თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ერთი მხრივ, საქართველოს მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, მეორე მხრივ, კი დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრი ვარდნა აღნიშნა.
მარგველაშვილი: ვულოცავ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს>>>
არჩევნები საქართველოში, ისევე როგორც უცხოეთში, სადაც 39 ქვეყანაში იყო გახსნილი საარჩევნო უბნები, გუშინ, 28 ნოემბერს ჩატარდა. კენჭისყრის შედეგებით, გამარჯვება მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა, რომელმაც ხმების 59,52% მიიღო. მისმა კონკურენტმა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გრიგოლ ვაშაძემ კი ხმების 40,48% აიღო.
„მადლობა თქვენ არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის. თქვენმა ასეთმა მაღალმა აქტივობამ ნათლად აჩვენა, რომ საზოგადოებისთვის პრეზიდენტის არჩევა პრინციპული და მოქალაქეობრივი ვალის მოხდის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. მინდა მადლობა გადავუხადო სადამკვირვებლო მისიებს, რომლებმაც კომპეტენტურად, მაღალ პროფესიულ დონეზე შეასრულეს თავისი საქმე", - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა არჩევნების მაღალკვალიფიციურად გაშუქებისთვის მედიას მადლობა გადაუხადა,
„გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებითა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე, მინდა, შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე. საქართველოში ასეთი არჩევნები ამ სტანდარტით მეტი აღარ უნდა ჩატარდეს", – დასძინა მარგველაშვილმა.
არჩევნების მეორე ტურის გამართვა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე 25 კანდიდატიდან, ვერცერთმა ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვებისთვის აუცილებელი 50%-ზე მეტი ხმის მიღება.