ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გიორგი გიორგანაშვილს ბრალი, სავარაუდოდ, ორშაბათს დაუმძიმდება.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. გასულ წელს თურქეთიდან რეანომობილით 900 აბი ნარკოტიკის შემოტანის ორგანიზების ბრალდებით 30 მარტს დაკავებულ ირაკლი ქორიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაცვის მხარე ქორიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ კი მიიჩნია, რომ არსებობს დანაშაულის გაგრძელების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე და პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

ქორიძის ადვოკატის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

წინასასამართლო სხდომა 21 მაისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

„ბახალას“ შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს: ორგანიზებულმა ჯგუფმა ნარკოტიკი რეანომობილით შემოიტანა

ირაკლი ქორიძე  მიმდინარე წლის 30 მარტს, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. 

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულმა რეანომობილის მძღოლმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაკითხვისას აჩვენა, რომ ნარკოტიკული საშუალებები თურქეთის ტერიტორიაზე გიორგი გიორგანაშვილმა საქართველოში კონკრეტული პირისთვის ტრანსპორტირების მიზნით გადასცა. საუბარია „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილზე, ირაკლი ქორიძეზე. 

2017 წლის იანვარში ქორიძე შეუთანხმდა თავის ნაცნობებს – გიორგი გიორგანაშვილსა და ჯ. ხ.-ს, რომ მათ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ქორიძემ, გიორგანაშვილმა და ჯ. ხ.-მ დანაშაულის განხორციელების გეგმა შეიმუშავეს და როლები გაინაწილეს.

შეთანხმებისამებრ, გიორგანაშვილი ქორიძის ფინანსური დახმარებით გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც 2017 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 24 იანვრის ჩათვლით პერიოდში იმყოფებოდა. მან ამ დროის განმავლობაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ბუპრენორფინის“ შემცველი, დაახლოებით, 900 აბი ნარკოტიკული საშუალება.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს - იგივე „ბახალას" რვაწლიანი პატიმრობა შეუფარდეს

ამ ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ორგანიზების მიზნით, ქორიძემ, რომელიც 2017 წლის იანვრიდან ფაქტობრივად, დირექტორის ფუნქციებს ასრულებდა მამამისის კუთვნილ შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრში“, რომელიც პაციენტებს რეანომობილით ტრანსპორტირების მომსახურებას უწევდა, მათ შორის, საზღვარგარეთ, ამით ისარგებლა და „კატასტროფის მედიცინის ცენტრში“ რეანომობილის მძღოლად მუშაობა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ჯ.ხ.-ს დააწყებინა.

გეგმის შესაბამისად, მძღოლი 2017 წლის 23 იანვარს რეანომობილით უნდა გამგზავრებულიყო თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში, სადაც მას შეხვდებოდა გიორგანაშვილი და გადასცემდა ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლებსაც მძღოლი რეანომობილში მოათავსებდა და  შემოიტანდა საქართველოში, შემდეგ კი ქორიძეს გადასცემდა. რეანომობილის თურქეთში გამგზავრების დანაშაულებრივი მიზნის შესანიღბად, ქორიძის მითითებით მძღოლი დაუკავშირდა მათ საერთო ნაცნობს, რომელსაც რეანომობილით საზღვარგარეთ ტრანსპორტირების არანაირი სამედიცინო საჭიროება არ გააჩნდა. მიუხედავად ამისა, ქორიძემ  დაიყოლია ის 2017 წლის 23 იანვარს მძღოლს  რეანომობილით წაჰყოლოდა  ტრაპიზონში, იმ მოტივით, რომ მას თურქეთში სისხლის ანალიზს აუღებდნენ. ქორიძემ „პაციენტს“ კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმი და ექთანი გააყოლა.

„კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის" ტექნიკური მენეჯერი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

2017 წლის 23 იანვარს ექიმი, ექთანი და ხელოვნურად შერჩეული პაციენტი თურქეთის მიმართულებით გაემართნენ რეანომობილით, გზაში რეანომობილი გაფუჭდა, რის გამოც ექიმსა და ექთანს თბილისში დაბრუნება სურდათ. მიუხედავად ამისა, ქორიძემ არ დააბრუნა ისინი თბილისში და კატასტროფის მედიცინის ცენტრის ახალციხის ფილიალიდან სხვა რეანომობილი გამოიძახა. მძღოლიც არ დარჩა გაფუჭებულ რეანომობილთან და გამოძახებულ რეანომობილს თურქეთში თვითონაც წაჰყვა. 

2017 წლის 24 იანვარს ტრაპიზონში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, მძღოლი ფარულად შეხვდა გიორგანაშვილს, რომელმაც, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 900-მდე აბი გადასცა,  მძღოლმა ნარკოტიკი რეანომობილში მოთავსებულ სამედიცინო ინვენტარის ყუთში დამალა და 2017 წლის 24 იანვარს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის“ გამოვლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

ნარკოდანაშაულზე საქართველოში ირანის, სომხეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს

რეანომობილის მძღოლი შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა 24 იანვარსვე დააკავეს და მისივე მითითებით რეანომობილიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. 

„ამ დროისთვის მძღოლი უკვე მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გიორგი გიორგანაშვილს, რომელიც, ასევე, გასამართლებულია სხვა დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ირაკლი ქორიძესთან ერთად წარედგინება ბრალდება, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილით. ბოლო მუხლი ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანას გულისხმობს და 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გიორგი გიორგანაშვილს ბრალი, სავარაუდოდ, ორშაბათს დაუმძიმდება.