საიდან გაჩნდა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შემდეგ მაკრატელი – პროკურატურა განმარტავს

დამოუკიდებელმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ დათო სარალიძის ჭრილობები, სავარაუდოდ, მაკრატლითაა მიყენებული.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ: საქმეში მაკრატლის ან სხვა საგნის არსებობა არ დგინდება, ხორავას ქუჩაზე მაკრატელი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადას დარჩა, განაცხადეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე ფოტო- და ვიდეომასალები გაასაჯაროვეს.

რამდენიმე დღის წინ დამოუკიდებელმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა, განაცხადა, რომ დათო სარალიძის ჭრილობები, სავარაუდოდ, მაკრატლითაა მიყენებული და არა დანით, როგორც პროკურატურა ამტკიცებს.

ვისია დანა, რომლითაც დავით სარალიძე მოკლეს - საქმეში ბრიტანელი ექსპერტები ერთვებიან

აღნიშნული ფაქტის გახმაურების შემდეგ ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ პროკურატურა მტკიცებულებებს მალავს, მისი შვილის მკვლელებს კი კონკრეტული მაღალჩინოსნები მფარველობენ. მან ხალხს გვერდში დგომისკენ მოუწოდა და სამართლიანი და სრულყოფილი გამოძიების მოთხოვნით 27 მაისს თბილისში, პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქცია გამართა.

უწყებამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია პროკურატურის მიერ ნივთმტკიცებების, მათ შორის, მაკრატლის დამალვის შესახებ და აღნიშნა, რომ მოზარდების მკვლელობის ადგილიდან ამოღებულ ნივთმტკიცებათა შორის არის ერთი სამედიცინო მაკრატელი, რომელიც ადგილზე მისულ სამედიცინო პერსონალს ეკუთვნოდა.

„ეს მაკრატელი ეკუთვნოდა შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას, რომელთაც დარჩათ ეს ნივთი შემთხვევის ადგილზე შესაბამისი დახმარების გაწევის შემდგომ. აღნიშნული გარემოება დადასტურდა შემთხვევის ადგილზე მყოფი ექიმების ჩვენებით", — განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

უწყების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გარდაცვლილ მოზარდებს ჭრილობები მიყენებული აქვთ მჩხვლეტავ-მჭრელი საგნებით, რომელთაც გააჩნიათ ერთ მხარეზე ბლაგვი ყუა, ხოლო მეორე მხარეზე ლესილი პირი. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე პროკურატურა მკვლელობის იარაღად როგორც მაკრატლის, ასევე სხვა მსგავსი ბლაგვი ბოლოების მქონე საგნის გამოყენებას გამორიცხავს.

უწყება აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ორივე გარდაცვლილის სისხლის ნიმუშები, რომელთა ადგილმდებარეობამ და ლოკაციამ გამოძიებას საშუალება მისცა, დაედგინა ჩადენილი მკვლელობის კონკრეტული ადგილები.

„სარალიძის პასუხი პროკურატურას: გამოძიებამ ექსპერტიზის დასკვნა მოწმეების საუბარს მოარგო">>

პროკურატურა ამტკიცებს, რომ ორმა არასრულწლოვანმა ჯგუფურად ჩაიდინა მკვლელობა, ერთმა — ერთი მოზარდის, ხოლო მეორე არასრულწლოვანმა – ორის.

„ბრალდებულებმა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ და სრულად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ დ. ს. იყო სკოლის მოსწავლე და არასრულწლოვანი, ჯგუფურად, დანების გამოყენებით განზრახ მოკლეს იგი, ხოლო ლ. დ. ასევე მოკლულ იქნა ერთ-ერთი ბრალდებულის, გ. ბ.-ს მიერ", – აცხადებენ უწყებაში.

"ნუ მომკლავ": ათასობით ადამიანი თბილისში ძალადობას აპროტესტებდა

ასევე, უწყების ცნობით, ამოღებულია საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთები, ჯამში 22 ობიექტი, მათ შორის, ერთ-ერთი ბრალდებულის შავტარიანი გასაშლელი დანა სისხლის ლაქებით და დასამალად გადაცემული, ხელსახოცში გადახვეული ვერცხლისფერი ფიქსატორიანი დანა ერთ-ერთი გარდაცვლილის დნმ-ით. საქმეზე ასზე მეტი მოწმეა დაკითხული.

პროკურატურის ცნობით, ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული, ხოლო დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5 პირი (3 ერთი ოჯახიდან).

საქმის განხილვა ფინალურ ეტაპამდეა მისული. კვირის ბოლოს მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.