ღვინობისთვეს ჩვენში გამორჩეული ხიბლი აქვს... კაცი ვერ ინატრებს უკეთეს კლიმატს, ბუნებაც საოცარი ფერებით იმოსება, აღებული მოსავალი დაბინავებულია და დათვლილი... ყოველივეს არ ჩამოვთვლი, ერთს დავსძენ, დათვლამ გამახსენა, რომ უკვე მრავალი წელია, ღვინობისთვეს პოლიტიკური ელფერიც დაჰკრავს... ძალზე იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეს სწორედ ის დროა, როცა ქვეყნის მესვეურთ ვირჩევთ.
რა სიმბოლურია! არჩევანი მაშინ კეთდება, როდესაც მაჭარი დუღს! შემთხვევით არაფერია და არავინ იფიქროს, რომ საშემოდგომოდ დათქმული არჩევნები, მისი უდიდებულესობა ხალხის ნებას ეწინააღმდეგება. არადა, კაცმა არ იცის, რა სჯობს. ჩვენში ბოლო დროს, ხშირად ამბობენ, რომ ასარჩევს ფხიზელი თვალით მტერმა უყურა!
გიხაროდენ! ეს ოქოტმბერიც წინამორბედთა დარია, 28 რიცხვში, საქართველოს მოსახლეობა, რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს! ერთხელ უკვე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ვინც არ უნდა იყოს ის, ბევრი ვერაფრის „გაფუჭებას“ შეძლებს. პატივცემულო მკითხველო, არ იფიქრო, რომ მას რისამე „გასაფუჭებლად“ ცოდნა არ ექნება და უნარი არ ეყოფა. სულ სხვაა მიზეზი. მოგეხსენება, უკვე ათი წელია, რაც პოლიტიკური „ელიტის“ ნახელისუფლარი თუ სახელისუფლებო ნაწილი, ქვეყნის ძირითად კანონს, კონსტიტუციას „უჩხიკინებს“ და ამ ძალისხმევის შედეგად, თანდათან შეიზღუდა პრეზიდენტის სამოქმედო არეალი, შეიკვეცა მისი უფლებები და მოვალეობები. სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, შეიცვალა სახელმწიფო მმართველობის ფორმამაც, საპრეზიდენტო მოდელი საპარლამენტო რესპუბლიკამ ჩაანაცვლა.
დაზუსტებისთვის, პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ ინარჩუნებს სახელმწიფოს მეთაურის სტატუსს, სიმბოლური ფიგურაა და მას განსაკუთრებული გავლენა ვერ ექნება ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე. მცდარი და უსაფუძვლოა მოლოდინი, რომ სახელმწიფოს მეთაური მოაგვარებს არსებულ მწვავე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს. უფრო მარტივად გასაგები, რომ იყოს, დავსძენ - მომავალი პრეზიდენტის გარჯა, თუნდაც შესაშური, ვერაფრით აისახება მოქალაქეთა მაცივარებზე. მოკლედ, დრო, როცა პრეზიდენტის სახით „მესიას“ ვირჩევდით, უკვე წარსულს ჩაბარდა, თუმცა არა თავისით, ამ საშვილიშვილო საქმეს, თავადაც შევეხიდეთ, როცა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით ავირჩიეთ. სწორედ მას შემდეგ, საქართველო, საბოლოოდ მოინათლა საპარლამენტო რესპუბლიკად. აი ასეა, ბახუსს, ღვინობისთვეშიც, ზომიერად უნდა დაეწაფო, სხვაგვარად თრობა იცის, მათ შორის, პოლიტიკური თრობაც.
სახელმწიფოს მეთაურის „გაკრეჭილი“ უფლებების პირობებშიც კი, პრეზიდენტის სავარძელი ხიბლს როდი კარგავს. პრეზიდენტობის სურვილი ორმოცდაექვსმა კანდიდატმა გამოთქვა და შესაბამისი თხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის საბოლოო ვადის ამოწურვის შემდეგ, ოცდაერთ კანდიდატს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა... სხვისი არ ვიცი და მე კი, მას შემდეგ, ეჭვი მღრნის, ეგება, სწორედ მათ შორის იყო ის ერთი „დიადი“ და „ყოვლისშემძლე“. ნათქვამია, რომ გულს ნუ გაიტეხ, სოფელი დიდიაო. მეც ისღა დამრჩენია, ვისმინო ხალხური სიბრძნე. საფუძველიც მაქვს, რადგან სოფლის სიდიდისა რა გითხრათ და საარჩევნო სია კი, მართლაც ვრცელია. ხუმრობა ხომ არ არის, საარჩევნო მარათონს ოცდახუთი მონაწილე შემორჩა. მათგან ცხრამეტი, პოლიტიკურმა პარტიამ, ხოლო ექვსი საინიციატივო ჯგუფმა წარმოადგინა.
