კრისტინ ლაგარდი: საქართველო ტრანსფორმაციის ისტორიას წერს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა ყველა იმ რეფორმას დაუჭირა მხარი, რომელსაც საქართველო ეკონომიკის გასაძლიერებლად ატარებს.
Sputnik

ლაგარდი საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრებს მართავს და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას ეცნობა.

თბილისში სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას სსფ-ის მმართველმა დირექტორმა აღნიშნა, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გრძელი გზა განვლო, რათა ხელახლა ჩამოეყალიბებინა მომსახურების სფერო, გაეზარდა საშუალო შემოსავალი, განევითარებინა ტურიზმი და ვაჭრობის სფერო და მსოფლიოში ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი გარემო შეექმნა.

„ეს ტრანსფორმაცია მძიმე შრომისა და ეკონომიკური რეფორმების შედეგია. მეორე მხრივ, ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველო ღია ეკონომიკაა და ამის გამო მეტადაა დამოკიდებული მსოფლიო ეკონომიკაში მომხდარ ცვლილებებზე“, – აღნიშნა ლაგარდმა.
მისი სიტყვებით, გარეშე შოკებისგან თავის დასაცავად საქართველო ამბიციურ რეფორმებს ატარებს – ახორციელებს პროგრამას ეკონომიკური მდგრადობისა და ცხოვრების დონის ასამაღლებლად.

„საქართველო მოწყვლადი რჩება“ – საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვალუტის დაგროვებას გვირჩევს >>

„მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამა საქართველოს ეკონომიკისა და მოქალაქეების საჭიროებებზეა მორგებული“, – განაცხადა სსფ-ის ხელმძღვანელმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ რეფორმების გრძელვადიანი მიზანია – ეკონომიკის განვითარებით ევროპას დაეწიოს. ამისთვის აუცილებელია მოქალაქეების პოტენციალის გამოყენება. ამ პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა როგორც თბილისში, ისე მთელ ქვეყანაში, მოხუციც და ახალგაზრდაც, მდიდარიც და ღარიბიც.

ღვინო და ეკონომიკა

ლაგარდმა საქართველოს მეღვინეობის უნიკალურ 8000-წლიან ტრადიციაზეც ისაუბრა.

„როგორ ქმნით უნიკალური გემოს მქონე ღვინოს, რომელიც საქართველოს ტრადიციებზეა დაფუძნებული და რომელსაც მსოფლიოში აფასებენ? რა თქმა უნდა, პასუხია – მდგრადობა და შემოქმედებითი უნარი. ეს უნარები აქცევს ყურძენს ღვინოდ“, – განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.

კრისტინ ლაგარდი: საქართველო ტრანსფორმაციის ისტორიას წერს

მისი აზრით, ინგრედიენტებს, რომლებიც ყურძენს ღვინოდ აქცევს, ეკონომიკის გარდაქმნაც შეუძლიათ.

პირველ რიგში, საქართველო უნდა გაძლიერდეს, რათა გაუძლოს ეკონომიკურ დაბრკოლებებს, რომლებსაც უახლოეს თვეებში წააწყდება.

როდის მიიღებს საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგ ტრანშს >>

მეორე, რაც, ლაგარდის აზრით, საქართველოს სჭირდება, არის ახალი ინგრედიენტები გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკის შესაქმნელად.

ეკონომიკური მდგრადობის ამაღლება

„ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სიღარიბის დონე შემცირდა სამი მეოთხედით, სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა 6 პროცენტით და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი გასამმაგდა“, – აღნიშნა სსფ-ის ხელმძღვანელმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი: როდის გაიზრდება ცხოვრების დონე საქართველოში

მისი თქმით, ბოლო დროს საქართველო ეკონომიკის დასაცავად თამამ პოლიტიკას ატარებს.

„ფისკალური დეფიციტი კონტროლირებადია, ინფლაცია შემცირებულია, ბანკები კაპიტალიზებულია, ხოლო უმუშევრობის დონე ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ამიტომ არავის გვიკვირს, რომ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი გაზრდილია“, – განაცხადა ლაგარდმა.

