ყურადღებით! ანუ როცა არ გვისესხია და მაინც ვისტუმრებთ...

ვისი და რამდენი მართებს საქართველოს, რაში იხარჯება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან და პარტნიორი ქვეყნებისგან ნასესხები ფული და ვის მოუწევს კრედიტების გასტუმრება?
Sputnik

ქვეყნის საგარეო ვალი ისტორიულ ნიშნულზეა. ვეჭვობ, დაზუსტებას საჭიროებდეს, მაგრამ მაინც დავძენ: ხსენებული „ისტორიული ნიშნულის“ მიღმა მაქსიმალური მაჩვენებელი იგულისხმება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ვალი, არც მეტი და არც ნაკლები, 17.539 მილიარდ ლარს შეადგენს...

ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალიც გაზარდა

ვალის აღება არახალია. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, ქართული სახელმწიფო, ძირითადად ქვეყნის შიგნით ნაკისრი სოციალური ვალდებულებების შესასრულებლად, საზღვარგარეთ მოძიებულ საკრედიტო რესურსებს იყენებდა. სუსტი ეკონომიკა და ღარიბი ბიუჯეტი იყო ამის მთავარი მიზეზი. არასოდეს დამავიწყდება, მაშინ ჯერ კიდევ პერსპექტიულმა და იმედისმომცემმა პოლიტიკოსმა შალვა ნათელაშვილმა ბრძანა, ქვეყნის უკლებლივ ყველა მოქალაქეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მართებსო. ლეიბორისტების ლიდერმა კონკრეტული რიცხვიც დაასახელა და ირონიულად მიანიშნა − საქართველოში ბავშვი რომ იბადება, უკვე ვალი აქვს 50 ამერიკული დოლარიო. მას შემდეგ უკვე დიდი დრო გავიდა და რა გასაკვირია, რომ ჩვენც გავიზარდეთ და ჩვენთან ერთად ის საკრედიტო ვალდებულებაც გაიზარდა, რომელიც ჩვენთვის რომ არავის უკითხავს, ისე აიღო ჩვენ მიერ არჩეულმა ყველა ხელისუფლებამ. ვინ რამდენი? ამ კითხვაზე პასუხს მკითხველი თავადაც მოიძიებს თუ ამის სურვილი ექნება.

საზაფხულო „საქანელა“, ანუ საშემოდგომო გამოცდის მოლოდინში

გიხაროდენ! გეტყვით, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაახლოებით 4700 ლარის ვალდებულება აქვს. ბუნებრივია, ეს ის რიცხვია, რომელიც მოქალაქეებს სახელმწიფომ აჰკიდა სხვადასხვა დროს. ცალკეა მოქალაქეთა პირადი ვალდებულებები კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა თუ ე.წ. კერძო მევახშეების წინაშე. თუ ამ მაჩვენებელს, იგულისხმება 4700 ლარი, მოსახლეობის იმ კატეგორიას გამოვაკლებთ, რომელიც არ იხდის გადასახადებს – პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს და არასრულწლოვნებს, გამოვა, რომ თითოეულ გადასახადის გადამხდელს ტვირთად აწევს დაახლოებით 9.341 ლარის სახელმწიფო ვალი, რასაც ემატება საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 2.27 პროცენტი, რომლის დაფარვის საშუალო შეწონილი ვადა 22 წელს შეადგენს. ცხადია, ვალის გასტუმრებას სახელმწიფო ბიუჯეტი ემსახურება. ბიუჯეტის შევსების მთავარი წყარო კი გადასახადია, რომელსაც მოქალაქე იხდის...

სავალუტო ფონდმა საქართველოს სტრუქტურული პროექტების დასაჩქარებლად თანხა გამოუყო

რატომ იღებს მთავრობა ვალს, ანუ რა არის სახელმწიფო ვალის ეკონომიკური არსი? როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, სახელმწიფო ვალი ქვეყნის ფინანსური მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის მთავრობას საშუალებას აძლევს დააფინანსოს საბიუჯეტო გადასახადები და, რაც მნიშვნელოვანია, თავიდან აირიდოს საინვესტიციო პროექტების შეჩერება, ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა, საგადასახადო განაკვეთების ზრდა.  