ღმერთი რატომ არ გაუწყრათ? ახლა ამ სიტყვების ადრესატები არიან ისინი, ვინც „დიდი ერთობა“ შეკრეს და „საჭიდაოდ“ საერთო ფალავანი, გრიგოლ ვაშაძე წამოაყენეს. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ახლა, მას უკვე, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ჰქვია. თავად „ერთობაში“ შემავალი პარტიებიდან, როგორც „წყაროზე“ ამბობენ, მხოლოდ, ორიოდეს თუ ესინჯება მაჯა, ყველა სხვა კი „ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა“ შეერთებული. მიუხედავად ამისა, რომ არა ეს პოლიტიკური ქორწინება, მერწმუნეთ, პრეზიდენტობის მსურველთა რაოდენობა, კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა. მკითხველი ბრძანებს, რომ „ვარსკვლავთა“ სიმცირეს არც ახლა უჩივის და მართალიც იქნება. ერთი სიტყვით, „უცნაური“ ხალხი ვართ ქართველები. მივისწრაფით იქ, სადაც ჯაფა ნაკლებია და პეწია მეტი...
საარჩევნო „მენიუს“ დავუბრუნდეთ. სულ პატარა მონდომება და სასურველ კანდიდატს ყველა მიაგნებს, მათ შორის პოლიტიკური გემოვნების მქონე თუ არმქონე; პესიმისტი თუ ოპტიმისტი... რეალისტი კი შესაძლოა დაგვრჩეს არჩევანის გარეშე. მმართველ პარტიას, საკუთარი რიგებიდან, რჩეული არ ჰყავს. „ქართული ოცნება“ ადამიანური და ფინანსური რესურსებით, მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც დამოუკიდებელი კანდიდატი ჰქვია. არავინ კამათობს, ეს ამ არჩევნების ერთი მთავარი თავისებურებაა. ყოფილ ემიგრანტს, ოპონენტები, მშობლიური ენის ცოდნასა და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებას უწუნებენ. აქტიურობენ ისინიც, ვინც ათი წლის წინათ, ვერ მოახერხეს, სულ ცოტა, პროვოკაციისთვის აერიდებინათ თავი. საკამათო არ არის, ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი ხაზი, სწორედ სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციაზე გადის.
ორგზის პირველი კანონმდებელი, დავით ბაქრაძე, საპრეზიდენტო არჩევნებშიც, უკვე მეორედ, ცდის ბედს და არის მოსაზრება, რომ საარჩევნო სიაში მეორე ნომრად განთესილი კანდიდატის მთავარი მიზანიც მეორე ადგილის მოპოვება იქნება. ქვეყნის პირველი ლეიბორისტი ლიდერია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის რაოდენობით. შალვა ნათელაშვილი სულ „იგებს“ და მუდმივად ეგუება „გაყალბებული“ არჩევნების შედეგებს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, საპრეზიდენტო არჩევნების დებიუტანტია, ამბობს, რომ მეტი შეგვიძლია, თუმცა რა შეგვიძლია და რა არა, ამას დრო გვიჩვენებს. ძირითადი ფიგურანტები დავასახელე... და ბოლოს, წლის მთავარი პოლიტიკური ბატალიების მონაწილეთა შორის, ოცდასამი მამაკაცი და მხოლოდ ორი ქალბატონია... თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს გენდერული დისბალანსი საარჩევნო სიის ყველაზე უმნიშვნელო ნაკლია. მთავარი პრობლემა ის არის, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს აღარ აქვთ ამომრჩეველის ნდობა. მოსახლეობამ იცის პოლიტიკაში ვინ ვინ არის, ვინ იტყუება და ვინ არა. ნიჰილიზმი კი გაკოტრებული პოლიტიკოსების მრავალწლიანი „ღვაწლის“ შედეგია...