თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეზე დამოუკიდებელ, ალტერნატიულ ექსპერტიზას ბრიტანელი ექსპერტები ჩაატარებენ, იუწყება ტელეარხი Imedi.
არასრულწლოვნებს შორის სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის პირველ დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვანთა დაპირისპირებისას ცივი იარაღით დაჭრეს 16 წლის ორი მოზარდი — ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.
პირველ შეხვედრას ექსპერტები გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გამართავენ, სადაც კრიმინალისტიკური ლაბორატორია მდებარეობს. შესაძლოა, შესაბამისი სამუშაოები ექსპერტებმა, სწორედ აღნიშნულ ლაბორატორიაში განახორციელონ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 აპრილს გამართულ სხდომაზე პროკურატურამ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა წარადგინა.
საქმის პროკურორის მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნით იდენტიფიცირებულია ის დანა, რომლითაც დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. თუმცა, მედიასთან საუბრისას მას არ დაუკონკრეტებია რომელი ბრალდებულის მიერ რომელი დანითაა მიყენებული ჭრილობები.
როგორც რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ადვოკატმა განაცხადა, სამხარაულის ბიუროს მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ ვერ გასცა პასუხი კითხვას თუ რამდენი დანა იყო გამოყენებული, ვინ მიაყენა კონკრეტული დაზიანებები და ვის მიერ მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა არასრულწლოვანი.
ბრიტანელი ექსპერტები საქმეში დაცვის მხარის მოთხოვნით ერთვებიან.