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „იმ შემთხვევაში, თუ აღებული სახელმწიფო ვალი გონივრულად და ეფექტურად დაიხარჯება, ცხადია, ის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მოტივატორიც იქნება. სახელმწიფო ვალის არაეფექტიანად მართვას კი შეუძლია ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდეც მიიყვანოს. შესაბამისად, სახელმწიფო ვალის გონივრულად მართვა ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარების აუცილებელი კომპონენტია. უნდა ვიცოდეთ, რომ სახელმწიფო ვალის მოცულობა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. როცა ქვეყანა გადამხდელუნარიანია, ხოლო ეკონომიკა განვითარებულია, მისთვის საგარეო და საშინაო ვალდებულების ზრდა პრობლემა არ არის. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა უკვე დაძლეულია კორუფცია, ბიუროკრატია და მაღალ დონეზეა სტრუქტურების კომპეტენცია...“  

რატომ არ მოსდის ხელისუფლებას თვალში „თავისუფლების აქტი“

2018 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალმა მთლიანი შიდა პროდუქტის 44.6 პროცენტი შეადგინა. ასე რომ, ე.წ. სტანდარტი დაცულია. 2002 წლიდან 2017 წლამდე სახელმწიფო ვალის სიდიდემ მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ საშუალოდ 72.31 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მაღალ ნიშნულზე 2014 წელს იყო, ხოლო ყველაზე დაბალ ნიშნულზე – 2017 წელს. სპეციალისტების და ანალიტიკოსების შეფასებით, საგარეო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობის ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი აღემატება ამავე პერიოდში ეკონომიკის ზრდის საშუალო სიდიდეს – 3.4 პროცენტს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კერძო ბიზნეს-სუბიექტების დავალიანება წმინდა მიზნობრივ ხასიათს ატარებს და ისევ ბიზნესის განვითარებას ხმარდება.  

ანალიტიკოსი მიხეილ თოქმაზიშვილი: „საგარეო ვალის ზრდა სარეკომენდაციო ზღვრის ფარგლებში ნეგატიურ მაკროფაქტორად არ უნდა მივიჩნიოთ. პირიქით, განვითარებად ეკონომიკას სჭირდება კიდეც ნასესხები სახსრების მოზიდვა საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად. მიმდინარე ანგარიშის ახლანდელი დეფიციტი შეიძლება მომავალში გახდეს უფრო მაღალი ზრდის, უმუშევრობის შემცირების, ექსპორტის სტიმულირების და დანაზოგების წყარო. რეალურად არც სახელმწიფო საგარეო ვალის და არც კერძო ბიზნეს-სუბიექტების საგარეო დავალიანების დღეს არსებული მაჩვენებელი არ ატარებს მაღალ რისკ-ფაქტორებს ეკონომიკისთვის. მართალია, საგარეო ვალზე მაღალი დამოკიდებულება ზრდის მგრძნობელობას საგარეო შოკებისადმი, მაგრამ ალტერნატივა საფონდო ბაზრის განვითარების ხელშეწყობაში მდგომარეობს...“

საქართველოს საგარეო ვალი – რამდენად საგანგაშოა ეს ტვირთი

სრული სურათი რომ წარმოვაჩინოთ, ორიოდე სიტყვა სახელმწიფო ვალის სტრუქტურაზეც უნდა ითქვას. სახელმწიფო ვალი საგარეო და საშინაო ვალისგან შედგება. საგარეო ვალის ნაშთი 13.789 მილიონი ლარია, მთლიანი სახელმწიფო ვალის 79 პროცენტი. ამ საკრედიტო რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია დონორი ორგანიზაციებისგან და ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან. სახელმწიფო საგარეო ვალის პორტფელი შეღავათიანია და ის ძირითადად გრძელვადიანი სესხებისგან შედგება.  

საგარეო ვალებიდან საქართველოს ყველაზე მეტი მსოფლიო ბანკის მართებს, არც მეტი და არც ნაკლები – 5.1 მილიარდი ლარი, აზიის განვითარების ბანკის – 3.2 მილიარდი ლარი, ევროპის საინვესტიციო ბანკისა – 1.59 მილიარდი ლარი. საზღვარგარეთის კრედიტორებს შორის გერმანია ლიდერობს. ამ ქვეყნის 1.008 მილიარდი ლარი გვმართებს.  შემდეგ არიან საფრანგეთი – 653 ათასი ლარით და იაპონია 590 ათასი ლარით. საშინაო ვალიდან ყველაზე მეტად ჭარბობს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახაზინო ობლიგაციები, რომელთა ემისიის შედეგად მთავრობას 2.767 მილიონი ლარის ვალდებულება წარმოექმნა. სახაზინო ობლიგაციების ძირითადი შემსყიდველები კომერციული ბანკები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის საშინაო ვალი ძირითადად ბანკების წინაშე არსებული ვალდებულებებია.

ვალს გასტუმრება უნდა, მაშინაც კი, როცა თავად კი არ ისესხე, არამედ სხვამ, თუნდაც შენივე სახელმწიფომ „იზრუნა“ შენზე!..