თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქვეყნის მოსახლეობა დაარწმუნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩატარდება.
კენჭისყრის მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურაც იზრდება. ოპოზიცია ხელისუფლებას ყოველდღიურად სდებს ბრალს მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში, პარალელურად კი ტელევიზიებში პერიოდულად ჩნდება აუდიოჩანაწერები, რომლებიც ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
„საბოლოო ჯამში, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, ემსახურება წინასაარჩევნო პერიოდში დისონანსის შემოტანას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ნურავის ექნება ამის ილუზია! საქართველოში არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში, ისე, როგორც ეს შეეფერება იმ სტანდარტს, რისკენაც მივილტვით – საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ", – განუცხადა ბახტაძემ ჟურნალისტებს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, ქვეყანაში ბოლო ბოვლენების კომენტარისას, პრემიერს მთავრობის სხდომის ჩატარებისკენ მოუწოდა, რომელსაც პრეზიდენტიც დაესწრება. მარგველაშვილს სურს, მინისტრებს გააცნოს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ საკუთარი ხედვა და მათ პრობლემების გადაჭრისთვის რჩევები მისცეს.
„ბუნებრივია, მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ. რაც შეეხება მთავრობაზე განსახილველ საკითხებს, ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია აუცილებლად გააკეთებს", – განაცხადა ბახტაძემ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება. პრეზიდენტობისთვის 25 კანდიდატი იბრძოლებს.