რამდენად ჰგავს რუსეთი ჩინეთს? როგორც აღმოჩნდა, ეს ორი იმპერია მსგავსი სცენარით ვითარდებოდა, თითქმის ერთსა და იმავე დროს, და ასევე ერთდროულად დაიშალა
15 მარტს მოსკოვის კრემლის მუზეუმებში გაიხსნა გამოფენა „გუგუნის იმპერატორთა სახლის განძი. XVIII საუკუნის ჩინეთი - აყვავების ეპოქა“. დარბაზებში გამოიფინა ცინის დინასტიის განძი: საზეიმო სამოსი და ჩინელი იმპერატორების პორტრეტები, მათი ძალაუფლების სიმბოლოები და პირადი ნივთები, დაწყებული მოსართავებით, დამთავრებული ჭურჭლით.
თუმცა, ჩინური არტეფაქტების დათვალიერება საინტერესო არა მხოლოდ კონფუცის ცერემონიალის თაყვანისმცემლებისთვის აღოჩნდა. ცინის დინასტიის დროინდელი ჩინეთის ბედი (XVII – XX სს.) ძალიან ჰგავს რუსეთის იმპერიის ბედს. აღოსავლელი მეზობლის ისტორიული წარსულის გაგება რუსეთის ისტორიის უკეთ აღქმას უწყობს ხელს. მაინც რა საერთო აქვს ამ ორ იმპერიას?
ნანგრევებზე აღმოცენებული სახელმწიფოები
პირველი თვალშისაცემი მსგავსება - დროითი ჩარჩოების სიახლოვეა, როდესაც რუსეთსა და ჩინეთს მართავდნენ, შესაბამისად, რომანოვები და ცინის დინასტიის მონარქები. რომანოვების დინასტიის პირველი მმართველი მიხეილ ფიოდოროვიჩი ტახტზე 1613 წელს ავიდა.
რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, 1644 წელს, ახალგაზრდა იმპერატორმა შუნჩჟიმ, ცინის სახლის პირველმა მმართველმა, მინის დინასტიის ჯარი დაამარცხა და პეკინი აიღო.
ორივეს - რომანოვებისა და ცინის დინასტიების - მმართველობა პრაქტიკულად ერთდროულად დასრულდა (1917 და 1912 წწ.-ში), თანაც ორივე - რევოლუციის შედეგად.
თუმცა, რა თქმა უნდა, არის განსხვავებებიც. ცინის დინასტიის მონარქები უცხოტომელები იყვნენ: წარმოშობით მანჯურიელებმა, მათ ფაქტობრივად დაიპყრეს ჩინეთი, ისარგებლეს რა მინის დინასტიის სისუსტითა და არაპოპულარობით და მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაიბირეს. რომანოვები კი პირიქით, არეულობის წლებში უცხო მტერს - შვედებსა და პოლონელებს წინ აღუდგნენ. ამის მიუხედავად, ორივე მათგანმა სახელმწიფო წარსულის ნამსხვრევებზე ააშენა: ერთმა რიურიკოვიჩების სამეფოს, მეორემ მინის დინასტიის სამეფოს ნანგრევებზე.
რეფორმატორები და დამპყრობლები
რუსეთს რეფორმატორის სახით პეტრე დიდი მოევლინა (1682 – 1725 წწ.). სწორედ მან გამოაცხადა რუსეთი იმპერიად, (მაშინ როცა ჩინეთი ამ სტატუსს ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ.-მდე 221 წლიდან ატარებდა), გაატარა რადიკალური რეფორმები და შვედეთთან წარმოებული ჩრდილოეთის ომის შედეგად (1700 – 1721წწ.) რუსეთი სრულფასოვან ევროპულ სახელმწიფოდ აქცია.
ჩინეთში ცინის დინასტიის პირველი იმპერატორები ძალას არ იშურებდნენ ქვეყანაში რეფორმების გასატარებლად. ასე, მაგალითად, იმპერატორმა კანსიმ შემოიღო საგადასახადო რეფორმა, რომელმაც გლეხები დამატებითი გადასახადისგან გაათავისუფლა, რასაც ეკონომიკური ზრდა და დემოგრაფიული აფეთქება მოჰყვა. ჩინელებს, ისევე როგორც რუსებს, ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლა უწევდათ. XVII საუკუნის ბოლოს მათ განდევნეს ჰოლანდიელები, რომლებსაც ტაივანი ჰქონდათ დაპყრობილი.
თუმცა, ცინის დინასტია ტაივანით არ შემოფარგლულა და იმ ეპოქის მონარქებმა მონღოლეთის, სინძიანისა და ტიბეტის დაპყრობის შედეგად მაქსიმალურად გააფართოვეს ჩინეთის იმპერიის ტერიტორია. რომანოვები, თავის მხრივ, განაგრძობდნენ ახალი ტერიტორიების შემოერთებას: XVIII – XIX საუკუნეებში იმპერიის გავლენის ქვეშ მოექცა უზარმაზარი ტერიტორიები პოლონეთიდან კურილიის კუნძულებამდე და ალასკამდე.
