სალომე ზურაბიშვილი: შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ დებატებში

© Sputnik / Denis Aslanovსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Yandex newsTelegram
პრეზიდენტობის კანდიდატისთვის ყველაზე მიუღებელი აღმოჩნდა არა პერსონალურად მის მიმართ წარმოთქმული ბრალდებები და შეურაცხყოფა, არამედ ის, რაც ეხება მის დამოკიდებულებას ქვეყნისადმი

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტები დებატებში გამოიწვია.

„როგორც ყველა ხართ მოწმე, ეს საარჩევნო კამპანია ვითარდება როგორც არაევროპული, არაღირსეული, არაცივილური კამპანია. მისთვის დამახასიათებელია სიცრუე, სიყალბე, შავი პიარი, შეურაცხყოფა, ცილისწამება და, სამწუხაროდ, ეს ლახავს საქართველოს სურათს“, —  დაწერა  სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ გვერდზე Facebook-ში.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატისთვის ყველაზე მიუღებელი აღმოჩნდა არა პერსონალურად მის მიმართ წარმოთქმული ბრალდებები და შეურაცხყოფა, არამედ ის, რაც ეხება მის დამოკიდებულებას ამ ქვეყნისადმი და რაც წარმოადგენს კიდეც მისთვის  ერთგვარ წითელ ხაზს. 

„ამ პირობებში, ნებისმიერი ღირსეული ადამიანი არ დათანხმდებოდა და არ მიიღებდა მონაწილეობას დებატებში, წარმომადგენლებთან იმ შავი ძალისა, რომლებიც ამ ყველაფერზე მიდიან. მაგრამ ბევრი ვიფიქრე და იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას, ამომრჩეველსა და საარჩევნო ვითარებას პატივს ვცემ, გადავწყვიტე, ავიღო ინიციატივა და ვთქვა, რომ მე ამ შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ დებატებში“, — წერს ზურაბიშვილი.

კანდიდატი განმარტავს, რომ მზადაა დებატებში მონაწილეობა  ნეიტრალურ სივრცეში მიიღოს.

დამოუკიდებელ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პოლიტიკური ძალა უჭერს მხარს.

სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფის გამო, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით ეთერებიდან რამდენიმე საარჩევნო კლიპი მოიხსნა.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0