თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. პარტიამ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" საპრეზიდენტო კანდიდატების შანსების საკუთარი კვლევა წარმოადგინა, რომელმაც სამი ლიდერი გამოავლინა.
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოში პრეზიდენტობის 25-მა კანდიდატმა გაიარა რეგისტრაცია. პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭიროა კანდიდატმა საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის ხმების 50%-ზე მეტი მიიღოს.
შემოწირულობები საპრეზიდენტო არჩევნების წინ: დასახელდა ყველაზე „მდიდარი" პარტია>>>
„ევროპულმა საქართველომ" კვლევა ქართულ კომპანია BCG Research-ს დაუკვეთა.
მიუხედავად იმისა, რომ პარტიის კანდიდატი დავით ბაქრაძე გამოკითხვის შედეგებით პირველ ადგილზეა, გამარჯვების შანსები აქვთ ასევე ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" კანდიდატს, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ გრიგოლ ვაშაძეს და დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მხარს საქართველოს ხელისუფლება უჭერს.
ამასთან, დიდი პროცენტული მაჩვენებელია იმ ამომრჩევლების, რომლებიც საკუთარ არჩევანში ჯერ ჩამოყალიბებული არ არიან.
"შეიძლება ბევრმა თქვას, რადგან კვლევა თქვენი იყო, თქვენი კანდიდატი იმარჯვებსო, მაგრამ ეს ასე არაა. ეს კვლევა იმას გვიჩვენებს, რომ დღეისთვის სამი კანდიდატურაა, რომლებსაც პრეზიდენტად გახდომის რეალური შანსი აქვს", – განაცხადა „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერმა, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ.
მისი სიტყვებით, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი ადამიანი მივა საარჩევნო უბნებზე.
გამოკითხვის შედეგებით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
დავით ბაქრაძე – 13,2%, გრიგოლ ვაშაძე – 13%, სალომე ზურაბიშვილი – 10,2%, შალვა ნათელაშვილი – 6%, დავით უსუფაშვილი – 2,1%.
კვლევის თანახმად, საკუთარ არჩევანში ჯერ ვერ გარკვეულა გამოკითხულთა 41,2%.
კვლევა საქართველოში 10-24 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა, რომელშიც 1 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ცდომილება შეადგენს +/-2-3%-ს.