მირზა სუბელიანის ვენდეტა

არის თუ არა ხელისუფლება მირზა სუბელიანის ტყვეობაში და რა კომპრომატებს ფლობს ხელისუფლების წინააღმდეგ სუბელიანი
Sputnik

ირაკლი გოგორიშვილი

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე, სავარაუდოდ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის ფარული აუდიოჩანაწერი  გაავრცელა, რითაც საზოგადოებას ძალიან ბევრი კითხვა და თავსატეხი გუაჩინა. ცალსახაა, რომ ამ ტიპის სკანდალი პირდაპირ დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. ფარული ჩანაწერების ომი გრძელდება...

აღნიშნულმა აუდიოჩანაწერმა ქვეყანაში არსებულ სისტემურ ხარვეზებს ახადა ფარდა. ჩანაწერი გლდანის N 8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და საკანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი მესტიის რაიონიდან - ვიქტორ ჯაფარიძე, ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი და თავად დაკავებული, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი იმყოფებოდნენ. 

პრემიერი: არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდება

შეიძლება ითქვას,  რომ ამ ჩანაწერის ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს, რადგან დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანთან როგორც შეხვედრას, ასევე საუბრის იმ შინაარსს ადასტურებს, რომელიც ჩანაწერებით გავრცელდა. გამოდის, რომ ეს ფარული ჩანაწერები თავად ციხეში განხორციელდა, ხოლო შედგომ ჩანაწერები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელში აღმოჩნდა. ყოველივე ეს პოლიტიკურ ნიშნებს ატარებს და აუცილებლად იმოქმედებს საარჩევნოდ ხელისუფლებაზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის ციხის კადრები, რითაც სააკაშვილის რეჟიმი დასამარდა, მაგრამ ამ არჩევნებზე ეს ჩანაწერი სწორედ ნეიტრალურ ელექტორატზე არის გათვლილი, რაც არჩევნების შედეგზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. მაინც ვის ინტერესში იყო ამ ფარული ჩანაწერების გამჟღავნება?!

არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე გამოძიებიდან გამომდინარე,  ამ ჩანაწერის გაჟონვა თავად პენიტენციალური სისტემიდან მოხდა, თუმცა,  არც ის უნდა იყოს გამორიცხული,  რომ თავად „გადაგდებული“ მირზა სუბელიანი იდგეს ამ ჩანაწერის უკან.

ოპოზიცია ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - ცესკო პროვოკაციაზე საუბრობს

როგორც მოსალოდნელი იყო, მთავარ პროკურატურაში აუდიო ჩანაწერის საქმეზე, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ფიგურირებს, საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განმარტა, საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ი.პ.-ს განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, მასზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით, მოქალაქე ი.პ.-ს მოსთხოვეს პატიმარ მ.ს-ს შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება.

პროკურატურის  ინფორმაციით, 12 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, როგორც ამ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, აგრეთვე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით. 

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული მოზარდი პატიმრობაში რჩება

„იმავდროულად, ამოღებული აუდიოჩანაწერების პირველად ანალიზზე დაყრდნობით, გამოძიება ინტენსიურად განიხილავს პირთა ჯგუფის მიერ კონკრეტული შინაარსის საუბრების ორგანიზების ვერსიას მათი შემდგომი გავრცელების მიზნით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს გამოძიების პროცესში მოპოვებულ ყველა აუდიოჩანაწერს. თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურა ინტენსიურად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ”, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში უფრო დიდ ინტერესს იჩენს თუ ვინ მოიპოვა ეს ფარული ჩანაწერი, და შეგნებულად თუ შეუგნებლად გვერდს უვლის თავად იმ თემებს რომელზეც მირზა სუბელიანი საუბრობს.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე შეფასებებს აკეთებს მედია საშუალებებთან საუბარში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი:

„ეს არის მირზა სუბელიანის ვენდეტა. პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს. ფაქტია, რომ ხელისუფლება კარგავს თვითკონტროლს. აღარ არის უკვე სახელმწიფოს კონტროლზე საუბარი. ურჩხული არის შიგნით. ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ გადმოიბარებდა არსებულ დანაშაულებრივ მექანიზმს, ინსტრუმენტს, რაც მანამდე იყო ფორმირებული და მას მართავდა, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ ურჩხულმა დღევანდელი ხელისუფლება მძევლად აიყვანა და ამ პრეცედენტებს ონლაინ რეჟიმში ვუყურებთ დღეს.“ - მიაჩნია პოლიტოლოგს.

