საერთაშორისო დამკვირვებლებმა საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასეს

გამოწერა
საერთაშორისო დამკვირვებლებმა საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის ნეგატიურ ხასიათს გაუსვეს ხაზი

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებსაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებლები ჰყავდათ, ქვეყნის ხელისუფლება კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის შეაქეს, თუმცა პრივილეგიების ბოროტად გამოყენებისთვის გააკრიტიკეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების პირველი შეფასებები - როგორ ჩატარდა არჩევნები>>>

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური ოთხშაბათს გაიმართა, რომელშიც გამარჯვება მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა. ხუთშაბათს ეუთოს, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა დასკვნა წარმოადგინეს.

„მეორე ტური კონკურენტული იყო და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა. თუმცა, ერთი მხარე უსაფუძვლო პრივილეგიებით სარგებლობდა, ხოლო კამპანიის ნეგატიურმა ხასიათმა პროცესი შეარყია", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ქართველმა ექსპერტებმა წინასაარჩევნო კამპანიას არაერთხელ უწოდეს „სიბინძურე". ოპონენტების მაკომპრომეტირებელი ფარული აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება, შეურაცხყოფა, ურთიერთბრალდებები - ამ არჩევნების განუყოფელი ნაწილი გახდა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
„ასე არ უნდა იყოს" - საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების ხარისხს აკრიტიკებს

რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო კამპანია "მკაცრმა რიტორიკამ" შეარყია.

„ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებამ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი წაშალა", - ნათქვამია დოკუმენტში.

დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს ამომრჩევლის აქტივობა, რომელმაც 56,23% შეადგინა.

გარდა ამისა, მათ არჩევნების ორგანიზებულობა მოეწონათ.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ძალისხმევა არ დაიშურა პროცედურული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც არჩევნების პირველ ტურში აღინიშნა", - ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს 32 ქვეყნიდან 215 დამკვირვებელი აკვირდებოდა.

ამასთან, არჩევნები ჩატარდა როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში - 39 ქვეყანაში.

არჩევნების შედეგებით, ზურაბიშვილმა ხმების 59,52%, მისმა კონკურენტმა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძემ კი 40,48% მიიღო.

 

ყველა ახალი ამბავი
0