ამავე დროს, სსფ-ის მმართველი დირექტორის აზრით, საქართველოს ეკონომიკა ჯერ კიდევ მოწყვლადია საგარეო შოკების მიმართ, განსაკუთრებით სავაჭრო დავებისა და ფინანსური ბაზრების არასტაბილურობის ფონზე.

„ამ რისკებისგან დაცვა სხვადასხვაგვარადაა შესაძლებელი – დაწყებული სავალუტო კურსის მოქნილობის შენარჩუნებით, დამთავრებული პროგნოზირებადი საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის იმპლემენტაციით“, – განაცხადა ლაგარდმა.

კერძოდ, არსებობს დოლარში გაცემული სესხებისა და დეპოზიტების შემცირების შესაძლებლობა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დოლარიზაციამ ბევრი კომპანია და ოჯახი დამოკიდებული გახადა ვალუტის გაცვლით კურსზე, რასაც მათი ფინანსური სიჯანსაღისთვის ძირის გამოთხრა შეუძლია.

ეკონომიკის სამინისტრო: მარტში 6%-იანი ეკონომიკური ზრდა ინვესტორებისთვის კარგი სიგნალია >>

„მეორე პოლიტიკური პრიორიტეტი არის საკრედიტო დავალიანების შემცირება, განსაკუთრებით, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებში. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული კრედიტის გაცემის სტანდარტების გამკაცრების წყალობით. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია დაკრედიტების უფრო მდგრადი ზრდისკენ, რაც ძალიან კარგია როგორც კერძო პირებისთვის, ისე ეკონომიკისთვის“, – ხაზი გაუსვა ლაგარდმა.

ეკონომიკის მთავარი საფრთხე

სსფ-ის ხელმძღვანელის აზრით, ეკონომიკის განვითარების მთავარ საფრთხეს წარმოადგენს ეკონომიკური უთანასწორობის მაღალი დონე იმის გამო, რომ საქართველოში ბოლო წლების ეკონომიკური ზრდის შედეგად სარგებელი ყველას არ მიუღია.

ბახტაძე: 580 ათასზე მეტი ადამიანი ამოღებულია ამ შავი სიიდან

„ეკონომიკური უთანასწორობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკის სტაბილურ ზრდაზე და ეს ბევრი კვლევით არის დადგენილი. ეკონომიკის უთანასწორობა იწვევს ადამიანების მარგინალიზებას, საზოგადოება დაზარალდება და, საბოლოო ჯამში, ნდობა გაქრება. როდესაც ნდობა დაკარგულია, საზოგადოების შესაცვლელად ვერაფერს გავაკეთებთ და უკეთესობისკენ ვერაფერს შევცვლით“, – განაცხადა ლაგარდმა.

მისი თქმით, ეს საკითხები ასახულია საქართველოს მთავრობის რეფორმის პროგრამაში და ასევე ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებაში. რეფორმები აუცილებელია ევროპული სტილის სტანდარტების შესაბამისად, მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად.

რა არის საჭირო ეკონომიკის გასაჯანსაღებლად

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის აზრით, მნიშვნელოვანია, საქართველოში შეიქმნას მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილები და განვითარდეს წარმოება, რათა გაიზარდოს მშპ-ის ზრდის პოტენციალი და ცხოვრების დონე.

„ეს მარტივი ამოცანა არ არის, ვინაიდან საქართველოს ზრდის პოტენციალს აფერხებს მოსახლეობის სწრაფი დაბერება და ის ფაქტი, რომ ბევრი ქართველი სამუშაოს საზღვარგარეთ ეძებს“, – ხაზგასმით აღნიშნა ლაგარდმა.

მისი თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტის დღევანდელი 5,2%-იანი ზრდის ტემპით ქვეყანას დასჭირდება 10 წელზე მეტი, რათა ცხოვრების დონემ საქართველოში ევროპის განვითარებული ქვეყნების დონეს მიაღწიოს, რაც აჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა.

კრისტინ ლაგარდი: საქართველო ტრანსფორმაციის ისტორიას წერს

პირველ რიგში აუცილებელია კავშირების გამყარება ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. საქართველო აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ცენტრად გარდაიქმნას. ეს მაღალხარისხიან ინფრასტრუქტურაში სახელმწიფო ინვესტიციების გაზრდას მოითხოვს.

