მოსყიდვა, „კარუსელები“, სპეკულაციები - ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს ადანაშაულებს

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პროვოკაციად აფასებს
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ და ტელეკომპანია Rustavi2-მა საპრეზიდენტო არჩევნების დროს დარღვევებთან დაკავშირებით მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მისამართით ბრალდებების მთელი სია წარმოადგინეს.

მარგველაშვილი: ხმა მივეცი კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, იყოს ყველას პრეზიდენტი >>

„ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო უბნებზე ჩნდებიან ადამიანები, რომლებმაც მარკირების პროცედურა მანამდე უკვე გაიარეს. საპასუხოდ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიცია, კერძოდ კი გაერთიანებაში შემავალი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უბანზე მიჰყავს რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელთაც უკვე მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა. მამუკა მდინარაძის თანახმად, ეს ადამიანები, რომელთაც მარკირების პროცედურა უკვე გავლილი აქვთ, ხელახლა ცდილობენ საარჩევნო უბნებზე შესვლას იმ მიზნით, რომ დარღვევები დაფიქსირდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნები: ყველაზე მეტად რაჭველები აქტიურობენ

ტელეკომპანია Rustavi2-მა გაავრცელა ინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ, კერძოდ ფულად თანხების გადახდაზე იმათთვის, ვინც ხმას სალომე ზურაბიშვილს მისცემს. ეთერში იყო ნაჩვენები, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის წევრის კუთვნილი ბლოკნოტი სახელებით, გვარებით და ფულადი თანხების მითითებით.

„რუსთავი 2“ ბოლო წუთების განმავლობაში გვიცხადებს, რომ ხელში ჩაუვარდათ ფურცელი, სადაც დაფიქსირებულია მოსყიდვის ფაქტები, ხუმრობასაც კი ვაპირებდი იმასთან დაკავშირებით, რომ დაგვეწერა ხელით, მიგვეწერა კონკრეტული თანხები, ეს იუმორშიც არ ჯდება. ეს არის ძალიან იაფფასიანი სპეკულაცია და ყველას ვთხოვ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლები, მოერიდონ ასეთ პროვოკაციას“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დილიდან გამოხატავენ აღშფოთებას იმის გამო, რომ საარჩევნო უბნებთან მორიგეობენ „ქართული ოცნების“ აგიტატორები და არჩევნებზე მისულ პარტიის მომხრეებს აფიქსირებენ.

„ნაცმოძრაობელმა“ ქალმა „ოცნების“ მომხრე ქალი სცემა: აღძრულია სისხლის სამართლის საქმე >>

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისა და ჩვენი აგიტატორების ნებისმიერი მოქმედება უკანონოდ წარმოაჩინოს. სინამდვილეში, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ მომხრეებს აბსოლუტურად კანონიერი უფლება აქვთ, საარჩევნო უბნის გარეთ, როგორც აგიტაციის, ასევე მათ აქვთ უფლება, მოახდინონ მხარდამჭერების რაოდენობის აღრიცხვაც, მთავარია, რომელიმე ადამიანმა არ მოახდინოს ზემოქმედება ამომრჩევლის ნებაზე“, - ხაზგასმით აღნიშნა მდინარაძემ.

დაპირებული ტაშ-ფანდური, სარეცხი და სხვა კურიოზები საარჩევნო უბნებიდან

ფრაქციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ აგიტატორები კანონის დაცვით მოქმედებენ.

„ჩვენი აგიტატორები, ჩვენი მხარდამჭერები, ჩვენი პარტიული აქტივი მოქმედებს კანონის ფარგლებში, მისი სრული დაცვით და მოვუწოდებთ მათ, გააგრძელონ მუშაობა. ამავე დროს მოვუწოდებ ოპოზიციას და მათი მედიის წარმომადგენლებს, თავი დაანებონ ჩვენს აქტივისტებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას“, - დასასრულს აღნიშნა მან.

საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს კვირას უკანასკნელად ირჩევს. მომავალში ეს გახდება საარჩევნო კოლეგიის პრეროგატივა, რომელშიც პარლამენტის დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შევლენ.