ამგვარად, რუსეთიცა და ჩინეთიც XVII-XVIII საუკუნეებში სერიოზულ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ: რუსეთისა და ჩინეთის იმპერატორების ნება სხვა ხალხებისა და უზარმაზარი ტერიტორიების ბედ-იღბალზე ახდენდა გავლენას. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სწორედ ამ დროს გადაიკვეთა ორი გიგანტური სახელმწიფოს ინტერესები, რასაც უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია.
შეტაკება ციმბირში
რუსეთსა და ჩინეთს შორის საჯილდაო ქვად XVII საუკუნის ბოლოს ამურის აუზის მიწები იქცა, რომლებიც ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარეობდა და რომელთაც აქტიურად ითვისებდნენ რუსი ახალმოსახლეები. ცინის იმპერიამ ასეთი ექსპანსია სახიფათოდ მიიჩნია - ჩინეთის იმპერატორები ამ მიწებს თავისად თვლიდნენ მიუხედავად იმისა, რომ ჩინელი მოსახლეობა იქ თითქმის არ იყო.
1680-იან წლებში წარმოებული ხანმოკლე ომის შემდეგ რუსეთმა და ჩინეთმა 1689 წელს დადეს ნერჩინსკის ზავი, რომელიც ჩინეთისთვის უფრო ხელსაყრელი აღოჩნდა. რუსებმა უარი თქვეს ამურისპირეთისა და შორეული აღოსავლეთის ათვისების გეგმებზე.
აყვავება
XVIII საუკუნეში ცინის დინასტიამ ძალაუფლება განიმტკიცა და ეკონომიკურ წინსვლას მიაღწია. ჩინეთში განვითარდა წარმოება, იგი გახდა ქსოვილებისა და ფაიფურის უმსხვილესი ექსპორტიორი. იმპერატორები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ კულტურას, ძველი ეპოქის ლიტერატურული ძეგლების აღდგენას, ქმნიდნენ ლექსიკონებსა და ენციკლოპედიებს.
მეორე მხრივ, ჩინეთი არ ღალატობდა აგრარულ მიმართულებას, რომელიც გარესამყაროსგან მოწყვეტილი იყო და ნაკლებად იცნობდა თანამედროვე მიგნებებსა და მეურნეობის სისტემებს.
XVIII საუკუნის რუსეთი, სადაც სასახლის გადატრიალებების ეპოქა ეკატერინე II-ის „განათლებულმა აბსოლუტიზმმა“ ჩაანაცვლა, იყო გაცილებით გახსნილი და ევროპული სახელმწიფო, თუმცა მაინც ინარჩუნებდა მონარქის აბსოლუტურ ძალაუფლებას და აგრარულ ეკონომიკას.
წინააღმდეგობა გარეგნულ სიკაშკაშესა და სიღრმისეულ საშინაო პრობლემებს შორის ორივე ქვეყანაში შენარჩუნდა, რამაც სავალალო შედეგები გამოიღო. ცინის ჩინეთი ამ სირთულეებს უფრო ადრე შეეჩეხა და უფრო მეტადაც დაზარალდა.
დაცემა
XIX საუკუნის შუა წლებში სანქტ-პეტერბურგიც და პეკინიც, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, დასავლეთის სახელმწიფოებს ეომებოდნენ. ომებში ორივემ მარცხი განიცადა. რუსეთი 1853-56 წლებში დამარცხდა ყირიმის ომში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთსა და ოსმალეთის იმპერიის გაერთიანებულ ძალებთან, ჩინეთი კი 1840-1850 წლებში ე.წ. „ოპიუმის“ ომებში - დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან, როდესაც ევროპელებმა ჩინელებს თავს მოახვიეს შეთანხმებები, რომლებმაც ჩინეთი დასავლეთის დე ფაქტო კოლონიად აქცია. რუსეთმა შემთხვევით ისარგებლა და ჩინეთი დაარწმუნა, ხელი მოეწერა „პეკინის ხელშეკრულებებზე“, რომლებითაც მან ამურისპირეთი და ზღვისპირეთი მიიერთა.
რუსეთის იმპერია, ყირიმის ომში მარცხის მიუხედავად, კიდევ სამოცი წელი არსებობდა შედარებით უზრუნველად. ცინის ჩინეთმა კი, რეფორმებისა და ეკონომიკის გაჯანსაღების არაერთი მცდელობის მიუხედავად, თავიდან ვერ აიცილა კატაკლიზმები - სახალხო აჯანყებები, რომლებიც ათობით წელი გრძელდებოდა. ბოლო იმპერატორების ძალაუფლება მეტწილად ცერემონიალურ ხასიათს ატარებდა, მაშინ როცა ქვეყანაში უცხოელები ბატონობდნენ.
1910-იან წლებში ორივე იმპერია რევოლუციის შედეგად განადგურდა - ჩინეთში სინხაის 1912 წლის, რუსეთში კი 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შედეგად. რომანოვებისა და ცინის დინასტიები დამარცხდნენ და ქვეყნები ქაოსიდან, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ, სულ სხვა ადამიანებმა გამოიყვანეს.