„ამ პროექტებს შეუძლია წარმოებისუნარიანობის გაზრდა... ადგილობრივი ბიზნესი დაუკავშირდება გლობალურ სავაჭრო ქსელებს. ასევე ხელს შეუწყობს მეტი პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვას იმ კომპანიებში, რომლებიც ვაჭრობის პროდუქტებსა და სერვისებს ქმნიან“, – განაცხადა ლაგარდმა.

საქართველოში ახალი ტურისტული ადგილების განვითარება იგეგმება

„ახლა მნიშვნელოვანია შემდეგი ნაბიჯის გადადგმა, რათა ტურიზმის მთელი პოტენციალი გამოვიყენოთ. ეს ასევე ეხება ევროკავშირთან და ჩინეთთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს. ჩვენ ეს პოტენციალი სრულად უნდა ავითვისოთ. აუცილებელია სავაჭრო ბარიერების მოხსნა“, – განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.

განათლების რეფორმა

მეორე კომპონენტი განათლების რეფორმაა, რომელიც საქართველოს შრომის ბაზრის მოდერნიზების უფრო მეტი ძალისხმევის ნაწილია.

ბახტაძე განათლების ბიუჯეტზე: ერი განვითარებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული

„კიდევ ერთი სფერო არის განათლება. ჩვენ გვჭირდება კავშირი პროფესიონალებს შორის. თუ წაიკითხავთ კვლევებს და გაესაუბრებით ინვესტორებს, ყველა გეტყვით, რომ საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა ინვესტიციებისთვის, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ საჭირო უნარ-ჩვევების ადამიანებს ვერ ვპოულობთ. პრობლემას წარმოადგენს იმ ადამიანების პოვნა, რომლებიც სამუშაო ადგილებზე დასაქმდებიან. ამიტომ მთავრობა იწყებს ძირფესვიან საგანმანათლებლო რეფორმას, რათა ყველა სტუდენტს მეტი შესაძლებლობა შესთავაზოს“, – აღნიშნა ლაგარდმა.

მისი აზრით, განათლების რეფორმის შედეგები გრძელვადიან პერსპექტივაში გამოჩნდება.

მოკლევადიან პერსპექტივაში არის შესაძლებლობა უფრო აქტიური პოლიტიკისთვის შრომის ბაზარზე – საუკეთესო პროფესიული სწავლების უზრუნველყოფიდან მოწინავე ონლაინ-ინსტრუმენტების გამოყენებამდე სამუშაო კადრების შერჩევისას.

კორუფციასთან ბრძოლა და ინსტიტუციური რეფორმა

„მესამე კომპონენტი – კარგი მართვა და ინსტიტუციური რეფორმაა. ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ საქართველოს შესანიშნავი მიღწევები აქვს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, განსაკუთრებით, როდესაც საქმე მექრთამეობას ეხება“, – განაცხადა სსფ-ის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ისტორია გვასწავლის, რომ კორუფციასთან ბრძოლა თანმიმდევრულ და მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს. ეს ბრძოლა არასდროს მთავრდება გამარჯვებით, რადგან გასაკეთებელი ყოველთვის არსებობს.

რამდენმა ადამიანმა დატოვა დაგროვებითი პენსიის სისტემა

მაგალითად, საქართველოში შესაძლებელია სახელმწიფო სექტორის განმტკიცება, რათა კერძო სექტორისთვის უფრო თანაბარი პირობები შეიქმნას. ეს ნიშნავს სასამართლო სისტემის მოდერნიზაციის მიზნით გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ასამაღლებლად სწორი ზომების გატარებას.

„დღეს ჩვენ ვმუშაობთ როგორც პარტნიორები, რათა შევქმნათ უკეთესი ეკონომიკური მოსავალი – არა მხოლოდ წელს, არამედ მომავალი თაობებისთვისაც“, – განაცხადა ლაგარდმა.

სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის 297,5 მილიონი დოლარის გამოყოფას. აქედან 166,3 მილიონი დოლარი საქართველომ უკვე მიიღო.

დარჩენილ თანხას ქვეყანა პროგრამის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიიღებს.