საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები დასრულდა, მაგრამ დღეს ცოტა ვინმემ თუ იცის, რა ქონებას ფლობს სალომე ზურაბიშვილი და რა პრივილეგიები ერგება მას სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე.
ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერდა, ოთხშაბათს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა 59,52%-მა მისცა ხმა, ხოლო ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს - 40,48%.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს უნდა შედგეს.
ზურაბიშვილის ქონება
2017 წლის დეკლარაციის თანახმად, რომელიც ზურაბიშვილმა საქართველოს დეპუტატობის დროს შეავსო, მას აქვს ბინა და კერძო სახლი ნაკვეთით.
პარიზში მდებარეობს 60 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა, რომელიც ზურაბიშვილმა 1989 წელს შეიძინა. ხოლო სახლი მიწის ნაკვეთით თბილისში 2006 წელს შეიძინა. სახლი საკმაოდ დიდია - 230 კვ მეტრი, ნაკვეთის ფართობია 5,1 ათასი კვ მეტრი.
ზურაბიშვილის სახელზე ასევე გაფორმებულია 2012 წლის გამოშვების Hyundai-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ზურაბიშვილმა 2016 წელს შეიძინა.
სად იცხოვრებს
კანონით, საქართველოს პრეზიდენტს აქვს უფლება აირჩიოს, სად იცხოვროს. თუ ზურაბიშვილი გადაწყვეტს იქირავოს სახლი ან ბინა, ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი დაფარავს.
არც ავლაბრის სასახლე, სადაც დღეს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მუშაობს, არც ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლე საცხოვრებლად არ გამოდგება.
ზურაბიშვილი აპირებს მუშაობას ორბელიანების სასახლეში. მისი თქმით, მეხუთე პრეზიდენტისთვის, რომელსაც საკმაოდ შეკვეცილი უფლებამოსილება ექნება, ავლაბრის ფეშენებელურ სასახლეში მუშაობა მიზანშეწონილი არ არის.
დასახელდა ზურაბიშვილის და მარგველაშვილის შეხვედრის თარიღი >>
განახლებული კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მომავალ პრეზიდენტს ექნება მოქალაქეობის მინიჭების, მსჯავრდებულთა შეწყალებისა და პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებზე ვეტოს დადების უფლება.
პრეზიდენტის ხელფასი
საქართველოს პრეზიდენტის ხელფასის საკითხი რეგულირდება კანონით „საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ“. ვინაიდან პრეზიდენტი უმაღლესი რანგის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირია, მისი ყოველთვიური ხელფასი არ უნდა აღემატებოდეს 13 ათას ლარს. კონკრეტულ თანხას თავად პრეზიდენტი განსაზღვრავს.
მაგალითად, მარგველაშვილი თვეში 6900 ლარს იღებს.
პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლების ხელფასების, ვიზიტების და სხვა ხარჯები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან იფარება, რომელსაც, თავის მხრივ, ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტი განსაზღვრავს.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გამოუყოფენ 9,8 მილიონ ლარს. მხოლოდ ხელფასებზე 2019 წელს 4,6 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო საქონელსა და მომსახურებაზე - 4,5 მილიონ ლარზე მეტი.
პრეზიდენტის დაცვა
პრეზიდენტისა და სხვა თანამდებობის პირთა უსაფრთხოებაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ზრუნავს. სწორედ ეს სამსახური წყვეტს, რამდენი ადამიანი დაიცავს პრეზიდენტს, მის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილს.
ავტომობილი, რომლითაც გადაადგილდება პრეზიდენტი, ასევე გამოიყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ავტოპარკიდან.
სახელმწიფო მეთაურს აქვს უფლება ისარგებლოს სპეციალური თვითმფრინავით და საჭიროებისამებრ ვერტმფრენითაც. ეს საფრენი აპარატები სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხება და ანგარებში 24-საათიანი დაცვის ქვეშ ინახება.
სახელმწიფო მეთაურის გადაადგილების მარშრუტი, ასევე დაცვის წევრების რაოდენობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ამ ინფორმაციას მხოლოდ პრეზიდენტის დაცვის უფროსი ფლობს.
რას შეცვლის ზურაბიშვილის პრეზიდენტობა >>
ამჟამინდელი კანონმდებლობით, პრეზიდენტს სიცოცხლის ბოლომდე დაცვა ეკუთვნის. მაგრამ ეს წესი მალე შეიცვლება - სახელმწიფო დაცვა უზრუნველყოფს ექს-პრეზიდენტების უსაფრთხოებას მათი უფლებამოსილების ამოწურვიდან მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში. დაცვის გახანგრძლივების საკითხი პრემიერ-მინისტრმა უნდა გადაწყვიტოს. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტში უკვე შევიდა.