაც მოხდა კიდეც“, - აღნიშნა კოჩიევმა.
ბოლო დროს მისიამ გაზარდა პატრულირება ადგილზე ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით. მიზეზი გახდა ზაფხულში სოფელ წნელისში შეიარაღებული ძალების „არაპროპორციული გადაადგილება“ და ქართული მხარის მიერ სოფელ ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოს გახსნა.