ხუხაშვილი: სისტემა კი არ უნდა გვემართა, სისტემისთვის თავი უნდა წაგვეცალა

ხუხაშვილი თვლის, რომ ეს არის სისტემური პრობლემა, რომელსაც სისტემური პასუხი სჭირდება. რისთვისაც ხელისუფლებას ძალიან ცოტა დრო აქვს, რომ პასუხი გასცეს.

„ეს პასუხი ერთადერთია, ურჩხული უნდა დაისაჯოს სისტემურად. თუმცა არის კითხვა - აქვს ურჩხულის დასჯის ძალა ხელისუფლებას? - შესაძლოა, პროცესს უკვე შეუქცევადი ხასიათი აქვს მიღებული და თუ ეს ასეა, ხელისუფლებამ ძალიან სწრაფად უნდა უთხრას ეს საზოგადოებას. სხვაგვარად ეს ურჩხული თავის მშობელს შეჭამს უახლოეს პერიოდში. ეს პროცესი შესაძლოა, შეფასდეს არა მანკიერი, კრიმინალური სისტემის მარცხად, არამედ, სისტემის გამარჯვებად არსებულ ხელისუფლებაზე, რომელიც სულ სხვა მიზნებით და ამოცანებით მოვიდა 2012 წელს“, - აცხადებს ხუხაშვილი.

გამოდის რომ, მირზა სუბელიანი ხელისუფლებას ემუქრება, რადგან ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას. არის თუ არა ხელისუფლება მირზა სუბელიანის ტყვეობაში და რა კომპრომატებს ფლობს ხელისუფლების წინაარმდეგ სუბელიანი ალბათ ძალიან მალე აეხდება ფარდა სიმართლეს.

ფარული ჩანაწერების ქვეყანა ანუ როცა ყველა ყველას უსმენს, მაგრამ ერთმანეთის არავის ესმის

ჩვენ კი გვრჩება პასუხგასაცემი მოახლოებულ არჩევნების პიკზე ვინ არის პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის რეალური კონკურენტი და ამ შემთხვევაში ძნელია არ დაეთანხმო კვლავ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს:

„ვფიქრობ, ეს კვირა იქნება პიკი, ყველაზე ცხელი კვირა, საარჩევნო ლოგიკით, ეს ასეა. როგორც ჩანს, ეს ჩანაწერები ხდება ცენტრალური თემა. თუმცა, დღევანდელი არჩევნების პარადოქსია ის, რომ სახელისუფლებო კანდიდატმა ვისთან უნდა წააგოს, არ ჩანს. თუ დღევანდელი ხელისუფლება ურჩხულის, სისტემის მძევალია, მისი ალტერნატივა არის ამ ურჩხულის რეალური მშობელი და ეს ამომრჩეველს კარგად ესმის. მას არ აქვს კარგი არჩევანი. აბსოლუტურად გაუგებარი სიტუაციაა. ამას აღარ შეიძლება არჩევნები ეწოდოს. ეს არის ჩანაწერებზე დაფუძნებული რეალითი შოუ“, - ამბობს ხუხაშვილი.

არსებულ ვითარებას საკმაოდ ართულებს ბოლო ინფორმაცია, რომლის თანხამადაც მირზა სუბელიანმა 15 ოქტომბერს საღამოს თვითმკვლელობა სცადა, რაც ოფიცილალურად დაადასტურა სასჯეაღსრულების სპეციალურმა პენიტენციალურმა სამსახურმა.

„მოცემულ ფაქტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა გუშინ საღამოსვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში – ბრძოლა წესების გარეშე

ღამის განმავლობაში პატიმარს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო დღეს დილით მას კონსულტაცია გაუწიეს ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა“, - ნათქვამია  უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმედია აუდიო ჩანაწერების მთავარი მოწმის უსაფრთხოება იქნება დაცული, რათა კიდევ ბევრ თემას აეხადოს ფარდა. ამის გარანტორი კი თავად ხელისუფლება უნდა გახდეს, რადგან სწორედ მის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს წინასაარჩევნოდ გაუგებარ ვითარებაში მირზა სუბელიანის  სიცოცხლის ხელყოფა.